ორაკლი ოქრუაშვილის 25 მაისს საქართველოში ჩამოსვლა მორიგი ცრუ დაპირება აღმოჩნდა. “ქართული პარტიის” დაანონსებული რევოლცია, რომელიც ასევე 25 მაისს იწყებოდა, მხოლოდ ანონსად დარჩა. გუშინ “ქართულმა პარტიამ” განაცხადა, რომ ისინი იმის გამო, რომ ნინო ბურჯანაძესთან ვერ შეთანხმდნენ, საკუთარ გეგმებს და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადაყენებას მხოლოდ გვერდით დებენ, რათა ნინო ბურჯანაძეს ხელი არ შეუშალონ. ბურჯანაძე კი მათ ამ გადაწყვეტილებას შიშის გამოვლინებას და სიმხდალეს უწოდებს.
ქართველ პოლიტიკოსებს და პოლიტოლოგებს “ქართული პარტიის” განცხადების არ სჯერათ. ისინი ფიქრობენ, რომ პარტიის წევრებმა საკუთარი მარცხი რამდენიმე დღით ადრე დაინახეს და უკან ამიტომაც დაიხიეს. “რეზონანსი” შეეცადა, პარტიის ლიდერებთან ინტერვიუ ჩაეწერა, მაგრამ ისინი 25 მაისამდე დუმილის რეჟიმში არიან და მედიასთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტენ.
გუშინვე მას შემდეგ, რაც “ქართულმა პარტიამ” განაცხადა, რომ ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლა “გადააფიქრებინეს”, თავად ოქრუაშვილმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც მორიგ დაპირებას იძლევა და ამბობს, რომ ბრძოლას მარტო დაამთავრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიაში განხეთქილებაა, მაგრამ კონკრეტულად რა ხდება, ამის გაგება, “ქართული პარტიის” წევრების დუმილიდან გამომდინარე, 25 მაისამდე ვერ ხერხდება.
“ძალიან მიმძიმს ეხლა საუბარი. დანა რომ დამარტყან, სისხლი არ გამომივა. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შემიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ეს ერთხელ 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ეგრეთწოდებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჩემი საქართველოში დაბრუნება უარყოფითად შეაფასა. ხელისუფლების რიტორიკა, რითაც ხალხს აშინებდნენ, თითქოსდა ცხინვალის გავლით რუსული ტანკებით უნდა დავბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა და იმედი მაქვს, ხალხი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს. მათი სურვილია, ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდონ, თანაც თვითონ სუფთა გამოვიდნენ ამ საქმიდან. ამის შემდეგ მე უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე.
იმას, რაც დღეს ხდება, ერთი სიტყვით ღალატი ჰქვია - ხალხის ღალატი. მათ სინდისზე იყოს იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც მათი საქციელის გამო ხელისუფლება გააუბედურებს. მათთვის პოლიტიკა ბიზნესია და მეტი არაფერი. მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, პოლიტიკიდან სამუდამოდ წავალ.
ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩათვალა, რომ გული ვატკინე. არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი წინაა!”, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში.
ოქრუაშვილის ამ განცხადებას ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციაზე გამოეხმაურა. ბურჯანაძის თქმით, ოქრუაშვილმა იგივე გააკეთა, რაც 2009 წლის აპრილში, როდესაც ხალხს საქართველოში ჩამოსვლას პირდებოდა. როგორც “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი აცხადებს, “სახალხო კრება” თავიდანვე ამბობდა, რომ თუ ოქრუაშვილის ჩამოსვლის უკან დგას რაიმე კავშირი რუსეთთან, სამხედრო ძალასთან და იარაღთან, “სახალხო კრება” გაემიჯნებოდა ამ პროცესს.
“რა უნდა გიჭირდეს კაცს იმის ფასი, რომ შენი სიტყვის პატრონი არ იყო და შენი მშიშრობა და ლაჩრობა ქალს გადააბრალო, მაშინ როცა იცი, რომ არც აპირებდი ჩამოსვლას, არც ფიქრობდი კომფორტული ადგილიდან ფეხის მოცვლას, თუ უნდა ჩამოვიდეს, მერას მითანხმებს?!”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, დღეს სააკაშვილზე უფრო საშიში არის გულგრილობა და მშიშარა ადამიანი და გაცილებით უფრო დამნაშავე იქნებიან ის ადამიანები, ვინც გულგრილობას გამოიჩენენ და არგამოხატავენ თავის პროტესტს. ბურჯანაძის განცხადებით, საბოლოოდ დადასტურდა მისი ეჭვები იმის შესახებ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი და ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლების თამაშს თამაშობენ. “თუმცა, მე ძალიან მიკვირს, თუ რატომ არის ამ გაუგებრობაში სოზარ სუბარი”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ოქრუაშვილის თბილისში კიდევ ერთხელ გადადებული ვიზიტის შესახებ საზოგადოებას “ქართული პარტიის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ამცნო. მან ასევე აუწყა საზოგადოებას, რომ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი აქციასაც აღარ გამართება.
