მოუწევთ თუ არა ტაიმ-აუტის აღება რესპუბლიკელებს, მართლაც გაუსწრეს თუ არა მათ ჩვენს დროებას და რატომ ვერ უგებს მათ საზოგადოება?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ესაუბრა.
„კოალიცია მზად არ აღმოჩნდა ევროპული სისტემისთვის“,-ასეთია რესპუბლიკელების ვერდიქტი ყოფილი თანაპარტიელების მიმართ. როგორც ჩანს, რესპუბლიკელებს არც საზოგადოების კეთილგანწყობის მხრივ უმართლებთ და არც თანაპარტიელების მხრიდან. შეიძლება ეს ევროპული სისტემისადმი მოუმზადებლობას დავაბრალოთ?
- „რესპუბლიკური პარტია“ უბრალოდ, საარჩევნო რეჟიმში გადავიდა და სურს გამოხატოს კრიტიკული შენიშვნები, რომელიც, როგორც ხელისუფლების თანამონაწილეს, აქვს ხელისუფლების მიმართ იმ კუთხით, რომ ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ხელისუფლების კრიტიკა და საკუთარი ალტერნატივის შეთავაზება. შესაბამისად, ეს სავსებით ჯდება წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატში. რაც შეეხება თვითონ შენიშვნის არსს, საქართველოში პოლიტიკური სუბიექტები საერთოდ არ არიან მზად, ევროპული სტანდარტები წარმოადგინონ საკუთარ პოლიტიკურ კომუნიკაციებში. ამიტომ ეს შენიშვნა მარტო კოალიციის მიმართ კი არა, ზოგადად მთელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ უნდა გამოიხატოს. პოლიტიკოსმა კი, ეს განცხადება თვითკრიტიკის რეჟიმში უნდა გააკეთოს.
დავით უსუფაშვილს არ ეეჭვება ბიძინა ივანიშვილის და გიორგი კვირიკაშვილის პროდასავლურობა, განსხვავებით მისი მეუღლისგან. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება თავდაცვის მინისტრის პოსტს, თუკი ქვეყანა ევროპულ გზაზე დარჩენას შეძლებს. რას ნიშნავს ეს ორაზროვანი განცხადებები, ცოლ-ქმრის განსხვავებული შეფასებები?
- ამ შემთხვევაში, მე არ შევხედავდი მათ როგორც ცოლ-ქმარს. ოჯახური სტატუსი არ არის ჩემთვის მთავარი, ისინი არიან პოლიტიკური სუბიექტები, ერთი აღმასრულებელი ხელისუფლების მნიშვნელოვანი წევრი იყო, მეორე -საკანონმდებლო ხელისუფლების. ვფიქრობ, ეს ცოტა გაცვეთილი ფორმაა, ისევე როგორც ალასანიამ გააკეთა წასვლის დროს, რომ კურსი იცვლება და ა.შ. რაღაცაზე ხომ უნდა გააკეთონ აპელირება პოლიტიკურმა სუბიექტებმა? თუმცა, ეს არ არის საქმის რაფინირებული და სწორი გადაწყვეტა. ფაქტობრივი მოცემულობა აჩვენებს ხელისუფლების კურსს. არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებაში იყვნენ სუბიექტები, რომლებიც ამ კურსის წინააღმდეგნიც არიან და ამ კურსს ხელსაც უშლიდნენ, მაგრამ მთლიანობაში სახელმწიფო ევროპული კურსისკენ მიდის, ინტეგრირდება და ამ ფაქტს ვერ უარვყოფთ. თუმცა თუკი, ხიდაშელს აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომელი სუბიექტები უშლიან ხელს ამ პროცესს, კარგი იქნება, ეს ყველაფერი ღიად გამოხატოს, თორემ მისი ნათქვამი არ იქნება დამაჯერებელი, რადგან მსგავსი განცხადებები ადრეც გაკეთებულა და ყალბი აღმოჩენილა.
რესპუბლიკელებს ამ ეტაზე მაინც არ აწყობთ დაპირისპირება „ოცნებასთან“, ალბათ, ამითაც აიხსნება, რომ თავს არიდებენ შეკითხვაზე პასუხს, დაუპირისპირდებიან თუ არა „ოცნებას“. როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა კოალიციასთან, რა უფრო მომგებიანია მათთვის, დაპირისპირება ყოფილ ამომრჩეველთან, რომლებიც „ოცნების“ მომხრეებიც არიან და შესაძლოა, მათ მიმართაც გამოხატავენ სიმპათიას, თუ დისტანცირება კონფრონტაციული რეჟიმისგან?
