როდესაც მაგიდაზე დევს პუტინის გადმოგზავნილი ტექსტი...

როდესაც მაგიდაზე დევს პუტინის გადმოგზავნილი ტექსტი...

როგორც პროცესები აჩვენებს, წინ საკმაოდ ცხელი პოლიტიკური ზაფხული გველოდება. რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელი დესტაბილიზაცია ოფიციალურად დაანონსა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, რეგიონში დაძაბული სიტუაციის ფონზე არსებობს საფრთხე, რომ სამხრეთ კავკასიაში სირიის მსგავსი კრიზისი დაიწყოს. მეტიც, სერგეი შოიგუს აზრით ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, ამ საფრთხისთვის კრემლში ემზადებიან.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ სწორედ პუტინის აზრი შეიძლება დავინახოთ თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებაში და როგორც ჩანს, კრემლში მიაჩნიათ, რომ სამხერთ კავკასიას უფრო ადვილად ჩაიგდებენ ხელში.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

ისეთი კრიზისული სიტუაცია, როგორიც სირიაშია, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში გამეორდეს“, - ასეთია რუსეთის თავდაცვის მინისტრის პროგნოზი. თურქეთსა და სომხეთში ერთდროულად დაიძაბა პოლიტიკური ვითარება, ფაქტია ისიც, რომ რუსეთი დაინტერესებულია ორივე რეგიონში ვითარების დაძაბულობით. ბატონო სოსო, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთსა და სომხეთში პროცესების ამგვარი განვითარება რუსეთის ინტერსებშია?

სოსო ცისკარიშვილი: ვფიქრობ, რამდენიმე კვირა იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ სანდო შეფასებები მივცეთ იმ რეალობას, რომელშიც აღმოვჩნდით. წინმსწრებად შემიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ასეთ საჯარო განცხადებებს მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როდესაც მაგიდაზე უდევთ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადმოგზავნილი ტექსტი. სწორედ პუტინის აზრი შეიძლება დავინახოთ თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებაში. როგორც ჩანს, კრემლში მიაჩნიათ, რომ სამხერთ კავკასიას უფრო ადვილად ჩაიგდებენ ხელში.

მაგრამ ამის თავიდან არიდება შესაძლებელია?

- რასაკვირველია, შესაძლებელია და ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ხელისუფლების, ან რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ხელს უწყობდეს რაიმე აგრესიას რუსეთის მხრიდან. უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან ზომიერი და აწონილი ნაბიჯებია გადადგმული. მაგრამ თუ რამე ბოროტება ჩაიდო გულში კრემლმა, მას ნებისმიერი კონტრარგუმენტის არსებობის პირობებშიც განახორცილებს. ეს დღეს უკვე სრულიად მკაფიოდ გააცნობიერა როგორც ევროპამ, ასევე აშშ-მ და მათი აქტივობაც სახეზეა, როდესაც საქმე ეხება რუსეთს და მასთან თანამშრომლობის საკითხებს.

ალბათობა საკმაოდ მაღალია იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში დაიწყოს სირიის მსგავსი პროცესი?

- ვფქირობ, ჩვენს ბევრ მკითხველს ახსოვს პუტინის მუქარა, რომ იგი საქართველოსგან გააკეთებდა კვიპროსს. დღევანდელი რეალობა გვიდასტურებს, რომ მან ეს ჩანაფიქრი განახორციელა. თანაც გაორმაგებული მასშტაბით, რადგან კვიპროსში, ძირითადი სახელმწიფოს გარდა არსებობს ჩრდილოეთ კვიპროსი, ჩვენთნ კი პუტინის ხელწერიდან გამომდინარე დასავლეთ და ჩრდილო საქართველოები წარმოჩნდა.

