დღევანდელი შედეგები ხვალინდელ საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს

დღევანდელი შედეგები ხვალინდელ საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს

[ცესკოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო]
რა საკვირველიც უნდა იყოს, თურმე ყველაფერს, და მათ შორის არჩევნებსაც, აქვს დასაწყისი და ბოლო. ჩვენც, რა ხანია, ჯერ კიდევ ამა წლის მარტიდან, გიყვებით, რით დავიწყეთ ამ არჩევნებისთვის მზადება, რისკენ მივილტვოდით, რას მივაღწიეთ, რით შევხვდით არჩევნების დღეს და როგორ გადავიტანეთ იგი ბოლოს მთელ ქვეყანასთან ერთად.

ახლა ცესკოში შედეგების შეჯამების დრო მოვიდა. რასაც ყოველდღე, ყველასაგან დაუფარავად, საჯაროდ ვაცხადებდით, ვაქვეყნდებდით, ვთვლიდით და ვზომავდით, ახლა უნდა შევკრიბოთ და იმავე, უგამჭვირვალესი წესით მივაწოდოთ საქართველოს მოსახლეობას.

მოკლედ, დათვლილი გვაქვს ყველაფერი, საჩივრებიც კი, და მათზე განხორციელებული რეაგირების მაგალითებიც. ახლა მთავარია, სწორად შევკრიბოთ და შემდეგ, მიღებული შედეგებიდან, კიდევ უფრო სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.

„ამ არჩევნებმა მთელი რიგი ხარვეზები გვაჩვენა და მოვალენი ვართ, დღესვე დავიწყოთ ფიქრი მათ გამოსწორებაზე“ - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მორიგ, 15 ივნისს, სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ, ბატონმა ზურაბ ხარატიშვილმა თითქმის ყველას _ შინაურისა და სტუმრის მიერ წარმატებულად აღიარებულ არჩევნებზე და სხდომის წევრებს 2010 წლის 30 მაისის თბილისის საკრებულოს, მერისა და პარლამენტის შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა შემაჯამებელი ოქმებითურთ.

ჩვენი არაერთგზის გაკრიტიკებული საარჩევნო კანონის თანახმად, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 24-ე დღისა (23 ივნისი), ცესკო აჯამებს თბილისის საკრებულოს შედეგებს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიები, მას შემდეგ რაც დასრულდება საჩივრების განხილვა, შესაბამისი საოლქო კომისიის შედეგებს აჯამებენ. ცესკომ სხდომაზე უნდა შეაჯამოს არჩევნების შედეგები და შედგეს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ცესკო არჩევნების შედეგებს თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს. ასეთია წესი! მანამდე კი, ცენტრალური საარჩევნო კომისია ასრულებს კენჭისყრის დღის შემდეგ შემოსული საჩივრების განხილვას და მხოლოდ მას შემდეგ აჯამებს არჩევნების საბოლოო შედეგებს.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ განიხილა შემოსული საჩივრები და შემდეგ, მთელი ყურადღება საარჩევნო ოლქში და უბანზე საჩივრების განხილვის პროცეზე გადაიტანა. შესაბამისი საარჩევნო კომისია განიხილავდა ყველა საჩივარს და მხოლოდ ამის შემდეგ აქვეყნებდა მათ ვებ-გვერდზე (www.sachivrebi.cec.gov.ge)

ზემოთ აღნიშნული ზეპირად იცის ცესკოს ყველა წევრმა და თანამშრომელმა, ალბათ, მედიამაც და მაღალი პოლიტიკური მუხტის მატარებელმა საქართველოს მოქალაქეებმაც. ჩვენ კი, იმათი ინფორმირებისათვის უფრო ვირჯებით, ვისაც ამის შესახებ ჯერ არაფერი გაუგია.

მაშ ასე, მოგახსენებთ, რომ ამა წლის 15 ივნისს, პირდაპირ სხდომის შემდეგ, 13:00 საათზე, ცესკოს პრესსპიკერმა ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი გამართა. ბრიფინგი მასალის შესაბამისად, ხანგრძლივი, ციფრებით დახუნძლული და ფაქტებით გაჯერებული იყო. მათზე დეტალურად ქვემოთ მოგახსენებთ:

2010 წლის 30 მაისის არჩევნების შემაჯამებელი ოქმიდან კონკრეტულად ვიგებთ, რომ საქართველოს მასშტაბით სულ 3694 საარჩევნო უბანია. არჩევნები გაიმართა ყველა უბანზე და დათვლილია ყველა უბნის საბოლოო შედეგები.