- ნებისმიერი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლებას, ოღონდ გააჩნია ამ დაპირისპირებაში რა იგულისხმება. არაადეკვატური და აგრესიული დაპირისპირების სივრცე დღეს არ არის, ამომრჩეველს ეს დღეს არ სჭირდება, არამედ სჭირდება ეფექტურობა, უფრო მეტი კვალიფიციური რესურსი და პროგრესული წინანადება. ამ მხრივ წლევანდელი არჩევნები განსხვავდება წინა წლების არჩევნებისგან. რაც შეეხება რესპუბლიკელებისა და „ოცნების“ ურთიერთობას, ისინი იყვნენ პარტნიორები, ახლა არიან ოპონენტები, ეს ნორმალური პროცესია. ერთმანეთისადმი მტრული დამოკიდებულება დღეს არ ჩანს და არც ის არის გამორიცხული, გარკვეული სახით ხვალ ისევ პარტნიორები გახდნენ. ჯერჯერობით რესპუბლიკელები თვლიან, რომ ასე სჯობს, ოპონირება დაპირისპირების გარეშე. ამიტომ ისინი უფრო ოპონირების რეჟიმში არიან.
რესპუბლიკელებს შეუძლიათ იყვნენ რეალური ოპონირების რეჟიმში, როცა თავად უსუფაშვილი აღიარებს, რომ მას შესთავაზეს რესპუბლიკელთა მიტოვება, „ოცნებაში“ გადასვლა და მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კენჭისყრა, რაზეც მან მკაცრი პოზიცია გამოხატა. შესაძლოა, ეს იმ პრინციპულობის იშვიათი გამოხატულება იყოს, რასაც რესპუბლიკელებს ხშირად საყვედურობენ? რომ არაფერი ვთქვათ ყბადაღებულ თემაზე, როცა 9 აპრილის შემდეგ უსუფაშვილმა პარტიული მანდატი აიღო.
- რაც შეეხება 9 აპრილის თემას, 1989 წელს უსუფაშვილი 27 წლით ახალგაზრდა იყო. შესაბამისად, იმ ასაკში შეცდომებს არავინ გამორიცხავს. დღეს კი „ოცნების“ შეთავაზებაზე უარის თქმას მისი მხრიდან პრინციპულობად ვერ ჩავთვლი. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთადერთი მთავარი ინსტრუმენტი არის მათი ურყეობა, მათი ფასეულობითი სტაბილურობა. ესეც თუ დაირღვევა, მაშინ ამ პარტიას ეს მახასიათებელიც გამოაკლდება, რაც თავისთავად კარგი არ იქნება. ის, რომ უსუფაშვილმა არ არჩია „ოცნებაში“ გადასვლა და არ მიატოვა რესპუბლიკელები, შეიძლება იმით აიხსნას, რომ მისთვის ეს მომგებიანი წინანადება არ იყო. ერთი და იგივე შედეგი შეიძლება სხვადასხვა მოტივით ჩანდეს. მან ასე არჩია. შესაბამისად, ის წინ იხედება. იგი პარლამენტის თავმჯდომარე იყო და რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი? -პრემიერ-მინისტრობა? ამაზე მეტს ხომ ვერ მიაღწევდა? ან ისევ პარლამენტის თავმჯდომარეობა? თუკი „ქართული ოცნებისგან“ ვერ მიიღებდა წინადადებას, რომ დავით უსუფაშვილი გახდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ან ფრაქციის თავმჯდომარე, მაშინ რა მოტივაცია შეიძლება ჰქონოდა, რომ „ოცნებაში“ გადასულიყო? ამიტომ მან არჩია დარჩენილიყო პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარედ, საზოგადოების სავარაუდო ლიდერად და იგი შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს პარლამენტში. ყოველ შემთხვევაში, მე რომ მის ადგილას ვიყო, ასე უფრო დავინახავდი ჩემს მომავალს, ვიდრე უბრალოდ პარლამენტის წევრად, როგორც ეს დავით ბაქრაძეს მოუვიდა, როცა იგი პარლამენტის წევრი გახდა ნეგატივზე აგებული პოლიტიკური გუნდის კვოტით. როგორც პოლიტიკოსს, უსუფაშვილს ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს მრავალნაირი აქტივობისთვის.
მართალია, პოლიტოლოგთა ნაწილი თვლის, რომ რესპუბლიკელებმა 40 წლით გაუსწრეს ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ კულტურას და, პირიქით, ჩვენ ვერ ავყევით მათ იდეებს, მაგრამ ხომ არ თვლით, რომ რესპუბლიკელებს გაურკვევლობის სტადია ეწყებათ? ამომრჩევლის განწყობიდან გამომდინარე, ალბათ, ბარიერის გადალახვა მათთვის პრობლემა იქნება.