“განსაკუთრებით მძიმე იყო ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, მაგრამ ეს იყო ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა და ის იძულებული გახდა, დამორჩილებოდა პარტიის პოზიციას”, - აღნიშნა სუბარმა. ამის მიზეზი კი, სუბარის თქმით, სახალხო კრებასთან პოზიციების შეუჯერებლობა გახდა.
“მიგვაჩნია, რომ ერთმანეთის პარალელურად ორი აქციის გამართვით საზოგადოებაში დაბნეულობას შევიტანთ, ამიტომ, მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, ჩვენ გავაუქმებთ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილ აქციას და, შესაბამისად, “სახალხო კრებას” და ნინო ბურჯანაძეს ხელს არ შევუშლით მათი გეგმების განხორციელებაში”, - განაცხადა სუბარმა.
გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული პარტიიდან” ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე წავიდნენ, რასაც სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი კატეგორიულად უარყოფენ. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად გადაწყვეტილებისა, რომ 25 მაისს, ავლაბრის მოედანზე “ქართული პარტიის” ორგანიზებით აქცია აღარ გაიმართოს და სახალხო კრებასთან პოზიციების ვერ შეჯერებისა, პარტიის ნებისმიერ წევრს აქვს სრული თავისუფლება, საკუთარი შეხედულების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება - მივა თუ არ ააქციაზე.
ნონა გაფრინდაშვილიც ფიქრობს, რომ ოქრუაშვილის ჩამოსვლის თემა ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. მისი თქმით, “ქართული პარტიას” ხელისუფლებასთან შეთანხმებით სურდა, ამ თემის სახალხო კრებასთან დაკავშირება, რათა კრების აქციებისთვის რუსული ხასიათი მიეცათ. თუმცა, ნონა გაფრინდაშვილის თქმით, მათ ეს არ გამოუვიდათ და ამიტომ აქციებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
“ნამუსი აქვს საერთოდ ამ ხალხს? ჩვენ ისევ ჩვენი გზით მივდივართ და ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინეს. ხალხს შეუძლია ამ ყველაფრიდან თავისი დასკვნა გააკეთოს. ვფიქრობ, რომ “ქართული პარტია” თავადაც არ არის ერთიანი. როცა პარტიამ 25 მაისის აქციებზე განცხადება გააკეთა, ნახევარ საათში გაჩეჩილაძე და გუნცაძე ჩვენ შემოგვიერთდნენ და ჩვენ მათ ხელს ვერ ვკრავდით. სწორედ ამის შემდეგ მოვიდნენ სუბარი და კიწმარიშვილი. ეტყობა, იძულებული გახდნენ”, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, იმ დღესვე კრების ლიდერებმა “ქართულ პარტიას” სთხოვეს, ხალხით შეშველებოდნენ, თუმცა როგორც ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, “ქართული პარტიის” წარმომადგენლებმა მათ ას კაცზე მეტის მიყვანის პირობა ვერ მისცეს.
“ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენ ისინი ვერაფრით შეგვეშველებოდნენ, ხოლო ის, რომ გაჩეჩილაძე და გუნცაძე სუბართან და კიწმარიშვილთან ერთად დღეს არ იყვნენ, იმაზე მეტყველებს, რომ ამათ ისინიც გადააგდეს. თუ ღირსება აქვთ, გამოვიდნენ და დააფიქსირონ”, - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
ოქრუაშვილის თბილისში ჩამოსვლის საკითხს ირაკლი ბათიაშვილიც ეხმიანება.
“თუ ირაკლი ოქრუაშვილს ჩამოსვლის თავი არ აქვს, აღარც უნდა თქვას. სირცხვილია და სასაცილო კაცებისგან ასეთი ლაპარაკი, როცა ამბობენ, ამის მიზეზი ნინო ბურჯანაძესთან შეუთანხმებლობააო, მაინტერესებს, როდის ვათანხმებდით ჩვენ რამეს ირაკლი ოქრუაშვილთან”, - განაცხადა ბათიაშვილმა.
“ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის აზრით, კი “ქართულმა პარტიამ” საკუთარ თავს პოლიტიკურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა”.
“ქართულმა პარტიამ” საკუთარ თავს პოლიტიკურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რადგან გადაიჭრა ის არტერია, რითაც იგი აქამდე იკვებებოდა”, - განუცხადა ლევან ვეფხვაძემ.
კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ოქრუაშვილის და “ქართული პარტიის” განცხადებები არასერიოზულიდა არადამაჯერებელია.
