საქართველოში ლიბიის მოდელის გადმოღება რომ არ გამოვიდოდა, ამას არანაირი ექსპერტობა არ სჭირდებოდა. მით უფრო, ეს თავად ოპოზიციის ლიდერებს კარგად უნდა სცოდნოდათ, რომლებიც არც მალავდნენ, რომ ხალხი დატერორებულია და პროტესტის გამოხატვა იოლი არაა.
ასიათასობით თავზეხელაღებული გმირის მოძებნა კი არც ისე იოლია. ამიტომაც თავისუფლების მოედანზე თუ ტელევიზიის წინ ამაოდ ისმოდა მოწოდება - „გამოდით, ვაჟკაცობა არაა, მოვლენების განვითარებას სახლიდან ადევნოთ თვალი“.
ნინო ბურჯანაძე „კონსტრუქციულად“ მოუწოდებდა ხალხს მიტინგზე გასვლისკენ და საკუთარ წარმატებაში არწმუნებდა. ერთი კია, იმთავითვე საეჭვო იყო 21 მაისის დათქმა - მალე ზაფხული მოვა და, ქართული გამოცდილებიდან გამომდინარე, საზოგადოებას თაკარა მზეში დგომისა და ცოტნე დადიანის გმირობის გამეორების არანაირი სურვილი არ ექნება.
თუმცა, საზოგადოებაზე რა უნდა ვთქვათ, როცა გასული წლების აქციებისას თავად ოპოზიციის ლიდერები ასწრებდნენ ერთმანეთს დასასვენებად გაქცევას.
სახლში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილის ნიჰილიზმს კი, არა მხოლოდ არაერთგზისი ამბოხების წარუმატებლად დასრულება ამძაფრებდა, არამედ ბურჯანაძის მიერ ჯერ კიდევ 2010 წლის 25 ნოემბრისთვის დაანონსებული გამარჯვების მარცხიც, რაც მოგვიანებით იმით დასრულდა, რომ პირველი სკოლის წინ ბურჯანაძე „ჯიპში“ ჩაჯდა და გაუჩინარდა. ხალხი კი იქ დარჩენილ ეულად დარჩენილ ლიდერებს, მათ შორის, ეკა ბესელიას, თხოვდა, არ დაშლილიყვნენ და ხელისუფლების დასამხობად ემოქმედათ.
მოგვიანებით „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი თავს იმართლებდა, რუსთაველის გამზირზე სახალხო წარმომადგენლობით კრებას ვატარებდი და არა რევოლუციასო, თუმცა ყველას ახსოვდა 25 ნოემბრამდე გაკეთებული განცხადებები, რომ სწორედ 25 ნოემბერს შეიკრიბებოდა „ქრისტეს მხედრობა“ საქართველოს გადასარჩენად, რომ 25 ნოემბერი იქნებოდა ბრძოლის პროცესის დასაწყისი.
თავად ბურჯანაძემ კი მაშინ აღნიშნა, რომ 25 ნოემბერს პარლამენტის წინ მისულ ძალას ხალხისთვის არ უნდა ემტყუნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ამ ძალას სააკაშვილსვე მიაყოლებდა.
სახალხო კრების ლიდერები აქციის დაწყებისთანავე პირდებოდნენ საზოგადოებას, რომ სამოქმედო გეგმას აქციის ბოლოს გაამხელდნენ. ამ გეგმის პირველი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადანაცვლება აღმოჩნდა.
პრესაგე.ტვ. მიტინგის დაწყებამდე ნინო ბურჯანაძეს გაესაუბრა. ბურჯანაძის თქმით, ასობით ადამიანია დაპატიმრებული და მათი ოჯახის წევრები ეძებენ ახლობლებს. ამის მიუხედავად, ისინი მაინც აპირებენ აქციაზე გასვლას.
