ნოდარ ჯავახიშვილი:

ნოდარ ჯავახიშვილი: "ვინმეს თუ ჰგონია, რომ EBRD-ის მიერ ლარში გამოყოფილი სესხი საზოგადოებაში ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობას აღადგენს, ძალიან შემცდარა"

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ე.წ. "ლარიზაცია", ანუ ეროვნული ვალუტის ფულადი ბაზრის განვითარება და "დოლარიზაციის" შემცირება დაისახა მიზნად. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი კი სებ-ის მიერ აღებულ კურსს იმთავითვე აკრიტიკებდნენ და ე.წ. "ლარიზაციის" შედეგების შესაძლო მინუსებზე საუბრობდნენ. მაგრამ გადის ერთი წელი და სებ-მა საკუთარი პრიორიტეტის შესრულება კი არა, მისი არსებულ დონეზე შენარჩუნებაც ვერ შეძლო და თუ გასული წლის პირველი აპრილისთვის დოლარიზაციის მაჩვენებელი 71.3%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 72.3%-ით განისაზღვრა. 

მართალია, ამ ორ მონაცემს შორის განსხვავება არც თუ ისე დიდია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით დოლარიზაციის კოეფიციენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კერძოდ კი გასული წლის სექტემბრის თვეში, 75.3%-მდეც კი გაიზარდა.

მიმდინარე წლის I კვარტალში საბანკო სექტორში განთავსებული ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 37,5 მლნ ლარით (1,4%) გაიზარდა და 2,679 მლრდ ლარით განისაზღვრა (01/01/11 - 2,641 მლრდ ლარი).

საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 1,7%-ით შემცირდა (01/01/11 - 477 მლნ ლარი), უცხოური ვალუტით კი 2,1%-ით, 2,210 მლრდ ლარამდე გაიზარდა (01/01/11 - 2,164 მლრდ ლარი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პორტფელში ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების წილი (468,9 მლნ ლარი) 17,5%-ს არ აღემატება (01/01/11 - 18%).

მას შემდეგ, რაც ევრობანკი და სავალუტო ფონდი სებ-ის მიერ ერთი წლის წინ გამოცხადებული დედოლარიზაციის პროგრამის უშედეგობაში დარწმუნდნენ, საქართველოს მიერ დოლარზე უარის თქმას დაუჭირეს მხარი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში განაცხადეს, რომ ამიერიდან საქართველოს დახმარებას მხოლოდ ლარში გამოუყოფენ.

საქართველოში EBRD-ის მთავარი ბანკირის, ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, ევრობანკი ჩვენი ქვეყნის ლარში დაკრედიტებას აქამდეც აქტიურად უჭერდა მხარს. თუმცა ახალი პროგრამა ე.წ. "ლარიზაციის" ახალ მასშტაბებს გულისხმობს. მექვაბიშვილის თქმით, პროგრამაში არამხოლოდ ბანკები, არამედ მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევოები და კერძო კომპანიები ჩაერთვებიან და საშუალება ექნებათ EBRD-სგან გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი ლარში მიიღონ.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტისთვის, ნოდარ ჯავახიშვილისთვის გაუგებარია EBRD-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას რა უდევს საფუძვლად. მისი თქმით, EBRD-ს ლარის რესურსი არ შეიძლება ჰქონდეს.

"საქართველოსთვის ლარში გამოყოფილი კრედიტი ნიშნავს იმას, რომ EBRD-მა საქართველოს ბაზარზე ლარი იყიდოს და შემდგომ მასვე მისცეს სესხად. ნამდვილად ვერ ვხვდები, რა განსხვავებაა დოლარში გამოგვიყოფს იგი სესხს თუ ლარში? EBRD-მა საქართველოში დოლარი ხომ უნდა შემოიტანოს იმისთვის, რომ ლარი იყიდოს და შემდეგ სესხი მოგვცეს? ამას რა მნიშვნელობა აქვს? ეს ბაზარზე თანაფარდობას არ შეცვლის. ვინმეს თუ ჰგონია, რომ EBRD-ის მიერ ლარში გამოყოფილი სესხი საზოგადოებაში ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობას აღადგენს, ძალიან შემცდარა", - აღნიშნავს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ჯავახიშვილი. 

ჯავახიშვილის განმარტებით, საქართველოში დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირება მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ვალუტისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებითა და სტაბილური ვალუტით შეიძლება მოხდეს.

"ქართულ საზოგადოებას, მეწარმეებს და მოსახლეობას ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ აძლევს იმის გარანტიას, რომ ლართან ურთიერთობა მყარი იქნება და არა საშიში. ესაა მთავარი, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობას მყარი ვალუტა აღადგენს. დავანებოთ იმას თავი, სტაბილურია ეროვნული ვალუტა თუ არა, რაღაც ეტაპზე სტაბილურიც რომ იყოს, როცა საზოგადოებამ იცის, რომ ეროვნულ ბანკს მყარი პოზიციები და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგიები არ აქვს, ამასთან დამოკიდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და მათ შორის პრეზიდენტზე, არცერთ შემთხვევაში ლარისადმი რწმენა საზოგადოებაში არ გაძლიერდება", - საუბრობს ნოდარ ჯავახიშვილი. 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი კოვზანაძეც საქართველოში დოლარიზაციის შემცირების თითქმის ერთადერთ საშუალებად ლარის მიმართ რეალური ნდობის ჩამოყალიბებას მიიჩნევს. მისი თქმით, ლარიზაცია გრძელვადიანი პროცესია, რადგან საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაცია ისტორიულია.

"ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციები, გაცემული კრედიტები, დეპოზიტები მეტყველებენ არა მარტო ზოგადად ეკონომიკის საერთო მდგომარეობასა და მის დინამიზმზე, არამედ, ეროვნული ვალუტისადმი ქვეყნის მოსახლეობის, საქმიანი წრეებისა და ინსტუტუტების ნდობაზე. 2008 წლის აგვისტოს ომმა სერიოზულად შეაფერხა ეკონომიკის, დეპოზიტებისა და კრედიტების ლარიზაციის პროცესი. ზოგადად კი, ლარიზაცია არის მიმართული ქმედებები საბანკო სექტორის დედოლარიზაციისკენ. პრაქტიკულად, როდესაც ჩვენ დეპოზიტების 70%-ზე მეტი გვაქვს უცხოურ ვალუტაში და კრედიტების 76-77%-ზე მეტი ასევე უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, ამის წინააღმდეგ ბრძოლის ერთი საშუალება არსებობს, - ესაა ლარის მიმართ რეალური ნდობის ჩამოყალიბება, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას და მის ბაზაზე ეროვნული ვალუტის კურსის პროგნოზირებას. ეს ასევე გრძელვადიანი პროცესია, რადგან საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაცია ისტორიულია.

თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მთელი დეპოზიტების, დავუშვათ, 70-75% არის უცხოურ ვალუტაში, მაგრამ ფიზიკური პირების დეპოზიტებს თუ აიღებთ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ამიტომ აუცილებელია ლარის კურსის მკვეთრი რყევები თავიდან იქნას აცილებული. თუმცა, ამჟამინდელი ლარის გამყარების პროცესი ლარიზაციას ხელს უწყობს. 

2008 წლის ნოემბერში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ ერთბაშად 16%-ით დაეცა და 1.42-დან 1.65-ის მაჩვენებელს მიაღწია; 2010 წელს ლარი ჯერ დაეცა 1.69-დან 1.88-მდე, ხოლო შემდეგ კვლავ გამყარდა 1.63-მდე. ეს პროცესები მოსახლეობის ცნობიერებასა და მეხსიერებაში ნეგატიურად არის დალექილი. ამდენად, ამოცანა, რომელიც ლარიზაციის წახალისებას გულისხმობს, საკმაოდ სერიოზულია და ამ კუთხით ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევა მოუხდება. ამ გზაზე კი, უმთავრეს პირობად მე კურსის მკვეთრი ცვლილებების თავიდან აცილება მიმაჩნია", - აღნიშნავს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი კოვზანაძე.

როგორც ჩანს, მთავრობის მესვეურთ "ლარიზაციის" არსი სწორად არ ესმით, რადგან ეს პროცესი ქვეყანაში მხოლოდ დოლარის მიმოქცევის შეზღუდვით წარმატებული ვერ გახდება. ამ ფონზე, რატომ უნდა აუკრძალოს ვინმემ, თუნდაც EBRD-იმ ან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ კომერციულმა ბანკებმა დოლარით დაკრედიტება შეამცირონ და რატომ უნდა შეიზღუდონ კომერციული ბანკები თავიანთ საქმიანობაში?

"კრიტიკას ვერ უძლებს იმის მცდელობა, რომ ბანკებს ან კერძო პირებს მიუთითონ, თუ რომელი ვალუტით გასცენ სესხები ან მოახდინონ დანაზოგები. ასეთი ტიპის შეზღუდვა ჩვენ ფორმალურად გადაგვაგდებს უკან ნებისმიერ სერიოზულ საერთაშორისო რეიტინგში, რომელიც იკვლევს ბიზნესგარემოს, და, მეორე მხრივ, ეკონომიკური ნონსენსი იქნება, რადგან გაიზრდება ასეთი კრედიტების ფასი, ანუ პროცენტები გაიზრდება და გაჩნდება არალეგალური ბაზარი. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი აგრძელებს ტრადიციას და იგონებს სამსახურს თავისთვის", - საუბრობს "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს პრეზიდენტი პაატა შეშელიძე.

"ლარიზაციის" წარმატებას, როგორც უკვე ეკონომიკის ექსპერტებმა განმარტეს, მხოლოდ ეროვნული ვალუტისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება განაპირობებს, რაც თავისთავად წარმართვადი პროცესია, ვიდრე ხელოვნური. ხოლო "ლარიზაციის" გაზრდას, არც არავინ ვარაუდობდა იმ ქვეყანაში, სადაც ორნიშნა ინფლაციაა, ერვნული ვალუტა კი არასტაბილური. შესაბამისად, ქვეყანაში, სადაც მაკროეკონომიკრი სტაბილურობა არ არსებობს, დედოლარიზაციაზე საუბარი ნაადრევია. სწორედაც არასტაბილური ეროვნული ვალუტისა და ორნიშნა ინფლაციის შედეგია ის, რომ გასულ წელს საქართველოში დოლარიზაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა.