საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე ერთიანი სამოქმედო გეგმის კოორდინაციის მიზნით ტაიმ-აუტი გამოცხადდა. ნინო ბურჯანაძე, ეროსი კიწმარიშვილი, სოზარ სუბარი, კახა კუკავა, ეკა ბესელია და სხვები მსჯელობენ, თუ სად გაიმართოს მოლაპარაკებები აღნიშნულ თემაზე.
მანამდე კი, აქციის მონაწილეებს ნინო ბურჯანაძემ, დიმიტრი ჯაიანმა, გია ბურჯანაძემ და რეზო ესაძემ და ირაკლი ბათიაშვილმა მიმართეს.
ნინო ბურჯანაძე ხალხს დაპირდა, რომ მათი ბრძოლის შედეგად ქვეყანას ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს საქართველოში ადამიანების შიმშილით დახოცვას, ბავშვთა სიკვდილიანობას, ქვეყნის სიღატაკეში ცხოვრებას და ა.შ.
გია ბურჯანაძემ კი, განსაკუთრებული მადლობა აქციის მონაწილე ქალბატონებს უთხრა და აღნიშნა, რომ ისინი ვაჟკაცები არიან.
დიმიტრი ჯაიანმა კი აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთში "საქართველოს ელოდებიან".
ჯაიანმა მოიკითხა "მონადირეები", "ის ლომები, რომელთაც ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობდა და რომლებიც კოდორს იცავდნენ".
"ისევ აღდგება "მონადირე" და ისევ გააცილებს საქართველოს აფხაზეთში", - მიმართა აქციის მონაწილეებს დიმიტრი ჯაიანმა.
მანამდე კი, სახალხო კრების აქციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან, დღის პირველი ნახევრიდან ლევან გაჩეჩილაძე, "უცნობი" და კოკა გუნცაძე შეუერთდნენ. "ქართული პარტიის" წარმომადგენლებს აქციის მონაწილეები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.
როგორც ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, ახლა ძველი წყენის გახსენების დრო არ არის და წყენის დავიწყების დემონსტრირების მიზნით, ნინო ბურჯანაძეს სცენაზე ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა.
ნინო ბურჯანაძის თქმით კი, საქართველოს ერთიანი უნდა იყოს სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში.
კოსტავას გამზირზე შეკრებულებს მიმართა "უცნობმაც", რომელიც დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში არ დარჩება კაცი, ვინც საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას არ აიღებს. მისი თქმით, თუ იქ დღეს მთელი თბილისი არ არის, ცოტა ხანში თბილისელები შეიკრიბებიან.
"ქართული პარტიის" ლიდერმა სოზარ სუბარმა 25 მაისი მრისხანების დღედ გამოაცხადა. როგორც აქციაზე მისულმა სუბარმა განაცხადა , ამ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას დაამთავრებს:
"ამ დღეს ყველანი ერთად ვიქნებით და ჩვენთან ერთად იქნება ამ ხელისუფლების მიერ საქართველოდან განდევნილი ირაკლი ოქრუაშვილი. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ნამდვილი სახე და თქვა, რომ ტერორი მისი არსებობის ერთადერთი სახეა. ამიტომ ლაპარაკის დრო დამთავრდა, დროა საქმეზე გადავიდეთ".
პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ეროსი კიწმარიშვილს მიტინგებზე უკეთ "გათახსირებული ხალხისთვის შხამიანი რაღაცეების" მომზადება ეხერხება , - ამის შესახებ კიწმარიშვილმა სახალხო კრების აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ბედი ტელევიზიასთან არ წყდება.
"ჩვენ ვუერთდებით იმ აქციას, რომელიც დაიწყო სახალხო კრებამ, მაგრამ 25-ში, ავლაბარში გადაწყდება საქართველოს ბედი. ერთად დავამთავროთ ეს რეჟიმი. იქ იქნება ყველა, ვისაც საქართველოსთვის უძგერს გული", - მიმართა კიწმარიშვილმა სახალხო კრების აქტივისტებს.
"აქციის სოლიდარობა პარტიული ან პირადი ნიშნით არ უნდა მოხდეს. ეს იმის მიხედვით უნდა გადაწვიყო, რამდენად ჭირდები შენს ქვეყანას", - განაცხადა „ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე კოკა გუნცაძემ აქციაზე და სწორედ „ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობით" ახსნა მათი პოლიტიკური ძალის მიერ „სახალხო კრებისთვის" სოლიდარობის გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
„როცა ხელისუფლება არბევს მშვიდობიან მომიტინგეებს, რეზინის ტყვიებს ესვრის მოხუცებს, შეუძლებელია სახლში დაჯდე და ამას მშვიდად უყურო. აქციისადმი სოლიდარობა პარტიულ ნიშანთან და პირად წყენასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ჩვენ ვივიწყებთ ყველა წყენას, რაც აქამედე გვქონია და ხალხის გვერდით ვდგებით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - განმარტა გუნცაძე.
"ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი 25 მაისს საქართველოში ჩამოსვლა გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრმა დღეს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
"ჩვენ ვდგებით ჩვენი ხალხის გვერდით. 25 მაისს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიქნები საქართველოში, რათა დავასრულოთ ეს ხელისუფლება", - თქვა მან.
ოქრუაშვილი პირობას დებს, რომ 25 მაისი ბოლო დღე იქნება ხელისუფლებისთვის.
საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა პირველად 20 მაისს, ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისადმი მიმართვისას განაცხადა. აღნიშნული მიმართვის შემდეგ, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. ოქრუაშვილი ამჟამად პარიზში იმყოფება, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.
"ჩვენი პოზიცია იგივეა - ოქრუაშვილს დაუსწრებლად აქვს სასჯელი მისჯილი და თუ ჩამოვა, ამით მართლმსაჯულებას მხოლოდ დაეხმარება. რა თქმა უნდა, მას დავაკავებთ".
მმართველი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ მანიფესტაციების ორგანიზატორები ცეცხლს ეთამაშებიან.
როგორც "პირWელს" დეპუტატმა განუცხადა, "აქციის მონაწილეები კანონის ზღვარზე გადიან და მათი მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებს უკვე აქვს ადგილი". აქვე დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ "როგორც კი ამმხრივ უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ექნება ადგილი, თუნდაც ისეთის როგორიც ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლაა, მიხვდებიან, რომ ეს სახელმწიფო უპატრონო არ არის".
"კანონის დარღვევითა და ამ გზით პროცესების დაძაბვის მცდელობით ნამდვილად ვერაფერს მოიგებენ. მით უფრო, როცა საუბარია საზოგადოების მხარდაჭერით 1%-მდე რეიტინგის მქონე პოლიტიკურ ძალებზე. როდესაც კანონს უხეშად არღვევ და ძალადობაზე გადადიხარ, ნებისმიერ სახელმწიფოში ხელისუფლებას ამ ქმედებების აღკვეთის ლეგიტიმური უფლება გააჩნია. ასე რომ, აქედან ვერაფერს მოიგებენ", - განუცხადა "პირWელს" დარჩიაშვილმა, რომელიც "მიმდინარე მანიფესტაციებზე გამოტახული ემოციების ნულამდე დასვლაში ცალსახად დარწმუნებულია".
"რესპუბლიკური პარტია” ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
”წუხელ ბათუმში და დილას თბილისში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რეპრესიული და პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით, კვლავ ხელს უწყობს მოვლენების ესკალაციას.
აშკარაა, რომ პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულმა ხელისუფლებამ სახალხო კრების აქციები უკვე მიიჩნია წარუმატებლად და თავისი მიზნების მისაღწევად ცდილობს პროცესში სხვა ოპოზიციური ძალების ჩათრევასაც.
"მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს და პოლიტიკურ ძალებს, არ აყვნენ ხელისუფლების პროვოკაციას და არ ჩაერთონ ძალადობის ესკალაციაში, რაც ქვეყნისათვის სავალალო შედეგებით დასრულდება”,- აღნიშნულია ”რესპუბლიკური პარტიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლების მხრიდან ძალადობას გმობენ. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები დემონსტრაციის მოსაწყობად შეიკრიბნენ, აშკარად ასახავს ქართული საზოგადოების უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ:
"თავისუფალი დემოკრატები" ვგმობთ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას და სტაბილურობის სახელით სამოქალაქო უფლებების ხელყოფას. მოვითხოვთ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დაკავება, აქციის მონაწილეთა გატაცება და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები. სამწუხაროდ დღვანდელმა ძალადობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა შესაბამისი დასკვნები 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიდან".
ყოველგვარი პროვოკაციისა და შემთხვევითობის თავიდან ასაცილებლად, "თავისუფალი დემოკრატები" ითხოვენ, აეკრძალოს პოლიციას აქციის პერიმეტრზე სამოქალაქო ტანსაცმელში და განმასხვავებელი ნიშნების გარეშე ყოფნა და გადაადგილება:
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს და საკუთარი წარუმატებლობის გამო დაგროვილი აგრესია ქუჩაში გამოსული ადამიანების წინააღმდეგ არ მიმართოს და ქვეყანა კიდევ ერთხელ არ დააყენოს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე".
„არაბული სამყაროს პოპულარული ამბოხებებით შთაგონებული ათასობით ქართველი ქვეყნის დედაქალაქში ქუჩაში გამოვიდა, რათა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მოეთხოვა" – ამ სათაურით არაბულმა გამოცემა "Al Arabia" – მ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
სტატიის ავტორი გუშინ თბილისსა და ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებს აღწერს და ყურადღებას ოპოზიციონერი ლიდერების რადიკალურ განცხადებებზე ამახვილებს.
"აქციაზე გამომსვლელებმა სააკაშვილი ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მან ვერ შეძლო საყოველთაო სიღატაკის დაძლევა და 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთთან კატასტროფულ ომში დაკარგა. ოპოზიციონერი ლიდერები, მათ შორის სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე, აცხადებენ, რომ ეს უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლაა და უკან დახევას არ აპირებენ" – ნათქვანია სტატიაში.
არაბული გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე, საქართველოზე ძალიან მნიშვნელოვანი საავტომობილო, სარკინიგზო და ენერგეტიკული მარშრუტები გადის. სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსკოვის მხარდაჭერილი აჭარის ლიდერი 2004 წელს გააძევა და რეგიონზე თბილისის კონტროლი გააძლიერა. მაგრამ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ორი რეგიონი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კვლავ თბილისის კონტროლს მიღმა რჩება. ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წელს ომში დამარცხებისა და 2007 წლის აქციების დარბევის მიუხედავად, სააკაშვილი ქვეყნის ყველაზე ძლიერ ფიგურად რჩება და ბევრი ფიქრობს, რომ ის ქართულ პოლიტიკაში დომინირებას 2013 წლის შემდეგაც შეძლებს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.