"სახალხო კრება" დღეიდან ხელისუფლების შესაცვლელად საპროტესტო აქციებს იწყებს. საპროტესტო აქციები ერთდროულად თბილისში, თავისუფლების მოედანზე და ბათუმში, ერას მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება. საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციის მიერ "21 მაისის ამოჩემებას", „პლანეტების და ან გაზაფხულის გავლენას“ უკავშირებენ. „რვიანი“ ხელისუფლებას „ოპოზიციური აზრის მოსმენისკენ“ მოუწოდებს. ექსპერტების შეფასებით კი, ქვეყანაში საპროტესტო მუხტი მაღალია, მაგრამ მაღალია ხელისუფლების მიერ ამ მუხტის ჩახშობის სურვილიც.
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია "სახალხო კრების" სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი და ათიათასობით მხარდამჭერი. მათივე ცნობით, კრებას შემუშავებული აქვს თანმიმდევრული მოქმედების გეგმა, გათვალისწინებულია ყველა სცენარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მოვლენები განვითარდეს:
"ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნებისთვის და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. 21 მაისს იწყება სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად გადამწყვეტი ბრძოლა! ჩვენ ვიბრძვით მამულისთვის! ჩვენ ვიბრძვით ღირსეული მომავლისთვის!".
"წარმომადგენლობითი სახალხო კრება" დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხეელებისადმი მიმართვას ავრცელებს და მათ გაერთიანებისკენ მოუწოდებს:
"მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, სპეციალისტს, პროფესიონალს, ექსპერტს, რომლებზეც დამოკიდებულია ქვეყნის განვითარების პერსპექტივა და ბედი, მოგმართავთ სახელმწიფო მოხელეებს - შემოგვიერთდით! დადექით საკუთარი ხალხის გვერდით! ემსახურეთ მხოლოდ ხალხს და არა პრეზიდენტ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმს".
"სახალხო კრებაში" მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების შესაცვლელად ძალზედ ბევრია დამოკიდებული თითოეული ადამიანის სწორ გადაწყვეტილებაზე, ხოლო პირდაპირი დემოკრატია, რომლისკენაც "სახალხო კრება" მოუწოდებს საზოგადოებას, "არსებული ხელისუფლების არაადეკვატურობისა და უპასუხისმგებლობის გათვალისწინებით", ერთადერთი გამოსავალია ქვეყნის გადასარჩენად.
მათი მტკიცებით, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული უამრავი ადამიანი, უმეტეს შემთხვევაში, აცნობიერებს რეალურ ვითარებას, თუმცა პატიოსნად განაგრძნობს თავისი მოვალეობის შესრულებას, რადგან მიიჩნევენ, რომ ემსახურებიან ქვეყანას და არა სააკაშვილის რეჟიმს.
"ჩვენი პრინციპია, ყველა პროფესიონალი და პატრიოტი დარჩეს საქართველოს სამსახურში, მისი პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად. მხოლოდ დანაშაულში ჩართულ მოხელეებს უნდა მოეთხოვოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის. საქართველოში აღარასოდეს უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო მოხელეთა შერჩევა მონურ ერთგულებაზე ან პარტიულ კუთვნილებაზე. მომავალი ხელისუფლებისთვის ერთადერთი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი, პატიოსნება და სამშობლოს სამსახური უნდა გახდეს. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი უმეტესობა ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს", - აღნიშნულია მიმართვაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს 21 მაისის აქციაზე.
"ხელისუფლებას არანაირად არ მივცემთ აქციის ჩაშლის შესაძლებლობას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება უკვე შოკშია და იქამდე მივიდა, რომ კრების აქტივისტებისა და მხარდამჭერების ღია ტერორი დაიწყო - აკავებენ და აშინებენ მათ, იპარავენ კრების მიერ აქციისთვის დამზადებულ ბანერებს.
ამასთან, ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებმა გარკვეული ადმინისტრაციული დაწესებულების პიკეტირება მოახდინონ. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, პიკეტირება არის ხალხის კონსტიტუციური უფლება და ხელისუფლება, რომელიც არაკონსტიტუციურად იქცევა და დგამს ყაჩაღურ ნაბიჯებს, ადეკვატურად მოქცევას იმსახურებს:
"არ ვაპირებთ ყაჩაღური ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ კონსტიტუციური უფლებების აღსადგენად ძალიან სერიოზულად და მწვავედ ვიმოქმედებთ. რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს ხელისუფლება, გარწმუნებთ, მით უფრო მწვავედ მოხვდება ცხვირში".
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა იმაზეც ისაუბრა, თუ რა მოხდება "თავისუფლების მოედანზე" 15:00 საათის შემდეგ. მისი ინფორმაციით, აქციის მონაწილეების შეკრების შემდეგ იქნება რამდენიმე გამოსვლა, მიმართვები საერთაშორისო თანამეგობრობისადმი და თანამემამულეებისადმი, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე მოქალაქეებისადმი, "იქნება მიმართვები და გამოსვლები, მაგრამ ეს არ იქნება რამდენიმესაათიანი მიტინგი", - დასძინა მან.
