[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
სკოტ მაკნილს ამერიკული ოცნება არ განუხორციელებია, მას მწვერვალისათვის ნულიდან არ მიუღწევია. იგი სხვა, განთქმული ბიზნესმენებისაგან იმითაც განსხვავდება, რომ ბევრს სვამს, ხშირად იღანძღება და ბიზნესს სპორტი ურჩევნია. თუმცა, მის მიერ მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილი უდავოდ ფასდაუდებელია, მისი ბიზნეს-ალღო კი სამაგალითო.
გოლფი, ლუდი და ეკონომიკა
ბიზნესის არსს მაკნილი საკმაოდ ადრე ჩაწვდა. იგი დაიბადა 1954 წლის 13 ნოემბერს ინდიანას შტატის ქალაქ კოლუმბუსში. მალე მისი ოჯახი დეტროიტში გადასახლდა, სადაც მამამისი კორპორაცია American Motors-ის ვიცე-თავმჯდომარედ დაინიშნა. ბავშვობაში სკოტი ხშირად სტუმრობდა მამის ქარხანას, ამასთან, საღამოობით გულმოდგინედ ათვალიერებდა მის საქმიან ქაღალდებს.
როგორც მიხვდით, მაკნილის ოჯახს გვარიანი შემოსავალი ჰქონდა და სკოტმა ძალიან კარგი განათლება მიიღო. იგი ელიტარულ სკოლაში სწავლობდა, თუმცა, ძირითადად სპორტით იყო გატაცებული და სწავლას მხოლოდ იმდენ დროს უთმობდა, რომ ოროსანი არ ყოფილიყო. მხოლოდ მაღალ კლასებში, როცა მათემატიკის საკონტროლოში ხუთიანი მიიღო, დაფიქრდა, რომ სწავლა შეეძლო და მას შემდეგ მისი ნიშნებიც შეიცვალა. ასე რომ, სკოტს შეეძლო ჰარვარდში ჩაებარებინა, რომელიც თავის დროზე მამამისმა დაამთავრა.
1972 წელს იგი ჰარვარდში ჩავიდა. თავდაპირველად მაკნილს სურდა ექიმი გამხდარიყო და მოსამზადებელ სამედიცინო კურსებზე ჩააბარა. თუმცა, მისმა ეკონომიკის მასწავლებელმა ბილ რადუჩელმა მალე მოახერხა იგი სწორედ ამ დისციპლინით დაეინტერესებინა. უნივერსიტეტში სკოტმა საკმაოდ თამამი თეზისი დაწერა 50-იან წლებში ავტობუსების წარმოებაში აშშ-ს მთავრობის წარუმეტებელ
ჩარევაზე. თუმცა, სწავლით თავს დიდად არც ამჯერად იკლავდა, ლუდის სმას და გოლფის თამაშს არაფერი ერჩია. ერთ ხანს უნივერსიტეტის გუნდის კაპიტანიც იყო.
ჰარვარდი მაკნილმა ეკონომისტის დიპლომით დაამთავრა. იგი აპირებდა მამის კვალს დადგომოდა და კარიერა წარმოებაში შეექმნა. იგი ოცნებობდა მექანიკური ქარხანა დაეარსებინა, რომელსაც შემდეგ შვილებს გადასცემდა.
ახალი ტექნოლოგიების კვალდაკვალ
მაკნილმა მუშაობა Rockwell International-ის ქარხანაში, რომელიც მოტობლოკების კორპუსებს აწარმოებდა, დაიწყო. იგი გახლდათ ოსტატი, ინჟინერი და სავაჭრო წარმომადგენელი. ამასთან, სკოტი სტენფორდის ეკონომიკის სკოლაში ჩაბარებას ცდილობდა. ორჯერ უარი მიიღო და მხოლოდ მესამედ, 1978 წელს, როცა მისი შრომითი კარიერა დააფასეს, სწავლის გაგრძელების საშუალება მისცეს.
