ქვემო ქართლში „სახალხო კრების“ მანქანები დააპატიმრეს

ქვემო ქართლში „სახალხო კრების“ მანქანები დააპატიმრეს

[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]

„მიშა უნდა წავიდეს“ –  ასეთი წარწერის ქართულ-ინგლისური პლაკატები ჩანდა დღეს სახალხო კრების აქციაზე. თბილისელები და რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა, დღის პირველი საათიდან თავისუფლების მოედანზე იკრიბებოდა.

თუმცა, „სახალხო კრების“ ქვემო ქართლის რაიონული კომიტეტების ხელმძღვანელების თქმით, მათი კუთვნილი მსუბუქი ავტომობილები რუსთავში, ბოლნისში და თეთრიწყაროში საპატრულო პოლიციამ დააკავა.

„აბსოლუტუტად უსაფუძლოდ, საპატრულო პოლიციამ ჩამოგვართა მანქანები და ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშეექვსი მანქანა წაიყვანეს. ასევე ჩამოგვართვეს მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ერთ-ერთმა კრების წევრმა გუშინ შეიძინა. სამწუხაროდ, ადგილობრივმა პოლიციამ მანქანების ჩამორთმევის მეთოდს რუსთავის გარდა ბოლნისსა და თეთრიწყაროშიც მიმართა. კრების წევრებს ავტომობილებიო ჯახებიდან გამოუყვანეს და წაიყვანეს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს მანქანები არის ჩვენი წევრების საკუთრებაში და მათზე არანაირი ჯარიმა არ არსებობს.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ რუსთავში ყველა ავტობუსის და სამარშუტო ტაქსის მძღოლი დააშინა. უთრეს, რომ აქციის მონაწილეების თბილისში გადაყვანის შემთხვევაში პრობლემებს შეუქმნიდნენ. იძულებულები გავხდით  ადგილობრივი გაზეთების საშუალებით გაგვევრცელებინა ინფორმაცია, რომ დილით ყველანი ქალაქის გასავლელთან ვიკრიბებოდით და თბილიშიც ასე ჩავიდოდით. სინამდვილეში კი, ხალხში ინდივიდუალურად, სათითაოდ გავამგზავრეთ თბილისში.

ჩვენზე სხვა სახის ზეწოლაც ხორციელდებოდა.  რუსთავის კუდ-ის თანამშრომლები დაგვყვებოდნენ მთელი დღის განმავლობაში, ვიდეოს გვიღებდნენ და აფიქსირებდნენ ყველა იმ მანქანის მძღოლს, რომელთანაც მივდიოდით“. - ამბობს რუსთავის „სახალხო კრების“  აღმასრულებელი მდივანი, თორნიკე არევაძე.

რუსთავის სამართალდამცავების მხრიდან ვიდეოკამერების გამოყენებით თვალთვალი უკვე საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. 7 მაისს, როდესაც ადგილობრივმა პოლიციამ 12 „სახალხო კრების“ და ორგანიზაცია „არას“  წევრი დააკავა, მოვლენების განვითარებას პოლიცია ადევნებდა თვალ-ყურს. მისი დაფიქსირება ტელეკომპანია „მაესტროს“ და „პალიტრატვ.გე“-ს გადამღებმა ჯგუფმა მოახერხა.

ერთ-ერთი ვის საკუთრებაშიც არსებული მანქანაც დღეს საჯარიმოზე დგას, "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის"  რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი, დავით ოვაშვილია.

„საპატრულო პოლიცია გუშინ 16 საათზე დამადგა თავზე. მითხრეს, რომ მანქანა დაკავებაზე არის გადაცემულიო და საჯარიმოზე გადაიყვანეს. ანალოგიური ფაქტები მოხდა კახეთსა და დასავლეთშიც. ჩვენი ინფორმაციით პრობლემები შეექმნა იმ ტაქსისი მძღოლებს, რომლებმაც თბილიში ჩაგვიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით მათ მანქანები ჩამოართვეს. ქვემო ქართლის რაიონებიდან ხალხის ჩამოყვანა, მანქანების დაპატიმრებების გამო გართულდა. რაიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა დგას და ხალხის ჩამოყვანას მსუბუქი ავტომობილებით ვგეგმავდით. “ – საუბრობს  დავით ოვაშვილი.

დაპატიმრებულ მანქანებზე საპატრულო პოლიცია დუმს. „სახალხო კრების“ წევრებს კი აინტერესებთ მანქანების დაპატიმრებების გარდა ზეწოლის სხვა რა მეთოდზე გადავა ძალოვანი უწყება?