თბილისის მერად ამომრჩეველთა 55,2%-მა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარდგენილი კანდიდატი გიორგი უგულავა აირჩია. თბილისის მერის არჩევნებში სულ 9 კანდიდატი მონაწილეობდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ჩატარდა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკო აჯამებს თბილისის პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნების შედეგებს, ხოლო, მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს აჯამებს თითოეული საარჩევნო ოლქი. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოში 25 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 52.5% - 14 მანდატი;
2. “ალიანსი საქართველოსთვის” (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) – 17.9% - 5 მანდატი;
3. “გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია–ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” – 12.05% - 3 მანდატი;
4. ,,ეროვნული საბჭო” – 8.2% - 2 მანდატი;
5. ,,თოფაძე მრეწველები” -6.2% - 1 მანდატი;

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. მათგან თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობდა 3 საარჩევნო ბლოკი და 11 პოლიტიკური სუბიექტი (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს -თბილისის საკრებულოს 2010 წლის 30 მაისის არჩევნებისთვის პარტიული სია იხილოთ ცესკოს ვებგვერდზეა განთავსებული).

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნების შედეგები თითოეულმა საარჩევნო ოლქმა შეაჯამა. ინფორმაცია გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ასევე განთავსებულია ცესკოს ვებ გვერდზე (www.cec.gov.ge)

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში (საარჩევნო კოდექსის 125 პრიმა მუხლი).

სამი საარჩევნო ოლქის საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში დეპუტატის მანდატი მაჟორიტარობის შემდეგმა კანდიდატებმა მიიღეს:

№7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი. ანდრო ალავიძე- 66.3% “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
№12 გურჯაანისა საარჩევნო ოლქი. გიორგი ჩივიაშვილი - 81% “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
№60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქი. გოჩა შანიძე - 76.3% “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა 1740652 (ამომრჩეველთა 49 პროცენტი) ამომრჩეველმა მიიღო. თბილისში 981,505 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 457,903 (46.7%) გამოცხადდა.

2010 წლის 30 მაისის არჩევნებს 13 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდებოდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში 36 ადგილობრივი, 28 საერთაშორისო და 54 მედია საშუალება გაატარა.

არჩევნებს, ზოგადად, ისიც ახასიათებს, რომ მასში მეტად თუ ნაკლებად წარმატებულ პარტიებს სახელმწიფო თავისი ბიუჯეტიდან აფინანსებს. კანონით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, გაიგოს, როგორ ფინანსდება ესა თუ ის პარტია, როგორ მოახმარს იგი მოპოვებულ რესურსებს საკუთარ ორგანიზაციულ განვითარებას, რათა საბოლოო ჯამში, ეს თანხები საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეს მოხმარდეს. ამისათვის საჭიროა, დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე ყველას მიუწვდებოდეს ხელი.

ქვემოთ ზუსტადაა მითითებული 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად პარტიათა დაფინანსების ზუსტი მონაცემები - პოლიტიკური პარტიის დასახელება და წლიური დაფინანსების მოცულობა (ლარებში).

1. რესპუბლიკური პარტია – 133 702,50
2. ახალი მემარჯვენეები (ახლები) – 133 702,50
3. ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები133 702,50
4. საქართველოს გზა – 133 702,50
5. თოფაძე-მრეწველები – 256 956,00
6. პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრობა” – 1 757 240,50
7. საქართველოს კონსერვატიული პარტია – 157 626,50
8. ხალხის პარტია – 157 626,50
9. მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” – 157 626,50
10. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – 401 123,50
11. ჩვენ თვითონ – 201 123,50
12. ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია201 123,50
13. ლეიბორისტები – 391 338,00
14. ქართული დასი – 86 607,50
15. მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის – 79 407,50
16. ეროვნული ფორუმი – 79 407,50
17. თავისუფლება – 86 607,50