[ეკა ბაქრაძე]
საქართველოს მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაა, ზუსტად ამდენივე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა უმუშევრობაა. ასეთ ფონზე მთავრობაში ამტკიცებენ, რომ შარშან უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა.
ნიკა გილაურის ინფორმაციით, საქართველოში, 2010 წლის შედეგებით, უმუშევრობის მაჩვენებელი 16,9%-დან 16,3%-მდე, ანუ 0,6%-ით შემცირდა. პრემიერის შეფასებით, კარგია, რომ უმუშევრობა მცირედით მაინც შემცირდა, ეს არ არის დიდი მაჩვენებელი, თუმცა პოზიტიური სიგნალია. მისი პროგნოზით, უმუშევრობის მაჩვენებელი მომდევნო თვეებში კიდევ უფრო შემცირდება.
ოფიციალური სტატისტიკით, უმუშევრობა 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, 0,4%-ით გაიზარდა და 16,9% შეადგინა. თუ ამ მონაცემს გასული წლების მაჩვენებელს შევადარებთ, სტატისტიკა კიდევ უფრო უარესდება. 2007 წლის შემდეგ უმუშევართა რაოდენობა 3,6%-ით, ხოლო 2004 წლის შემდეგ 4,3%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში დასაქმებულთა დიდი ნაწილი კი თვითდასაქმებულებზე მოდის. სტატისტიკას დასაქმებულად სოფლად მცხოვრებთა 82,5% მიაჩნია მაშინ, როცა ქალაქში სამუშაო მოსახლეობის მხოლოდ 32%-ს აქვს.
ამ დროს, სოციოლოგიური კვლევები სხვა სურათს წარმოგვიდგენენ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, სოციალური პრობლემები საქართველოს მოსახლეობისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.
მთავარი პრობლემების ჩამონათვალში ამ მხრივ კვლავ ტერიტორიული მთლიანობა ლიდერობს, რომელიც გამოკითხულთა 52%-მა დაასახელა, თუმცა უმუშევრობა ამ საკითხს მნიშვნელობით მხოლოდ რამდენიმე პროცენტით ჩამოუვარდება, ისევე, როგორც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სხვა სოციალური ხასიათის პრობლემები.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მთავარ პრობლემად უმუშევრობას გამოკითხულთა 48% ასახელებს, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხს კი - 46%.
აღსანიშნავია, რომ ადრე საქართველოში ჩატარებულ სხვადასხვა სოციოლოგიურ გამოკითხვებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი სხვა პრობლემურ თემებს მნიშვნელოვნად უსწრებდა.
ექსპერტი ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ უმუშევრობის მაჩვენებლის 0,6 პროცენტით კლება სტატისტიკურად არსებით ცვლილებას არ წარმოადგენს და არ გამოვრიცხავს, რომ ეს სეზონური რყევიდან გამომდინარეობდეს, რადგან უმუშევრობისა და დასაქმების მაჩვენებელზე დიდია სეზონური ეფექტის გავლენა.
„შსო-ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია) კრიტერიუმით, უმუშევრობის დონე ითვლება არა მხოლოდ მთლიანი მოსახლეობიდან, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან. შსო-ს კრიტერიუმით დასაქმებულად ითვლება ყველა ის, ვინც გამოკითხვის წინა შვიდი დღის მანძილზე თუნდაც ერთი საათით იყო დასაქმებული ფულადი ან ნატურალური შემოსავლის მიღების მიზნით. უმუშევრად ითვლება ის, ვინც გამოკითხვის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათითაც კი არ იყო დასაქმებული, მზად იყო მუშაობისათვის და აქტიურად ეძებდა სამუშაოს.
ამ უმკაცრესი კრიტერიუმით უმუშევრობის 16-პროცენტიანი ნიშნული საკმაოდ და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მაღალია. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ საქართველოში დასაქმების სტრუქტურის სპეციფიკას, სადაც შსო-ს კრიტერიუმის მიხედვით დასაქმებულთა ნახევარზე მეტს საკუთარ ეზოში თვითდასაქმებულები წარმოადგენენ.
ყოველივე ამის გათვალისწინებით და „არასრული დასაქმების“ და „ფარული უმუშევრობის“ ცნებების გამოყენებით, თავისუფლად შეიძლება ვისაუბროთ, რომ უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია“, - განმარტავს ნოდარ კაპანაძე.