თანდათან ირკვევა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი თითქმის ყველაფრის გაძვირებას გამოიწვევს. ფინანსთა მინისტრი აღიარებს, რომ მოიმატებს ალკოჰოლური სასმელების ფასი, ოპოზიცია სამედიცინო მომსახურების გაძვირებაზე საუბრობს. ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე განათლების გადასახადის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას, ფიჭური კავშირგაბმულობის დღგ-თი დაბეგრვა კი მობილური ტელეფონზე საუბარს გააძვირებს. ერთი სიტყვით, ძნელად თუ მოიძებნება სფერო, სადაც ფასების მატების პერსპექტივა არ ილანდება.
საპარლამენტო უმცირესობაში დარწმუნებულნი არიან, რომ დარწმუნებულია, რომ ახალი საგადასახადო გადაწყვეტილებები, სამედიცინო მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონმდებლობით მხოლოდ სამედიცინო ტექნიკის მიწოდება იბეგრება და არა მომსახურება, დეპუტატ ლევან ვეფხვაძის აზრით, ტექნიკის მიწოდების გაძვირება, მომსახურების გაძვირების პირდაპირპროპორციულია.
მისი თქმით, თუ საავადმყოფოს მაღალ ფასში მოუწევს ტექნიკის შეძენა, ის იძულებული იქნება, მომსახურება გააძვიროს, ან შესაძლებელია საავადმყოფომ ტექნიკის განახლებაზე აღარ იზურნოს და კლიენტებს ძველი აპარატიურით მოემსახუროს.
ახალი გადაწყვეტილების შედეგად, მომსახურება იაფი იქნება იქ, სადაც ძველი აპარატურაა, რაც საბოლოოდ ქვეყანაში არსებულ სამედიცინო მომსახურების მდგომარეობას მხოლოდ და მხოლოდ გააუარესებს.
მართალია, ამ საკითხში ვეფხვაძემ ფინანსთა მინისტრის დარწმუნება ვერ მოახერხა, სამაგიეროდ, ბაინდურაშვილმა აღიარა, რომ ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის გაორმაგება მის გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა მხოლოდ მცირედით...
კომიტეტის სხდომაზე, ახალი “საგადასახადო კოდექსის” პროექტის განხილვისას, მინისტრმა სამაგალითოდ 15-ლარიანი არაყი მოიშველია. ბაინდურაშვილის მტკიცებით, ამ ღირებულების ალკოჰოლური სასმელი მხოლოდ მხოლოდ 50 თეთრით გაძვირდება.
”საქართველოში ალკოჰოლური სასმელები, მსოფლიოს მასშტაბით, საშუალოზე დაბალი გადასახადებით იბეგრება. ზოგადად კი, საგადასახადო პოლიტიკის თვალსაზრისით, სინგაპურისა და არაბთა საემიროების შემდეგ, საქართველოში ყველაზე დაბალი გადასახადებია”, - განაცხადა ბაინდურაშვილმა.
რადგან სინგაპურზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქ უკვე უმრავლესობის დეპუტატებმაც ამოიდგეს ენა. კახა ოქრიაშვილი, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში დარწმუნებულა, რომ ახალი კოდექსი ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუშლის.
მისი აზრით, პროექტის თანახმად, მიკრო ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლება პროგრესული გადაწყვეტილებაა, თუმცა იმ კომპანიებისთვის მაღალი გადასახადების დაწესება, რომლებსაც მაღალი მოგება აქვთ, მიუღებელია.
ოქრიაშვილის განცხადებით, საქართველო მაღალრისკიანი ქვეყანაა და თუ ხელისუფლებას ინვესტიციების მოზიდვა სურს, მსხვილ ბიზნესზე დაბალი გადასახადები უნდა დააწესოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტორები 2-პროცენტიანი მოგებისთვის საქართველოში ფულს არ ჩადებენ და როგორც ოქრიაშვილს მიაჩნია, ინვესტიციას სხვა ქვეყანაში ჩადებენ, თუნდაც სინგაპურში და არა საქართველოში.
მოკლედ, ყველას თავისი გაჭირვებია. ახალი კოდექსის სამუშაო ვარიანტმა სულ 4-5 დღეა რაც დღის სინათლე იხილა და ყველას თავისი კუდი აეწვა.
ყოფილ მაღალჩინოსანსა და ამჟამად საგანმათლებლო ბიზნესში გადახვეწილ კახა ბენდუქიძეს კი მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა არ ასვენებს. როგორც კი ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ახალი საგადასახადო კოდექსი იხილა, იმ წუთას გული დაუთუთქა მომავალი სტუდენტების მძიმე ხვედრმა. იგი უმაღლესი სასწავლებლების დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შემდეგ სწავლის გაძვირებას გარდაუვლად მიიჩნევს.
ბენდუქიძე, რომელიც ამჟამად “თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებლად იწოდება, მიიჩნევს, რომ დღგ-თი დაბეგვრა არა მხოლოდ კერძო, არამედ სახელმწიფო უმაღლესებსაც შეეხება. შედეგად ბენდუქიძის შეფასებით, უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა შემცირდება.
”თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელს უჭირს კომენტარი რამდენად სწორი იყო უმაღლესების დღგ-თი დაბეგვრა. თუმცა ამბობს, რომ ეს კონკურენციას გაზრდის: უმაღლესები შეეცდებიან სტუდენტებს სხვადასხვა სერვისები შესთავაზონ. ასევე გამორიცხული არ არის მათი გაერთიანებაც.
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები კი ჯერჯერობით მომსახურეობის გაძვირებაზე არ საუბრობენ. თუმცა, მათი მადიდან გაომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, რომ გიგანტმა კომპანიებმა ბაინდურაშვილისაგან ბოძებული შანსი ხელიდან გაუშვან და ტარიფი არ გაზარდონ.