- არა მგონია, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 40 წლით გაუსწრო ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ კულტურას, რადგან ჩვენ არ ვიცით, 40 წლით გასწრებაში რა მაჩვენებელი იგულისხმება. „რესპუბლიკური პარტიის“ მთავარი ღირსება არის დავით უსუფაშვილი. რაც შეეხება სხვა სუბიექტებს, ზოგიერთები, მაგალითად, ივლიანე ხაინდრავა საინტერესო ადამიანია. „რესპუბლიკური პარტია“, თვითმყოფადია, ისეთები არიან, როგორებიც არიან და მათ გარკვეული ხიბლი გააჩნიათ. მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არის, რადგან გარკვეულ ბალანსს ახერხებენ, მაგრამ შესაძლოა, მათთვის ტაიმ-აუტი უფრო უკეთესიც იყოს, რადგან „რესპუბლიკური პარტია“ არის პარტია, სადაც არც ახალი სახეებია, არც ახალი სისხლია, ერთსა და იმავეს ტრიალში არიან მუდმივად. ამიტომაც შესაძლოა, პარტიას განახლება სჭირდებოდეს, რომ მოერგოს საზოგადოებას. პოლიტიკური პარტია მორგებული უნდა იყოს ამომრჩეველზე და არაფერს გვაძლევს მათ მიერ დროის 40 წლით გასწრება თუ ჩამორჩენა. სხვა შემთხვევაში, ისინი შეიძლება იყვნენ საზოგადოებრივი მოღვაწეები, მაგრამ არა თანამდებობის პირები და არა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
რესპუბლიკელებს დამოუკიდებელი თამაშის რთული პერიოდი დაუდგათ?
- შეიძლება სულაც არ არის სირთულე, რომ ისინი მომავალ პარლამენტში არ აღმოჩნდნენ. მათ აქვთ კონტაქტები, მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში მათ შექმნეს მნიშვნელოვანი კომუნიკაციები, აქვთ ლობისტური სივრცე, მედია, არასამთავრობო სექტორი.
მაგრამ არ აქვთ საყრდენი ქართულ საზოგადოებაში.
- არ აქვთ, მაგრამ სჭირდებათ? ვიღაცას შეიძლება ეს სჭირდებოდეს, ვიღაცას კი უფრო აინტერესებდეს გავლენები და ფინანსები. ვიღაცას სჭირდება მოვიდეს ხელისუფლებაში, მათ კი თანამდებობები მნიშვნელოვნად გამოიარეს. ფაქტობრივად, ახლა აყვავების ხანა ჰქონდა „რესპუბლიკურ პარტიას“. გააჩნია ისინი როგორ ხედავენ, თორემ გარედან დანახვით მე სულ არ მიმაჩნია, რომ პარლამენტის გარეშე დარჩენა მათთვის საშინელება იყოს. შეიძლება ოთხი წლის მერე მათ ისევ შეარჩიონ ისეთი პარტიები, რომლებთან ერთადაც ისევ მოხვდებიან პარლამენტსა და ხელისუფლებაში. შეიძლება ეს ოთხი წელი მათ მოანდომონ მიღწეული კონტაქტების, რესურსების, კომუნიკაციების გამოყენებას, რომ ისინი 2020 წლის არჩევნებისთვის ვიღაცისთვის საჭირონი გახდნენ და მათთან ერთად მოვიდნენ ბევრად მაღალი კვოტით მთავრობაში. მე მგონია, ისინი იმპულსურად არ ხედავენ თავიანთ მომავალს.
არის მოსაზრება, რომ თინა ხიდაშელი, თავისი აქტიურობიდან გამომდინარე, მეუღლის დაჩრდილვას ახდენს. მას აქვს თავისი იდეები, დამოუკიდებელი თამაშის წესები, თუნდაც წვევამდელებთან მიმართებით ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების ფუფუნება. შეიძლება იგი სამომავლოდაც პრობლემად იქცეს „რესპუბლიკური პარტიისთვის“?
- პირადად ჩემთვის თინა ხიდაშელი საინტერესო ადამიანია, მის მიმართ მოჭარბებულად დადებითი პოზიციები მაქვს. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ მისგან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ბევრად უფრო ეფექტურია, რადგან ის არანაირ ჩარჩოებში არ ზის. თანამდებობაზე ყოფნის დროსაც დიდწილად ხიდაშელი აღმიქვამს როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ვიდრე თანამდებობის პირი. ისიც ახალგაზრდა ადამიანია და შეიძლება გადაფასება მოახდინოს. რესპუბლიკელებში საზოგადოებრივ ლიდერებს უფრო ვხედავ, ვიდრე აღმასრულებლებს. მისი თავისუფალი ნება „რესპუბლიკური პარტიისთვის“ არის უპირატესობაც და სისუსტეც ერთდროულად. ვერ ვიტყვი, რომ ხიდაშელს საერთო ჯამში მაინც უხერხულობაში ჩაუგდია გუნდი, რომლებთანაც იგი იყო. უფრო დიდი უხერხულობა მინახავს იმავე გუნდის სხვა წარმომადგენლებში. ამიტომ კოალიციურ ხელისუფლებაში ხიდაშელი არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს ან მხოლოდ თავის გუნდთან ერთად, ან საერთოდ ცალკე არსებული ტიპი.