ბათუმში ”სახალხო კრების” მიერ დღეს დანიშნული აქციის დეტალებზე, ”ობიექტივი” ტელეფონით ესაუბრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”ემსახურე საქართველოს” თავმჯდომარეს, მურმან დუმბაძეს, რომელიც ამავდროულად ”სახალხო კრების” ბათუმის შტაბის წევრია.
სად გაიმართება აქცია 21 მაისს?
მურმან დუმბაძე: 21 მაისს სამ საათზე ბათუმში აქცია გაიმართება ე.წ. ერას მოედანზე, სადაც იყო კინოთეატრი ”თბილისი”, რომელიც სამწუხაროდ, დაანგრიეს. ხალხი სხვადასხვა ადგილებზე შეიკრიბება და შემდეგ ყველა ერას მოედანზე მოიყრის თავს.
თქვენი პროგნოზით, რამდენი ადამიანი მიიღებს აქციაში მონაწილეობას?
- ამ შემთხვევაში პროგნოზისგან თავს შევიკავებ და კონკრეტულ რიცხვს არ დავასახელებ. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ 21-ში სამ საათზე ერას მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბება.
ისიც დანამდვილებით შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ხალხი აქციაზე თავისი ნებით მოვა და არ მოხდება რაიონებიდან მათი ორგანიზებულად ჩამოყვანა?
- მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზაცია, ”ემსახურე საქართველოს” ამ აქციის მზადებაში ჩაბმულია, პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით. კატეგორიულად ვუარყოფ ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქციაში მონაწილოების მისაღებად მოქალაქეებს ფულს უხდიან. ეს არის ტყუილი. გულახდილად გეუბნებით, რომ ამისთვის, არც თეთრი არ არის გამოყოფილი.
ამჟამინდელი ვითარება 2004 წლის 6 მაისის წინა პერიოდს მაგონებს, როცა ხულოდან, ქედიდან, შუახევიდან და ქობულეთიდან განსაკუთრებული აქტიურობა შეიმჩნეოდა; როცა ”ჩვენი აჭარას” ოფისში მოდიოდნენ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების ადამიანები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასეა ახლაც, ”სახალხო კრების” ბათუმის ოფისში.
რაიონებიდან ბათუმში ჩამოსვლის მსურველებს ”სახალხო კრებამ” მხოლოდ გადაადგილებაში შეიძლება გაუწიოს დახმარება, რადგან სხვადასხვა წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია მართვის მოწმობებს ართმევს იმ ადამიანებს, რომლებსაც მიკროავტობუსები ჰყავთ.
2007 წლის 7 ნოემბრის წინა ხანებშიც იგივე ხდებოდა - სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს მართვის მოწმობები ჩამოართვეს. დღეს იგივეს გამეორება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება შეშინებულია, იმის გამო, რომ ერას მოედანზე ხალხის დიდმა რაოდენობამ თავი არ მოიყაროს.
2004 წლის 6 მაისის გახსენებით იმაზე მიანიშნებთ, რომ ბათუმიდან ლევან ვარშალომიძე შეიძლება გაიქცეს?
- ვარშალომიძე უბრალოდ პაიკია, პრობლემა მიხეილ სააკაშვილშია. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, რომ ჩატარდეს, ამისთვის სააკაშვილი ხელისუფლებას უნდა მოსცილდეს და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, გნებავთ კანდიდატები, კონკურენტულ გარემოში უნდა დასახელდეს.
ვემხრობოდი ყველა გზას, რომელიც ამ მიმართულებით მიდიოდა; მათ შორის, ე.წ. რვიანის ფორმატს, ხელისუფლების მიმართ ნაკლებად, თუ ზედმეტად ლოიალურებს, მაგრამ ყველა გზა ამოწურულია - ”სახალხი კრების” იდეას, რომელიც მდგომარეობს ხელისუფლების იძულებითი წესით, საპროტესტო აქციებით შეცვლაში, ვეთანხმები და მჯერა, რომ ეს გზა გაამართლებს.
რომელი ორგანიზაციები არიან გაერთიანებულები ”სახალხო კრების” ბათუმის ორგანიზაციაში?
