„ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოს მოქალაქეების უვიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს“, - ასეთია ინფორმაცია, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად აუცილებელი პირობების შესრულების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. კენჭისყრაში, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტში გაიმართა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას 43-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგი იყო, 3-მა თავი შეიკავა.
კენჭისყრამდე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი გადაუგზავნის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტს საკუთარ დასკვნებს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. 14 ივლისს კი არის ბოლო ვადა, რომლის განმავლობაშიც პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეუძლიათ შეიტანონ თავიანთი შესწორებები, თუ აქვთ მოხსენებაში, რომელიც LIBE-ს მომხსენებელმა გააკეთა და ამის შემდეგ LIBE-ს კომიტეტი უყრის კენჭს მოხსენებას.
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის დაწესება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ უდიდესი სამუშაო შეასრულეს და ახლა შედეგები უნდა დაინახონ. ვუსურვებ ქართველ ხალხს შემდგომ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა.
მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმება გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას მისი ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის.
„ვიზალიბერალიზაცია დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ ვაფასებთ მას იმის გამო, თუ რამდენად გაზრდის ის ადამიანებს შორის კონტაქტის პოტენციალს, მათ შორის სტუდენტებს, აკადემიკოსებს, მასწავლებლებსა და ბიზნესმენებს შორის. სავიზო რეჟიმის გაუქმება გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას მისი ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას“, - განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.
მაშ ასე, სკეპტიკოსების განცხადებების მიუხედავად, ვიზელიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, რისი პროცედურული გაფორმებაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ 4 ივლისს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ანგარიშს.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს კომიტეტი არის წარმდგენი აღნიშნული საკითხის პლენარულ სხდომაზე. LIBE-ს მომავალ სხდომაზე უკვე კენჭი ეყრება ამ საკითხს, მას შემდეგ რაც შეგროვდება შენიშვნები, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პარტია, ყველა წარმომადგენელი, თანხმდება.
მნიშვნელოვანია და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებულია. ამ საკითხს სჭირდება შესაბამისი პროცედურული გაფორმება, რაც შესაბამის სტრუქტურებში ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
for.ge-სთან საუბრისას ჯიპა-ს პროფესორის ბაკურ კვაშილავას განცხადებით, მოსალოდნელიც იყო, რომ ევროპალამენტში ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ახლა მთავარია საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბერში იქნას მიღებული.
„ვიზალიბერალიზაციის პორცესი არის ერთი გამოხატულება იმ დემოკრატიული რეფორმებისა, რომელიც საქართველოში მიდის. რა თქმა უნდა, არ უნდა მოგვწონდეს ჩვენი დემოკრატია, იმიტომ, რომ სრულყოფილი არ არის, მუდმივად უნდა ვეცადოთ მეტი დემოკრატია იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ გაცილებით დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვიდრე დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეები. ეს არის ძირითადი არსი, რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში, გამოიწვიოს დაახლოება. მეორე მხრივ, როგორც ხედავთ, დიქტატურის ქვეშ ცხოვრობს რუსეთში მოსახლეობა და ძალიანაც კმაყოფილი არიან“, - აცხადებს კვაშილავა.
რაც შეეხება ანდრეს მამიკინმის განცხადებას, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას მისი ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, კვაშილავა ამბობს, რომ ეს გრძელვადიან ასპექტში არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მოკლევადიანში.
„მოგეხსენებათ, ეს რეგიონები აბსოლუტურ იზოლაციაში არიან, როგორც თავიანთი მთავრობების, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისა და რუსეთის მხრიდან. თუ რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლა, ამ ინფორმაციის ასე მიღება ცოტა გართულებული იქნება მათთვის. მოგეხსენებათ, რომ ორივე რეჟიმმა იმდენად გაამკაცრა საკუთარი მოქალაქეების თვალთვალი, რომ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც შემჩნეულია საქართველოსთან კავშირში და ეს მიმართულება ახლა უფრო იზღუდება, ვიდრე ადრე.
აქედან გამომდინარე, შეიძლება, ეს პირდაპირ არ შეეხოთ მათ და ასე პირდაპირ ადვილად ვერ გამოიყენონ უვიზო მიმოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ნაცრისფერი პასპორტების გამოყენების საშუალებაც კი აქვთ, რომელიც პირდაპირ არ ამბობს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა არც უარყოფს ამას. აქედან გამომდინარე, ძნელი იქნება უშუალოდ შედეგები დავინახოთ უახლოეს პერიოდში. მაგრამ, ზოგადად, ეს პოზიტიური სტიმული იქნება მათთვის, რომ საქართველოსთან ეძებონ უფრო მეტი კავშირები“, - აღნიშნა ბაკურ კვაშილავამ.