ახლა ღამის ორი საათია. დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ბათუმში ”სახალხო კრების” ოფისი სპეცრაზმმა დაარბია. ამის შესახებ ბათუმიდან საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”ემსახურე საქართველოს” თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ ტელეფონით გვაცნობა, მურმან დუმბაძე, ამავდროულად, ”სახალხო კრების” ბათუმის შტაბის წევრია.
დუმბაძის თქმით, სპეცრაზმელებმა ”შეფიცულთა რაზმის” სამი წარმომადგენელი დააკავეს და ოფისში მყოფი პირები სასტიკად ცემეს, რის გამოც ოთხი ადამიანი ამ წუთისთვის ბათუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმსა და თბილისში აქციები ერთდროულად - დღის სამ საათზე დაიწყო. ასევე ერთდროულად მოხდა აქციის მონაწილეთა გადანაცვლება ტელევიზიების შენობებთან. თბილისში მომიტინგეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ, ხოლო ბათუმში – აჭარის ტელევიზიასთან.
თბილისში აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა მოთხოვნა დააკმაყოფილეს და მიტინგი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთით ჩართეს, მაგრამ ბათუმში ამგვარ მოთხოვნას სპეცრაზმელების მიერ აქციის დარბევა მოჰყვა.
დარბევის შემდეგ აქცია არ დაშლილა - მათ შეკრების თავდაპირველ ადგილზე, ე.წ. ერას მოედანზე გადაინაცვლეს და აქცია გააგრძელეს, მაგრამ, მოგვიანებით ქუჩაში ღამის გათევა კოკისპირული წვიმის გამო გადაიფიქრეს.
ბათუმში ”სახალხო კრების” ლიდერები აქციის განახლებას 22 მაისს 15 საათზე, ერას მოედანზე გეგმავენ.