კავკასიის მიმართ ასეთი აქტიური როლის მოძიება არ გახლავთ მხოლოდ პუტინის საყვარელი თემა, რადგან დაახლოებით 2-3 წლის წინ ბატონი კისინჯერი თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ბრძანებდა, რომ ამერიკამ უნდა დაანებოს თავი უკარინაში რაიმე საბრძოლო ვითარებაზე ფიქრს, მან უნდა დატოვოს უკრაინა და რუსეთს შესაბამისი პასუხი გასცეს კავკასიიდან.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, კრემლმა ჩრდილო კავკასიის საკითხთა სამინისტრო შექმნა, მინისტრად კი სამხედრო გენერალი დანიშნა და დაიწყო მუდმივი სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორაზე. მართალია, მას შემდეგ თითქოსდა მინელდა ეს თემა, მაგრამ როგორც მზარდი შფოთვის საფუძველი, ისევ იქნა გამოყენებული, რადგან დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რუსეთი თავად ვერ პოულობს საკუთარ ადგილს ჩვენს პლანეტაზე, ყველგან უნდა, ყველაფერი უნდა, მაგრამ უფრო ხშირად არაფერი გამოსდის,

რადგან საკმაოდ სოლიდარულია ევროპა და ამერიკა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაში. ადრე თუ გვიან, რუსეთს თავად მოუწევს დაფიქრება საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე, რადგან მისი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პერსპექტივა სულ უფრო მწირი ხდება. მეტიც, მისი ყოფილი სატელიტები უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას საკუთარი მამამარჩენალის მიმართ.

სერგეი შოიგუს მიერ სირიის მაგალითზე პარალელების გავლება ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არსებობს სცენარების ამგვარად განვითარების გეგმა?

- ფაქტია, რომ ამის სურვილი არსებობს, მაგრამ ეს სურვილი ჩანაფიქრად, ან რაიმე გეგმად გადაიქცევა თუ არა, ამაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა ეს განცხადება ყურადსაღებია არა მხოლოდ კავკასიის ქვეყნებისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი განცხადება შეუმჩნევლად არ დარჩება, პასუხიც ბევრი იქნება ევროპული და ამერიკული წყაროებიდან.

ძალიან მძიმეა საუბარი იმაზე, რომ დიახ, რუსეთი დაიწყებს სამხედრო შეტევას სამხრეთ კავკასიაში. ნებისმიერი ასეთი ახალი ძალისმიერი ქმედება, რასაც ადგილი აქვს ერევანში, შეიძლება ის ნაპერწკალი იყოს, რომელსაც მოჰყვება ალი, ხოლო ალს მოჰყვება ცეცხლი, მაგრამ ვისი სურვილი იქნება ცეცხლის აგიზგიზება, ეს იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ ასეთი პროვოკაციების შემდეგ უფრო ფართე სივრცის ჩართვა მოხდება საომარ ვითარებაში.

მაშინ, როდესაც თურქეთს ენიჭება განსაკუთრებული როლი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებში და მით უმეტეს, რომ ვარშავის ნატოს სამიტზე განიხილეს შავი ზღვის სივრცეში უსაფრთოების თავდაცვითი სისტემების შეცვლის გეგმა და ამას მოჰყვა შეფასება რუსეთის მხრიდან, რომ ეს არ დარჩებოდა უპასუხოდ მათი მხრიდან, შოიგუს განცხადება არის ადექვატური პასუხი?

- ამ კითხვაზე პასუხს მივიღებთ აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები. ჩვენ ჯერ კიდევ დიდხანს გვექნება ვალდებულება, რომ სრული სერიოზულობით და მუდმივი ყურადღებით ვადევნოთ თვალი თურქეთში მიმდინარე პროცესებს. დამოკიდებულება, რომელიც გამოხატა ბატონმა ერდოღანმა ამერიკის პრეზიდენტის მიმართ, ასეთი მკაცრი ფრაზეულოგიით რასაც ჩვენ ვისმენდით, ვფიქრობ, რომ ყურადღების გარეშე არ არის დასატოვებელი. დიდი ალბათობით, ყოველივე ეს ანკარა-მოსკოვის დუეტის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.