ისრაელის მოხელეები და ბიზნესმენები უკვე აფხაზ და ოს სეპარატისტებს აქ კი არ აკითხავენ, არამედ უკვე აღთქმულ მიწაზეც უწევენ მასპინძლობას. 23 მაისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდან ისრაელში ვიზიტით დე ფაქტო მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი და კიდევ რამდენიმე სეპარატისტი გაემგზავრება.
საქართველოს ხელისუფლებაზე განაწყენებული ებრაელები, სავარაუდოდ, სეპარატისტებს კარს ფართოდ გაუღებენ. ეს იმ დროს ხდება, როცა ისრაელის მთავრობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უარით ისტუმრებენ და ოფიციალური ვიზიტების ჩაშლასაც არ ერიდება.
საქართველოში ისარელის საელჩო 23 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ისრაელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. საელჩოს პრესსამსახურმა ამ საკითხის კომენტირებაზე უარი განუცხადა, მიზეზად კი ელჩის ადგილზე არყოფნა დაასახელა და განმარტა, რომ მსგავს საკითხებზე პოზიციას სწორედ ელჩი აფიქსირებს.
რაც შეეხება თავად ვიზიტს, ოსური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში დე ფაქტო მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი ელეონორა ბედოევა და გაზეთ “სამხრეთ ოსეთის” მთავარი რედაქტორი ზალინა ცხოვრებოვა შედიან, ისრაელში ადგილობრივ ბიზნესმენებს, ჟურნალისტებსა და ისრაელში ოსური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
“ისრაელში ჩვენ რუსულენოვანი გამოცემის ჟურნალისტებს შეხვდებით. ასევე ვგეგმავთ ერთობლივი ჟურნალისტური პროექტების შემუშავებას მსოფლიოში ფაშისტური გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით”, - განაცხადა ცხოვრებოვამ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, დელეგაცია ისრაელში ოსური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს აქციაში, რომელიც “ებრაული საზოგადოებისთვის 2008 წლის ქართული აგრესიისა და ახალგაზრდა ოსური რესპუბლიკის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისკენაა” მიმართული.
“ამასთან, ჩვენ სამხრეთ ოსეთში საინვესტიციო კლიმატისა და პოტენციური ინვესტორების მიზიდვის მიზნით ებრაელ ბიზნესმენებთან და მეწარმეებთან შეხვედრას ვგეგმავთ”, - აღნიშნა მან.
ამის პარალელურად “წარმატებებია” სხვა სეპარატიტულ მიმართულებებშიც. მაგალითად, ებრაულ-აფხაზური საქმიანი კონტაქტი მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატისკენ მიდის. აფხაზეთის მარონეტული რეჟიმი გეგმავს სოხუმის აეროპორტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, ისრაელს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწესების შესახებ თხოვნით მიმართოს.
აფხაზ სეპარატისტთა ე.წ. პრემიერის მრჩევეის, ბესლან ეშბას განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მოლაპარაკებები უკვე გამართეს სოხუმში ცოტა ხნის წინ მყოფი ებრაელი ბიზნესმენების დელეგაციასთან. “პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის თვალსაზრისით, ისრაელი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია რუსეთსა და თურქეთთან ერთად”, - აცხადებს ეშბამ და დასძინა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2012 წლის ზაფხულის სეზონისთვის იგეგემება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში აფხაზეთში თურქმა და გერმანელი ბიზნესმენებმა დაუფარავად მოუხშირეს სიარულს, მაგრამ მათ შორის ყველაზე დიდი გამოხმაურება ებრაელი ბიზნესმენების ვიზიტს მოჰყვა. ყველასთვის ცხადია, რომ ისრაელიდან სეპარატისტებთან მივლენილი ბიზნესმენების უკან თავად ისრაელის სახელმწიფო დგას. ამით თელ-ავივი თბილისს ფუქსისა და ფრენკელის დაპატიმრების გამო უხდის სამაგიეროს.