დიტო გელოვანი: ორი ნიჭიერი შუა ქალაქში

დიტო გელოვანი: ორი ნიჭიერი შუა ქალაქში

კანონი ქვეყანას მართავს და სამწუხაროდ ბევრ რამეს კრძალავს,

ეკლესია მერე მპირდება სამოთხის ზღაპარს...

იქნებ, ვინმემ მითხრათ, რა ვქნა?

ქურდები ამართლებენ მართალს, ავადმყოფები უფრთხილდებიან წამალს,

ძაღლები უღრენენ ქალაქს... იქნებ, ვინმემ მითხრათ, რა ვქნა?

თან, სამწუხაროდ, არც ფრთები ამომდის და არც ანგელოზიც არ ვარ.

ციხეზე უცდიან ამანათს, საფლავზე ითხოვენ სანთელსა და ჭიქა ღვინის    

დაღვრას...

გიჟები აქ დადიან, სამყარო აქვთ სხვაგან... იქნებ, ვინმემ მითხრათ, რა ვქნა?

ვინ მიყვარდეს და ვინ კიდევ არა?

(„უბრალოდ, მითხარით“ – თელაველი პაპა (ზურაბ ზაქარიაძე))

 

 

1989 წლის 18 თებერვალი, 14 საათი და ნულ–ნულ წუთი. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. მიტინგი. მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, თამრიკო ჩხეიძე, ჯუმბერ კოპალიანი... და ჩვენ – სტუდენტები. ამინდი – დიდებული, მოთხოვნები – ზომიერი. იყო სმენა და გაგონება. მილიციამ დაგვარბია. პირველ კორპუსთან გადმოვინაცვლეთ. დაგვარბიეს შინაგანმა ჯარებმა და კომკავშირის კომიტეტებმა. კოსტავა დააპატიმრეს. ბუკიას ბაღთან გადავინაცვლეთ. დაგვარბიეს. მოვედეთ ვაკე–საბურთალოს, დროშებს ვიქნევთ, ვყვირივართ „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“, „გაუ... ჯოს, ...ლოს“. კოსტავა გამოუშვეს. მაინც დავრბივართ, ვყვირივართ.

 

როგორც შემდეგ გავიგეთ, თურმე, ამ დროს, მიხეილ სააკაშვილი კონსპირაციულ ბინაში კონსპირაციულად უსმენდა კრის დე ბურგის სიმღერებს... მიშა დისიდენტი იყო – განსხვავებულად აზროვნებდა. ყველას ფარფლები და ზეპელინები გვიყვარდა, იმან კრის დე ბურგი ამოიჩემა.

 

1989 წლის 20 თებერვალი. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზი, 14 საათი და ნულ–ნულ წუთი. ვხვდებით რექტორს. მოვითხოვთ, გვითხრან, ვინ მოგვისია კომკავშირლები და ვინ მოიყვანა ჩვენს დასარბევად შინაგანი ჯარების მერვე პოლკის უჯიშო ნაბიჭვრები. რექტორი ნაბიჭვრებზე არაფერს ამბობს, რაც შეეხება კომკავშირლებს (უარეს ნაბიჭვრებს), თურმე, ჩვენ შევვარდნილვართ და გვიცემია.

 

გამოვდივართ ადმინისტრაციული კორპუსიდან, ვაგინებთ კომკავშირს. იწყება აქცია. პარალელურად, აქცია მიმდინარეობს უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან – სოლიდარობას გვიცხადებენ. „ყველანი წავიდეთ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან“ – ამბობს ირაკლი ბათიაშვილი. ერთად ვდგავართ. „წესით, ისინი უნდა მოვიდნენ, მაგრამ ერთ აქციას ორი აქცია ჯობს“ – ეს მე ვუთხარი, მაგრამ ის ლიდერი იყო, მე – სტუდენტი. „წავიდეთ“ – დაიჟინა. „ჩვენები გზაში დაიშლებიან“ – მორიდებით ჩავილაპარაკე. „წავიდეთ“ – გაჯიუტდა ლიდერი. წავედით. წავედით 200 კაცი, მივედით 20–25. უნდა დაგვხვედროდა 200, დაგვხვდა 20–25.