“ოქრუაშვილის განცხადება, რომ 25 მაისს ხელისუფლებას დაამთავრებდა, ახლა კი მისი არგუმენტი, რომ “სახალხო კრებასთან” ვერ მოილაპარაკა და ამიტომ ამბობს ამ გეგმის განხორციელებაზე უარს, ძალიან არადამაჯერებელია. ასევე ის ფაქტი, რომ “ქართული პარტია 25 მაისამდე დუმილის რეჟიმში რჩება ესეც. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ 22 მაისიდან - 25 მაისამდე რევოლუციური მუხტი არ შეიცვლებოდა და რაღაც სასწაული არ მოხდებოდა. აქამდე უნდა გაერკვიათ, რევოლუციური მუხტი იყო თუ არ იყო, ახლა ამის აღმოჩენა ძალიან გვიანია. მათი ამ ნაბიჯებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სამართლიანი არჩევნები ერთადერთი სწორი არჩევანია”, - განუცხადა “რეზონანსს” ზვიად ძიძიგურმა.
“ახალი მემარჯვენეების” წევრი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომის შედეგი, რაც დადგა, მისთვის წინასწარ იყო ცნობილი და ისიც იცოდა, რომ ოქრუაშვილი თბილისში ჩამოსვლას ვერ გაბედავდა.
“ვიცი, რომ გადაჭარბებული ბაქი-ბუქის უკან არაფერი არ დგას ხოლმე. საერთოდ ამ ბაქი ბუქის და ხელისუფლებიდან წამოსული მარგინალი პირების ოპოზიციაში გადასვლის დრო წავიდა. რაც შეეხება “ქართულ პარტიას”, ისინი კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს ამ თავისი დაუდევარი ნაბიჯებით და დაპირებებით საზოგაადოება. მათ უნდა გააანალიზონ, რა ხდებამათ რიგებში საერთოდ”, - განაცხადა “რეზონანსთან” საუბრისას ფიქრია ჩიხრაძემ.
ეკა ბესელიამ ოქრუაშვილსა და “ქართულ პარტიაზე” კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
“ეს პოლიტიკური ძალა ყურადღების ცენტრში სწორედ გააქტიურების და რევოლუციაზე საუბრის მერე მოექცა, მაგრამ მათი დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ თუ მომავალში ისინი მსგავს განცხადებებს გააკეთებენ, მათ აღარავინ დაუჯერებს. მათ პოლიტიკაში პერპექტივა მოისპეს ამ საქციელით. ან არ უნდა დაიძახო, მოვდივარო ან მერე უნდა მიხვიდე, თუნდაც თავი გაგიტყდეს. რაც შეეხება გაჩერების მიზეზს, ეს მხოლოდ მერაბიშვილის შიში, არა მგონია, იყოს, მაინც მგონია, რომ ბევრმა ფაქტორმა ერთდროულად ითამაშა მათ გადაწყვეტილებაზე.
“ოქრუაშვილი საფრანგეთი საქართველოში ჩამოსვლის მერე პოლოიტიკურ თავშესაფარს უხსნიდა, ამიტომ ის დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ხელისუფლებას შეცვლიდა და ამ პროცესში გაემარჯვებდა და ეტყობა, გამარჯვების განცდა არ ჰქონდა. ეს განცდა არ ჰქონდა იმიტომ, რომ ხალხის მობილიზაცია არ იყო ისეთი, როგორიც უნდოდა. ჩათვალა, რომ მისი ჩამოსვლას და ამხელა რისკზე წასვლას აზრი არ ჰქონდა”, - განუცხადა “რეზონანსს” რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი მსგავს ცრუ დაპირებებში აქამდეც შემჩნეული იყო.
“ის მუდმივად შემჩნეული იყო ცრუ დაპირებებში. იგივე მინისტრობის დროს გაკეთებული განცხადება, რომ 2007 წლის ახალწელს ცხინვალში შეხვდებოდა, იყო მორიგი ცრუ დაპირება. შესაბამისად, იმედია, გონება ყველას აქვს, რომ შეაფასოს ოქრუაშვილის საქციელი”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. ვიდრე ოქრუაშვილმა 25 მაისს, საქართველოში ჩამოსვლას გადაიფიქრებდა, მან 2 დღით ადრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა.
“იმ დღიდან, რაც მე საქართველოს ტერიტორიაზე დავდგამ ფეხს, საფრანგეთში პოლიტიკურ თავშეფარს ვკარგავ, მე ვიჭრი უკან დასახევ გზას; მოვუწოდებ ხალხს, მოვიდნენ 25 მაისს, რათა ქვეყანას ღირსეული მომავალი დავუბრუნოთ. მერაბიშვილს 25-ში დიდი გამოცდა ექნება ჩასაბარებელი; მითი მისი უძლეველობის შესახებ შეიძლება ერთ დღეში დასრულდეს”, - ამბობდა ოქრუაშვილი, შესაბამისად ამ მუქარა ნარევი დაპირებების, შემდეგ თუ რატომ გადაიფიქრა მან საქართველოში ჩამოსვლა, ან რატომ დუმს “ქართული პარტია”, საეჭვო საკითხია და ვიდრე საზოგადოება ამაზე დასაბუთებულ პასუხს არ მიიღებს, ეს კითხვები მანამადე იარესებებს.