„ხალხის უდიდესი ნაწილი უბრალოდ ფეხით მოდის, რადგან ადამიანებს მანქანიდან აგდებდნენ, მანქანებს ართმევდნენ, როგორც ბანდიტები, ისე მოქმდებდნენ პოლიციელები. თბილისის ერთ-ერთ მეტროპოლიტენთან ფეხმძიმე ქალბატონი სცემეს, რომელიც თავისი ქმრის დაცვას აპირებდა. მისი მეუღლე ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტია, რომელიც ახლა საავადმყოფოში გადატეხილი ფეხით წევს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევთ. ახლა საზოგადოების შემომატებას ველოდებით,“ – აღნიშნა ბურჯანაძემ.
ჩვენ ასევე, გავესაუბრეთ ნონა გაფრინდაშვილს. გაფრინდაშვილმა ჟურნალისტური ეთიკის შესახებ ისაუბრა.
„რეალ-ტივი“ არის თავისი ქვეყნის მტერი ტელევიზია. იმ ჟურნალისტებს კი, რომლებიც ასეთ სიტუაციაში თავიანთ ხალხს ემსახურებიან, ისტორია და ხალხი დააფასებს. იქაც ყველა ჟურნალისტს კი არ ვადანაშაულებ, უბრალოდ, იმ ჟურნალისტებს, ხელისუფლების გვერდში რომ დგანან და მათ იყენებენ. მერე ამოჭრიან ჩვენს ჩანაწერებს და რასაც უნდათ, იმას გაუშვებენ ტელეეთერით“, – აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, „გადაჭედილია თავისუფლების მოედანი. წუხელ კი მთელი ღამე საქართველოს მასშტაბით მიდიოდა ტერორი, მანქანების წართმევა, ხალხის გატაცება, დაპატიმრება. იცით, ჩვენი მანქანა, სადაც სცენა უნდა მოეწყოს, რატომ აგვიანებს? რომ არ ემოძრავა, სილა ჩაუყრიათ მანქანაში. ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მოქმედებები შემდგომაც გაგრძელდება“.
როგორც გოგი ქავთარაძემ „პრესაგე. ტვ“-სთან საუბარში აღნიშნა, რომ „წვიმამ ცოტათი ხელი შეუშალათ, მაგრამ მაინც უშიშრად მივიდა ხალხი. აქცია გაგრძელდება და ხალხი არ დაიშლება“.
მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის თქმით კი, მათ ხალხის იმედი აქვთ: „ხალხი ემატება და ძალიან კარგი სიზმრები გვაქვს. აქციები იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება, რათა მშვიდობიანად წავიდეს ეს მთავრობა“.
ამასთან, ჯაჭვლიანი არ აკონკრეტებს, გაიშლება თუ არა კარვები და აცხადებს, რომ ყველაფერი მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
საპროტესტო აქციას შეფიცულთა ლიდერი გია ბურჯანაძე წარმართავდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენს წინაპრებს უარესიც გადაუტანიათ.
„ბევრი მოსაცდელი დრო არ გვაქვს. 2012-13 წლამდე ვერ მოვიცდით. მთელი ერი დიდ ცოდვაში ვართ, გაჭირვების გამო ყოველდღიურად 5-6 ადამიანი იკლავს თავს. ჯარი და პოლიცია თავიდან ასაშენებელია. ეს მოხდება მაშინ, როცა კრიმინალი ხელისუფლება დატოვებს საქართველოს“, – აღნიშნა „შეფიცულთა რაზმის“ მეთაურმა.
"ამ აქციებითა და ერთად დგომით ჩვენ უნდა გავაძევოთ დაბეზღება, მოსმენა, თვალთვალი, რომელსაც ეს რეჟიმი ახორციელებს. ასევე უნდა დამთავრდეს ქვეყნის ანექსია და ჩვენი ერი უნდა დადგეს იმ ერთა შორის, რომელთაც ღირსება აქვთ შერჩენილი. მოვუწოდებ მთელს საქართველოს, გამოვიდნენ და დადგნენ იმ ხალხის გვერდით, რომელიც დღეს აქაა შეკრებილი და იბრძვის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა გია ბურჯანაძემ.
"საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დახუჭოს თვალი იმაზე, რომ სააკაშვილმა შექმნა ყალბი და ფასადური დემოკრატია. ამიტომ ჩვენ დღეს შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, ხალხმა ძალაუფლება განახორციელოს პირდაპირი ფორმით", - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც გია ბურჯანაძემ წაიკითხა.
მიტინგზე სიტყვით გამოსულმა ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას მომავლის პერსპექტივა არ აქვს.
„ავტორიტარული ხელისუფლებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოვადგენთ. სახალხო კრებას გათვალისწინებული აქვს ყველა ის სცენარი, რომლითაც მოქმედება შეიძლება განვითარდეს. გადამწყვეტ ბრძოლას ვიწყებთ ამ რეჟიმისგან გასათავისუფლებლად“.
რეზო ესაძემ ქართველ ერს მიმართა და აღნიშნა, რომ გარკვეული პირები ქართული გენის წაშლას ცდილობენ.
„ცდილობენ, ქართული გენი რაღაც დეკორაციებს ამოაფარონ. ის მშენებლობა, დეკორაცია გაკეთებულია იმისთვის, რომ ქართულ გენზე ისეთი ზემოქმედება მოახდინონ, რამდენიმე წელიწადში ქართველი ქართველს ვეღარ შეხედავს.
ნინო ბურჯანაძემ კი აღნიშნა, რომ ვაჟკაცური საქციელი არაა, სხვას შეუძახო: მიდით და ჩვენ მოვდვართო. „თუ ბრძოლა გინდათ, გამოდით, ჩვენ მივდივართ ამ ბრძოლაში. ქუდზე კაცი მოვიდეს აქ! აქ წყდება საქართველოს თავისუფლების ბედი. საქართველოს მოსახლეობა სინდისმა უნდა შეაწუხოს და დადგეს იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება. თუ საჭიროა, დღეს მოვკვდე ჩემი სამშობლოსთვის, ოღონდ ამ ქვეყანაში იცხოვრებოდეს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
"მირჩევნია ვიყო მოკლული შვილის დედა, ვიდრე მკვლელის დედა. შეაჩერეთ თქვენი შვილები და ნუ აქცევთ მათ მკვლელებად", - განაცხადა ია მეტრეველმა.
მოგვიანებით, ლიდერების მოწოდებით, ხალხმა ტელევიზიისკენ გადაინაცვლა, სადაც ბურჯანაძის მახვილ თვალს ჩასაფრებული „სნაიპერები“ არ გამორჩენია.
ისტორია კვლავაც განმეორდა. ეს გზა მომიტინგეებისთვის ახალი არაა, ასევე მოხდა 2009 წელს, როცა ოპოზიციის ლიდერებმა ლევან გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი ტელევიზიისკენ გადაინაცვლეს და სააკაშვილის გადადგომის ნაცვლად, ტელევიზიის მაშინდელი შეფის ლევან ყუბანეიშვილისგან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების გაშუქება მოითხოვეს. მაშინ ბევრი აცხადებდა, რომ სააკაშვილის გადადგომის მოწოდებას ასეთი უბრალო მოთხოვნა არ უნდა ჩანაცვლებოდა.
21 მაისს თბილისსა და ბათუმში გამართული საპროტესტო აქციები ერთნაირი სცენარით მიმდინარეობდა. ორივე შემთხვევაში, მომიტინგეებმა მთავარი მოედნიდან ტელევიზიისკენ გადანაცვლება არჩიეს.
როგორც დღის ბოლოს აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, მათი გეგმის შესრულებას ნაწილობრივ ხელი იმანაც შეუშალა, რომ მიტინგის მსვლელობისას მათი არაერთი აქტივისტი დააკავეს, საზოგადოების ნაწილმა კი კვლავ სახლში დარჩენა ამჯობინა.
ვისთვის მოლოდინით აღსავსე, ვისთვის კი მერამდენედ იმედისგამაცრუებელმა 21 მაისმა პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში არყოფნაში ჩაიარა. სააკაშვილმა უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრება არჩია პოლიტიკურად ცხელი დღის ყურებას.