 

ეგრე იყო. თუ ბათიაშვილი რამეს იტყვის, ერთ დეტალს გავახსენებ – სპილენძის სამაჯური ეკეთა, წნევას ირეგულირებდა.

 

ეს ყველაფერი მაშინ გამახსენდა, 21 მაისს ბათიაშვილმა ხალხს „სამოქმედო გეგმის“ პირველი ნაწილი რომ გაუმხილა – საზოგადოებრივ მაუწყებელთან წავიდეთ და პირდაპირი ეთერი მოვითხოვოთ.

 

მოითხოვეს, დაუკმაყოფილეს, მაგრამ... თუ ჩასვრილი ხარ, ჩუმად უნდა იყო ჩასვრილი. მხოლოდ 21 მაისის აქციას არ ვგულისხმობ. ამ 20 წლის განმავლობაში ეს ჩვენი ლიდერები რუსთაველზე შეკრებას, ზოოპარკის მიმართულებით წასვლას, პირველ არხთან დაბანაკებას და პირდაპირი ეთერის მოთხოვნას ვერ გასცდნენ.

 

„გეგმა“ – ითხოვდა ხალხი. „გეტყვით“ – ამშვიდებდნენ. „გეგმა“ – არ მშვიდდებოდნენ. „გეტყვით, კაცო“ – ანერვიულდნენ. „მოდით! ქუდზე კაცი, ლეჩაქზე ქალი, პამპერსზე ბავშვი“ – იყო მოწოდება. „გეგმა“ – ნერვიულობდა ხალხი.

 

მოითხოვეს პირდაპირი ეთერი და მიიღეს კიდეც. რომ არ მოეთხოვათ, მაინც მიიღებდნენ. აქეთ შეეხვეწებოდნენ, პირდაპირ ეთერში ჩაგრთავთო. ეგ კი არა, სულ თავიდან გადაღებული კადრებიც კი აჩვენეს და ერთ კადრს მივაქციე ყურადღება: ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ ადამიანები მიდიან. ქოლგები უჭირავთ. ხელში მეგაფონით ხალხს წინ გია კობახიძე მიუძღვის. „ჩემზე წინ არავინ წავიდეს – ყვირის კობახიძე – არავინ წავიდეს ჩემზე წინ“. ნინოს სკოლაა.

 

ამდენი ხანია მივდივართ და, ყველაფერს გაფიცებთ, მითხარით, ვინ წავიდა წინ? ყველანი უკან–უკან მივდივართ, ტრაქტორისკენ. „გადაუარეთ“ – ტრაქტორისტმა უკვე მიიღო ბრძანება. ამ ქვეყანაში სულ რომ გაწყდეს საწვავი, იმ ტრაქტორისთვის აუცილებლად მოინახება.

 

„სახალხო კრება“... სად არის ხალხი? ხალხი არის, მაგრამ არა – „სახალხო კრებაში“ ან „სახალხო კრებასთან“. ხალხი საჭიროა, ხალხი აუცილებელია. არ იქნება ხალხი და მიშა იქნება და იქნება.

 

“დავდგეთ ერთად“ – ეს მოწოდება იმ ლიდერის გარშემო ერთად დგომას გულისხმობს, რომელიც ამ განცხადებას აკეთებს.

