ხელისუფლებას სადაზღვევო პრობლემები დაუმძიმდა

ხელისუფლებას სადაზღვევო პრობლემები დაუმძიმდა

[ეკა ბაქრაძე]

ხელისუფლება გრძნობს, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში მნიშნველოვანი ბზარები გაჩნდა და თუ დროზე რამე არ მოიფიქრა, უზარმაზარი თანხები წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ადამიანები პრეტენზიებს ხშირად გამოთქვამენ. მათი უკმაყოფილება სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაბალ დონეს უკავშირდება. თუმცა, იმის გამო, რომ ტენდერი უკვე ჩატარებულია და საქართველოს რეგიონები ლოტებადაა დაყოფილი, მათ სადაზღვევო კომპანიების შეცვლის უფლება 3 წლის განმავლობაში არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფომ სამედიცინო დაზღვევის პროგრამის განხორციელება დაიწყო, ბენეფიციარს უფლება ჰქონდა, სადაზღვევო კომპანია თავად აერჩია. თუმცა, 2009 წლიდან სახელმწიფო პროგრამების წესები მნიშვნელოვნად შეიცვალა. შარშან და წლეულს სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულებს მხოლოდ ის კომპანია ემსახურება, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა და შესაბამის რეგიონი დასაზღვევად ერგო.

პრობელმა აქედან დაიწყო. პედაგოგების ნაწილი ამბობს, რომ არ სურდათ მითითებულ კომპანიაში დაზვევა, თუმცა რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ – დათანხმდნენ.

„თავისუფალი არჩევანის უფლება არ გვქონდა, ჩვენ იძულებით დაგვაზღვიეს. არ გვსურდა, რომ იმ კომპანიაში ვყოფილიყავი დაზღვეული, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ტენდერის ჩატარებამდე სადაც ვიყავი დაზღვეული, ხარისხს იქ უფრო კარგს გვთავაზობდნენ, აქ კი არათუ ხარიხს, არამედ ნორმალურადაც არ გვცემენ პასუხს. მიგვაჩნია, რომ ხელისულებამ ასეთი განუკითხაობა არ უნდა დაუშვას მაშინ, როცა ამ ყველაფერი ბიუჯეტის ფული იხარჯება“, - ჩივიან პედაგოგები.

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია ასეთი სახით ტენდერის ჩატარებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა.

„რატომ არ უნდა ჰქონდეთ თბილისის ლაგოდეხისა თუ სხვა რაიონის დაზღვეულებს იმის უფლება, რომ სადაზღვევო კომპანია აირჩიონ? ჩვენთან ამის უფლებას იმ ტენდერის შედეგები უკრძალავს, რომელიც 2010 წელს ჩატარდა. ეს იყო მონოპოლიური მდგომარეობის განმტკიცება რეგიონალური პრინციპით, რადგან დაზღვეულს არ აქვს უფლება, რომ პროვაიდერი კომპანია თავად აირჩიოს. ვიდრე ეს წესი ამოქმედდებოდა, სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა უკვე მზად მძაფრი, სერიოზული და ცალსახა კონტროლის საშუალებები ამ კომპანიების ხარისხის დონისა. იდეაში ხომ თავად ხელისუფლებას აქვს ჩაფიქრებული, რომ თავის დაზღვეულს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი საკმაოდ მაღალი სამედიცინო სერვისები.

ამიტომაც გვესმის ხშირად, რომ დაზღვეული არ არის კმაყოფილი მომსახურების სერვისით. თუკი სადაზღვევო კომპანიას იმის საფრთხე არ ემუქრება, რომ კლიენტს დაკარგავს, მაშინ არც იმის მოტივაცია უჩნდება, რომ კლიენტი შეინარჩუნოს მაღალი ხარისხის სერვისით. მით უმეტეს, რომ სადაზღვევო პრემია მას სახელმწიფოს მხრიდან უკვე გარანტირებული აქვს“, - აცხადებს გიგოლაშვილი.

ერთი სიტყვით, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში პრობლემები სულ უფრო მატულობს. ეს კარგად უწყიან თავად მთავრობაშიც. ამიტომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხმაურიანი ცვლილები განხორციელდა.

თუმცა მხოლოდ საკადრო გადაადგილებები არ კმარა. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახური საინფორმაციო კვირეულს იწყებს. კვირეულის ფარგლებში პირველი შეხვედრა ქვემო ქართლის იმ მოსახლეობასთან შედგება, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით არიან დაზღვეულნი.

რუსთავის თეატრში 500-მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქე და პედაგოგი მიიღებს სრულ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანიებთან საკუთარი უფლებებისა და კუთვნილი მომსახურების შესახებ. ასევე მედიაციის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნობიან მოქალაქეების პრობლემებს.

მედიაციის სამსახურის წარმომადგენლები იმ სოციალურად დაუცველ ოჯახსაც ეწვევიან, რომლის წევრებმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეხვედრაზე მისვლა ვერ მოახერხეს. მათ მედიკამენტებს გადასცემენ და ადგილზე გააცნომებ ახალი სამსახურის შესახებ ინფორმაციას.

საინფორმაციო კვირეული სტარტს რუსთავში იღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.