მაშინ რევოლუცია, რომელიც მიკროპროცესორების წარმოების დაწყებას მოჰყვა, ჯერ კიდევ იწყებოდა. სკოტის ბევრი მეგობარი „ციფრული საუკუნის ბიზნესში“ ჩართვაზე ოცნებობდა, მას კი კვლავ ქარხანაში დაბრუნება სურდა. სტენფორდში სწავლის დამთავრების შემდეგ მაკნილი კორპორაცია FMC-ის სტაჟიორი გახდა. კერძოდ, იგი სამხედრო ტექნიკის ქარხანაში მიავლინეს.
იმ პერიოდში ბევრმა ახალგაზრდა კომპანიამ პერსონალური კომპიუტერების გამოშვება დაიწყო. ზემოთ ხსენებული რადუჩელი კალიფორნიაში გადავიდა და კომპიუტერების მწარმოებელ ახლადდაარსებულ კომპანია Onyx-ის ბიზნესში ჩაება. 1981 წელს კომპანიას პრობლემები შეექმნა და რადუჩელმა დასახმარებლად ყოფილ სტუდენტს უხმო. აღსანიშნავია, რომ მაკნილს კომპიუტერების შესახებ არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა, თუმცა, მათი წარმოების მარკეტინგის საკითხებს თავი მაინც გაართვა და ცოტა ხანში აღმასრულებელი დირექტორიც გახდა.
მალე მაკნილს თანაკურსელმა ვინოდ ჰოლსმა დაურეკა, რომელიც კომპიუტერულ კომპანიას აარსებდა და დახმარება სთხოვა. სკოტი სიამოვნებით დაეთანხმა და ასე დაარსდა 1982 წელს კომპანია Sun Microsystems.
გეითსის კონკურენტი
თავდაპირველად მაკნილი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი იყო და საწარმოო და ადმინისტრაციული საკითხებით გახლდათ დაკავებული. კომპიუტერები მისი სტიქია კვლავ არ იყო და საღამოს კურსებზე ელექტრონიკის საფუძვლებს სწავლობდა. ცოტა ხანში ჰოლსმა კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მის პოსტზე სკოტი აირჩიეს.
მაკნილმა საქმეს ხელი გულმოდგინედ მოკიდა და წარმატებებმაც არ დააყოვნა. 1986 წელს Sun Microsystems-ს სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა, 1988 წელს კი მისმა წლიურმა ბრუნვამ უკვე 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა, გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ წარმოების სიზუსტეში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. სკოტი არ დაიბნა, მან თავისი ოფისი უმსხვილეს ქარხანაში გადაიტანა და ფირმის რეორგანიზაციას შეუდგა. ყველასათვის მოულოდნელად, მან საქმეს თავი ბრწყინვალედ გაართვა და 1992 წელს Sun Microsystems-ის ბრუნვამ 3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მაკნილი მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა. იგი 27 წლის ასაკიდან Sun Microsystems-ის სათავეში იდგა და კომპიუტერული სამყაროს თავისუფლებისათვის იბრძოდა. 1995 წელს პროგრამირების ენის Java-ს პოპულარიზაციამ Window-ის და Intel-ის ბატონობას გვარიანი საფრთხე შეუქმნა. როგორც წესი, მაკნილი ყოველთვის პროგრამული უზრუნველყოფის ღია საწყისი ტექსტის მომხრეა და გამუდმებით ბილ გეითსს აკრიტიკებს.
კაცმა რომ თქვას, მაკნილს გეითსთან კონკურენცია თავისუფლად შეუძლია. Sun Microsystems უკვე კარგა ხანია უმაღლესი ლიგის მოთამაშედ ითვლება, კომპანიამ ინტერნეტის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, სპეციალურად ბიზნესისათვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელთა შორის და ქსელური გამოთვლების ბაზარზე ლიდერობს და ბოლო დროს ელექტრონული ვაჭრობის სფეროს ლიდერობისკენაც ისწრაფვის. Sun Microsystems-ის საბაზრო კაპიტადიზაცია 12 მილიარდ დოლარს აღწევს, მაკნილის პირადი კაპიტალი კი 3,1 მილიარდი გახლავთ.