 

ზემოთ 1989 წლის 18 თებერვლის აქცია გავიხსენე და ახლა იმავე წლის აპრილის აქციასაც გავიხსენებ. გავიხსენებ ანეკდოტს, რომელიც თამაზ წერეთელმა მოშიმშილეებს მოგვიყვა: ქუთაისელების გემი უკვე რამდენიმე თვეა ზღვაშია გასული. ერთ დილას, გამოვარდა ჭიჭიკია და ბორტზე თავს ურტყავს. მოკლედ – თავს იკლავს. ბიჭიკიამ გააკავა: „რა მოგივიდა, ბიჭო“? „ქალი მინდა, სექსი მომენატრა“. „მერე, მაგაზე იკლავ თავს? აქ ქალს სად მოგინახავ, მაგრამ კუკურია–ბოცმანი ჩემზე იყოს“. „მერე, იკისრებს მაგას კუკურია?“ „იკისრებს“ „მაშინ, ეგ ამბავი ჩემსა და შენს შორის უნდა დარჩეს“ – მოითხოვა ჭიჭიკიამ. „ეგრე არ გამოვა, ათმა კაცმა მაინც უნდა გაიგოს“. „ეგ როგორ?!“ „როგორ და, მე ხომ მეცოდინება?“ „გეცოდინება“. „შენ ხომ გეცოდინება?“ „მეცოდინება“. „კუკურიასაც ხომ ეცოდინება?“ „კი, კი“. „ჰოდა, ეს უკვე სამია და, კუკურიას გაკავებას კი უნდა შვიდი კაცი“.

 

ხოლო მიშას გაკავებას შვიდი კაცი ნამდვილად არ ეყოფა. მეტია საჭირო. და ისეც ნუ გააკეთებენ, რომ მიშა გააკავონ და ბოლოს კუკურია შერჩეთ ხელში. თან, მიშა უნგრეთშია.

 

ახლა სამის ნახევარია. აქცია იწყება, რაღაცეები იცვლება. „კოსტავას გამზირზე მიმდინარე „სახალხო კრების“ აქციას ლევან გაჩეჩილაძე „ქართული პარტიის“ სახელით შეუერთდა, კოკა გუნცაძე კი – როგორც „სახელი და გვარი“. ამის შესახებ „ქართული პარტიის“ წევრებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს“ – ნიუსია.

 

ვნახოთ, რას ეტყვიან სახელები და გვარები ინიციალებს. ვნახოთ, რამდენი იქნება სახელი და გვარი და რამდენი – ინიციალები. ვნახოთ, რამდენი ინიციალი დაჭირდება მიშას გაკავებას და რამდენი სახელი და გვარი ჩადგება რიგში.

ტელევიზორს ჩავრთავ.

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

ჯერჯერობით, არაფერი. გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აქცია გაგრძელდება, კერა შენარჩუნებული იქნება. მოსალოდნელი იყო. ხომ არ იტყოდნენ, დავიშალოთ, ფიში–ფიში ვქნათ და დავიძინოთო! გეგმა ისევ არ არის. მანამდე იყო, რაღაც – სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას მოვახდენთო, მაგრამ... ხალხი, ხალხი...

 

თუმცა, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ხელისუფლება არის იდიოტი და რომ არა მათი მოწინააღმდეგეების ლიდერთა იდიოტობის არანაკლები ხარისხი, ახლა, სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. ახლა კი არა, ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში.

 

გზაზე ლურსმნების დაყრა, საბურავების დაშვება, მინების ჩამსხვრევა, მძღოლების დაკავება და სხვა კიდევ ბევრი რამ – ამას იდიოტის გარდა ვინ მოიფიქრებდა?

 

იდიოტები ეძახე და, კი გვასხედან თავზე აგერ უკვე 8 წელიც არის და უფრო მეტიც – 10 წელი, 12 წელი, 20 წელი. მაშინ რომ კომკავშირლებმა დაგვარბიეს, სწორედ ესენი იყვნენ. სხვების არ ვიცი და, პირადად მე უკვე აღარ მაინტერესებს, ვინ მისცა მაშინ მათ დარბევის ბრძანება, რადგან ახლა თვითონ არიან ბრძნების გამცემები.

 

შალვა ნათელაშვილი მაშინ პროკურატურის პარტკომი იყო. ახლა, ტელევიზორი ჩართულია და ნათელაშვილის ხმა მესმის – ხმა ერისა, მრისხანებისა, სიალალისა, გულწრფელობისა. თვალები, ალბათ, ანთებული – ეჰა, მეომარნო და რამე...