ამავე დროს, დღეს დილიდან სახალხო კრება მათი აქტივისტების დევნის შესახებ იუწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სახალხო კრების" პრესსამსახურიდან აცნობეს , ამ წუთებში სპეცრაზმი დევნილთა კომიტეტის წევრის ნაური ჯიქიას სახლში შეღწევას ცდილობს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეცრაზმი ამ წუთებში მობილიზებულია გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე ჯიქიას ბინასთან.
კრების ინფორმაციითვე, პოლიციას გადაკეტილი აქვს გზა მარნეულთან და მათ მხარდამჭერებს თბილისისკენ წამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.
როგორც პრესაგე.ტვ–ს სამეგრელოდან აცნობეს, ანალოგიური სიტუაციაა დასავლეთ საქართველოშიც. სამართალდამცველები თბილისისკენ არ ატარებენ მიკროავტობუსებს, ხდება მათი დაზიანება – მინების ჩამსხვრევა, საბურავების დაშვება და ა.შ. ამიტომ აქციაზე წამსვლელები იძულებულები არიან მსუბუქ ავტომობილებში გადასხდნენ, თუმცა შემდეგ საპატრულო პოლიცია მძღოლების შემოწმებას საათებს ანდომებს. ამ წუთისთვის სამტრედიასთან გაჩერებულები არიან სენაკელი აქტივისტები. ისინი თბილისისკენ გამოღწევას ცდილობენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციის ნაწილის მიერ "21 მაისის ამოჩემებას", პლანეტების და ან გაზაფხულის გავლენას უკავშირებენ.
როგორც ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შესაძლოა რადიკალური ოპოზიციის მიერ ამ თარიღის ამოჩემება ნაწილობრივ მთვარის დედამიწაზე გავლენის ბრალი იყოს, ან გაზაფხულის, თუმცა დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი გავლენა, რუსული იდეებიც იყოს.
"შესაძლოა, იქ ამბობენ, რომ ასე სჯობს, რაღაცას დაემთხვევა, ამ დროს უფრო გვცალია, ან უფრო მეტი ფული გვექნება მაშინო", – ამბობს დარჩიაშვილი და იქვე დასძენს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მთელი ეს ქმედებები, პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს, განსაკუთრებით თავად ოპოზიციის ნაწილისთვის.
ნინო ბურჯანაძის მუქარაზე კი, რომ ხელისუფლებას 26 მაისს აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემს, დარჩიაშვილი ამბობს, რომ აღლუმებთან ბრძოლას და ამერიკის საელჩოსთან "მასკარადების ჩატარებას" სჯობს ოპოზიციამ პოლიტიკური მეთოდებით იბრძოლოს.
შექმნილ ვითარებაში „თავისუფალი დემოკრატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ:
„საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეეძლოს საწინააღმდეგო აზრის მოსმენა. ხალხზე ძალადობა სამოქალაქო დაპირისპირებას უწყობს ხელს.
მიხეილ სააკაშვილმა არ უნდა გაიმეოროს 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული შეცდომა და ქართველ ხალხს მოუსმინოს, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ ეგუება ხელისუფლების ცინიკურ დამოკიდებულებას.
თავისუფალი დემოკრატები საგანგებოდ მივმართავთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს ბოლო დღეებში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული მოქალაქეები“, – აცხადებენ ირაკლი ალასანიას პარტიაში.
"აზვირთდება თუ არა პროტესტი საქართველოში, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რას ვიხილავთ 21 მაისს ეკრანზე", - განუცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს", "სახალხო კრების" ორგანიზებით დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე კომენტირებისას.
პოლიტოლოგის შეფასებით, ქვეყანაში საპროტესტო მუხტი მაღალია, მაგრამ მაღალია ხელისუფლების მიერ ამ მუხტის ჩახშობის სურვილიც:
"ჩემი მოლოდინი გახლავთ ფიქრი იმ დროზე, როცა აღარ იქნება მოლოდინები. როცა გვექნება რეალობა, რომელიც უკეთ იქნება მორგებული ქვეყნის ინტერესებსა და ქვეყნის პერსპექტივებზე. დღეს, როცა მწირია ინფორმაცია, რა ტაქტიკით და რესურსით აპირებს მოქმედებას ოპოზიცია, რთულია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების არსენალშია ყველა კანონიერი თუ უკანონო საშუალება და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ამ არაკანონიერი რესურსის გამოყენების მცდლეობა იქნება. ამის გამოცდილება აქვს თავად ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც".
ცისკარიშვილის თქმით, "ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებრივი პროტესტის გამოხატვის ფაქტი იქნება მრავლისმთქმელი, არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ საქართველოს მტერ-მოყვარისთვის".
"პროტესტი აზვირთდება თუ ჩაქრება, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რას ვიხილავთ ეკრანზე და რამდენად ადეკვატური იქნება საერთშორისო თანამეგობრობის შეფასება", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.