- ”სახალხო კრების” ბათუმის ოფისში პრაქტიკულად ყველა ორგანიზაციების წარმომადგენლები დადიან. მათ შორის ისინი, რომლებიც ე.წ. რვიანში არიან გაერთიანებულები - რვიანის ფორმატის ადგილობირივი ორგანიზაციები, მათი რაიონული კომიტეტები, საქალაქო ორგანიზაციების პარტიული წევრები, ”სახალხო კრების” ოფისში დადიან და ისინი ამ მიტინგში მონაწილეობას მიიღებენ (ამას დანამდვილებით გეუბნებით), მიუხედავად იმისა, რომ მათი სათაო ოფისები 21 მაისის აქციას ემიჯნებიან. გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ, არ მინდა ვინმე უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო, მაგრამ ვიმეორებ - ისინი ”სახალხო კრებასთან” თანამშრომლობენ.
ფარულად თანამშრომლობენ?
- არა, ისინი ღიად მოდიან, საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და ამბობენ, რომ 21 მაისს, ერას მოედანზე აქციაში მონაწილოებას მიიღებენ. არ ვამბობ, რომ ისინი სიტყვით გამოვლენ, მაგრამ საზოგადოებას, ხალხს შეუერთდებიან.
ანუ, დანამდვილებით შეგიძლიათ თქვათ, რომ აქციაზე აბსოლუტურად ყველა პარტია იქნება?
- დიახ. აი, მაგალითად, ”ხალხის პარტიის” აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ”სახალხო კრების” მუშაობაში მონაწილეობას არ ღებულობს, მაგრამ ”ხალხის პარტიის” წევრები ”სახალხო კრების” მუშაობაში მონაწილოებას ღებულობენ - გაზეთებს ავრცელებენ, მოქალაქეებთან მიდიან და აფრთხილებენ 21 მაისის აქციის დანიშნულების შესახებ. არ ვამბობ, რომ ”სახალხო კრების” მუშაობაში ზეაქტიურად ჩარეულნი არიან, მაგრამ ვიმეორებ - ისინი 21 მაისის ბათუმურ აქციას მხარს უჭერენ და მასში მონაწილოებას მიიღებენ.
ქრისტიან-დემოკრატებზეც იგივეს თქმა შეგიძლიათ?
- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ქრისტიან-დემოკრატებზეც შემიძლია იგივეს თქმა. მაგალითად, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, განსაკუთრებით ქობულეთის რაიონიდან, საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას ღებულობს. არ ვამბობ, რომ ისინი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ, მაგრამ მიმდინარე ტექნიკურ საკითხებში ჩართულები არიან, ხალხის მობილიზებას ახდენენ.
ვინ დაესწრება ბათუმში დაგეგმილ აქციას ”სახალხო კრების” ცენტრალური ოფისიდან?
- სავარაუდოდ, რეზო ესაძე და თემურ შაშიაშვილი 21-ში ბათუმში იქნებიან.
გაქვთ ინფორმაცია, როგორ ემზადებიან 21-სთვის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები?
- ჩემამდე მოსული ინფორმაციით, უკრაინიდან სპეცდანიშნულების რაზმები ჩამოიყვანეს, ციხის დაცვა მოხსნეს და მარბიელთა ჯგუფები გააძლიერეს. ამგვარი ინფორმაციები მომაწოდეს ”ნაცმოძრაობის” წევრებმა, მათთან დაახლოებულმა პირებმა, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა. მოგეხსენებათ, ბათუმი პატარა ქალაქია და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ.
ამასთან, დასაშვებია ამ ინფორმაციებიდან ზოგიერთი ჭორი იყოს და არ გამართლდეს. საერთოდ, ამგვარი ხალხმრავალი აქციების დროს მსგავსი ინფორმაციები ყოველთვის ვრცელდება, რომელთაგან ზოგი მართლდება და ზოგი არა.
როდის, რომელ საათზე დაასრულებთ 21-ში სამ საათზე დაწყებულ აქციას?
- ბათუმში დაწყებული აქცია თბილისის აქციის პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება და დასრულედება მაშინ, როცა დასრულდება დღევანდელი ხელისუფლების ბოგინი.