 

ვისაც კი მაგისთვის ოდესმე ხმა მიუცია, ჩემს თვალში ყველა იდიოტია. მაპატიეთ, იდიოტებო... ნათქვამია, როცა ადამიანი იდიოტია, ეს დიდხანს გრძელდებაო და მგონი 10–12 წელი სრულიად საკმარისია და ველოდები, როდის მივა აქციაზე შალვა ნათელაშვილი, მაინტერესებს, თუ შეხვდებიან ყიჟინით. თუ იქნება ყიჟინა, არ იქნება მომავალი.

 

როგორია მიხეილ სააკაშვილის მომავალი? ერთ დღესაც, სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ თუ ერთ დღეს მაინც არ გაატარებს ციხეში, ჩავთვლი, რომ ერთ დღესაც მაია ჩიბურდანიძე შექმნის ახალ „სახალხო კრებას“ და მოითხოვს იმის გადადგომას, ვინც სააკაშვილის ადგილს დაიკავებს.

 

არა, მიშა რომ წავა, ეს ცხადზე უცხადესია. წავა კი არა, გაიქცევა კიდეც, მაგრამ თუ თავში გრამი ტვინი და გულში ამ ქვეყნის გრამი სიყვარული მაინც გვაქვს, ახლავე უნდა ვიფიქროთ, ის კი არა – ვინ მოვა, არამედ – როგორ მოვა და როგორ წავა. მიშა ჯერ არ წასულა, ჩვენ კი ახლავე უნდა ვფიქრობდეთ იმას, როგორ წავა შემდეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იყოს მიშა – ვარდების მბრძანებელი, იყოს ბაქრაძე – კოვზების მბრძანებელი, იყოს ვანო – შნირების მბრძანებელი... შეჩვეული ჭირი არ სჯობს შეუჩვეველ ლხინს, მაგრამ შეუჩვეველ ჭირს ნამდვილად მირჩევნია.

 

მიშა წავა, გაიქცევა. კიდევ ვნახავთ შეშინებული თაგვისფერ ბაქრაძეს და ვანოს კიდევ ბევრჯერ დაებმება ენა, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ორი სურვილი მაქვს: 1) ახლავე განაცხადოს ნინო ბურჯანაძემ, რომ არასოდეს გამოთქვამს. პრეზიდენტობის სურვილს. 2) ახლავე განაცხადოს ირაკლი ოქრუაშვილმა, რომ პრეზიდენტობა არც მას სურს.

 

იკა და ნინჩი, რომ იცოდეთ, რამხელა კომბოსტო მოიყვანა ერთმა რომაელმა ექს–იმპერატორმა! იმპერატორმა!!! თან – რომში. და მერე, სად – რომი და სად – იგოეთი?!

 

მიშასაც მაგას ვეუბნებოდი, მაგრამ არ დამიჯერა და მაგის ადგილი ახლა ციხეშია, დონაძის კამერაში. ორი ნიჭიერი შუა ქალაქში.

 

ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში მხოლოდ ეს იყო. და კიდევ ის, რომ ნატო გელაშვილი თავდაცვის სამინისტროში იწყებს მუშაობას. „აყვავდება როცა ნუში...“ მიხარია, როცა ადამიანი თავის ადგილს პოულობს. აი, ნატომ იპოვნა. იკა და ნინჩი, თქვენც იპოვნეთ.

 

მე ახლა ტელევიზიასთან წავალ და ვნახავ, არის თუ არა იქ ჩემი ადგილი. თუ რამე უადგილოდ ვთქვი, მომიტევეთ.

 

რ. ვ? (რა ვქნა?) ...დილა თენდება და მზის სხივები ჩემს სარკმელს რომ დაჰკრავს

პირველი ფიქრი, რაც გამივლის – დღეს, ხვალ და ზეგ რა ვქნა?

სიგარეტს მოვუკიდებ გუშინდელივით...

და ბოლთან ერთად სახლიდან გავალ.

(„უბრალოდ, მითხარით“ – თელაველი პაპა (ზურაბ ზაქარიაძე))