"წარმომადგენლობითი სახალხო კრება" დღეს ხელისუფლებას გადასადგომად ვადას 24 მაისამდე მისცემს. ამის შესახებ "პირWელს" კრებიდან სარწმუნო წყარომ აცნობა და აქვე დასძინა, რომ "ამჯერად ქუჩაში გასულ მხარდამჭერებს სახლებში აღარავინ გააბრუნებს".
"აქციაზე ყველა ადამიანს - პარტიულს თუ უპარტიოს შეუძლია მოსვლა და ხალხთან დადგომა" - განუცხადა ჟურნალისტებს კრების ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
"იმ გეგმის მიხედვით, რომელიც "სახალხო კრებას" აქვს შემუშავებული, დამნაშავე ხელისუფლებას აუცილებლად გავისტუმრებთ და თავისუფალ არჩევნებს მივაღწევთ", - დასძინა მან.
ამასთან, "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" დღეს სახელმწიფო შენობების პიკეტირებას "და არა მარტო პიკეტირებას" გეგმავს. გეგმის მეტი დაკონკრეტებისგან პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თავი შეიკავა და მოტივად ის გარემოება დაასახელა, რომ "არ სურს, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს სამოქმედო გეგმა თავადვე დაუდოს თვალწინ".
"ვანო მერაბიშვილი არც ისეთი მძლეთამძლეა, როგორც ბევრს ჰგონია და მერწმუნეთ, ძალიან ბევრი რამ არ იცის" - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე მტკიცებით, "კრებას ხალხის მეტი რაოდენობა არა იმისთვის სჭირდება, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს და რაღაც პროვოკაციები მოაწყოს, არამედ იმისთვის, რომ პროცესი რაც შეიძლება, მალე და სწორედ მშვიდობიანად დაასრულოს".
ლურჯფორმიანი სამართალდამცავი თანამშრომლების სიმრავლე შეიმჩნევა თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი უშიშროების სამინისტროს ეზოში.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, ეზოშივე დგას რამდენიმე ე.წ. ყვითელი ავტობუსიც. შენობისა და ეზოს გარე პერიმეტრი დაცვის ქვეშაა.
ხალხმრავლობაა თაბუკაშვილის ქუჩაზე, ახლად გახსნილი პოლიციის შენობასთანაც, თუმცა იქ მყოფ მამაკაცებს სამართალდამცავების უნიფორმები არ აცვიათ.
აღნიშულ ტერიტორიებზე ფოტო და ვიდეოგადაღება ვერ ხერხდება.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ "სახალხო კრების" წარმომადგენლის ნაური ჯიქიას დაკავებას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები გეგმავდნენ. ჯიქია გლდანის მე-4 მიკრორაიონში, მე-4 კორპუსში ცხოვრობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯიქიას მეუღლემ, ია დანელიამ განუცხადა, მისი მეუღლე ბინიდან 08.30 საათზე გავიდა, თავად აივნიდან იყურებოდა. მან დაინახა, რომ სადარბაზოსთან ოთხი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი დაუხვდა ჯიქიას და აპირებდნენ მის დაკავებას. ისინი ყვიროდნენ, რომ ჯიქიას დანა ჰქონდა,. ჯიქია გაიქცა პირდაპირ მდებარე კორპუსისკენ, პირველ სართულზე კარი ღია ნახა და შიგნიდან ჩაკეტა.
ია დანელია აღნიშნავს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ დაუკავშირდა სახალხო კრების წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს და შეატყობინა ინციდენტის შესახებ.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მივიდა, თუმცა ჯიქია არც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უღებდა კარს. პოლიციელებმა შემთხვევის ადგილი ჟურნალისტებისა და "სახალხო კრების" წევრების მისვლის შემდეგ დატოვეს.
”სახალხო კრების” წარმომადგენლებმა ჯიქია მანქანაში ჩასვეს და სავარაუდოდ, ოფისში წაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე ნაგვის ურნებიც აღებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ქუჩებიდან ნაგვის ურნები პერიოდულად იხსნება, რათა ისინი გაირეცხოს ან შეკეთდეს. აღნიშნული ფაქტიც სწორედ ამას უკავშირდება.
"ნებისმიერ ქუჩაზე, საიდანაც ნაგვის ურნებია გატანილი, მხოლოდ მათი გარეცხვის ან შეკეთების მიზნითაა მოხსნილი და იგი სხვა რაიმეს არ უკავშირდება", – აცხადებენ მერიაში.
"ქართული პარტია" სახალხო კრების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ ხელისუფლება ძალადობას მიმართავს, აქციაზე სიტუაცია გამწვავდება და რაიმე ინციდენტი მოხდება.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა. როგორც სუბარმა აღნიშნა, მათ არა აქვთ დამოუკიდებლად საპროტესტო აქცია დაგეგმილი, რათა ამან არ გამოიწვიოს საზოგადოების დაბნევა. მისი თქმით, ვერ მოუწოდებენ პარტიის აქტივს, რომ დღევანდელ აქციაზე გავიდნენ, ვინაიდან არ იციან აქციის ორგანიზატორების კონკრეტული გეგმები.
ამ ფონზე, პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი თავის უნგრელ კოლეგას შეხვდება.
პრეზიდენტის მიერ გამართულ შეხვედრებზე საუბარი საქართველო-უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას შეეხება. მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი 24 მაისს დასრულდება.