[მოამზადა გოჩა ქიმიცაძემ]
პორტუგალიაში უძრავი ქონება საერთო ევროპული პარამეტრებით ძვირი არასოდეს ყოფილა. მაგრამ მისმა ფასმა განსაკუთრებით ბოლო დროს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის და ქვეყნის არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდნის შემდეგ მოიკლო. ანუ, ამჟამად სწორედ დროა პორტუგალიაში კაპიტალი დააბანდოთ, რადგან სიტუაციის გამოსწორების შემდეგ ადგილობრივი ქონება აუცილებლად გაძვირდება.
ზღვისა და ღვინის ქვეყანა
პორტუგალია საკმაოდ პატარა ქვეყანაა, კერძოდ, მისი ფართობი 92391 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მოსახლოება კი 10 მილიონზე ოდნავ მეტია, რომელთაგან, ქალაქებში 35 პროცენტი, დანარჩენი კი სოფლად ცხოვრობს. ამასთან, ევროპული პარამეტრების მიხედვით, პორტუგალია ნაკლებად განვითარებული ქვეყანა გახლავთ. კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ეს სახელმწიფო ძლიერი მეტროპოლია იყო და კოლონიებიდან სიმდიდრე უხვად შემოსდიოდა. ჰოდა, პორტუგალია ევროპულ სამრეწველო მონსტრებს გვარიანად ჩამორჩა, თუმცა, ამ ქვეყნის ეკონომიკა, კრიზისამდე, მაინც საკმაოდ ნორმალური ტემპით ვითარდებოდა, ამჟამად კი საკურორტო ბიზნესი ყვავის - ყოველწლიურად ქვეყანა 5 მილიონამდე უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. პორტუგალია ხომ უზარმაზარი და მშვენიერი ზღვისპირა ზოლით, შესანიშნავი პირობებით და დაბალი ფასებით არის განთქმული.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში პორტუგალიაში უცხოური კაპიტალის შედინებამ იმატა. ამ დროისათვის, ქვეყანაში უძრავ ქონებას თითქმის 350 ათასამდე უცხოელი ფლობს. შესაბამისად, უძრავი ქონების ფასი კრიზისამდე ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდებოდა. ექსპერტთა აზრით, მომავალში, როგორც კი ქვეყანა პრობლემებს დაძლევს, პორტუგალიური კაპიტალის გაძვირება კვლავაც გაგრძელდება. ასე რომ, შეგიძლიათ ამ ქვეყანაში უძრავი ქონება მშვიდად შეიძინოთ.
მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული მოთხოვნილებით საკურორტო ზონაში არსებული უძრავი ქონება სარგებლობს, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, პორტუგალიაში დაბალი ფასებია. ამიტომაც არის, რომ უცხოელები პორტუგალიურ ზღვისპირა კურორტებზე უძრავი ქონების შეძენისაკენ ისწრაფვიან.
ნებისმიერ უცხოელს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი რეზიდენტი, პორტუგალიური კანონები უძრავი ქონების შეძენის და ბიზნესის წარმოების სრულ თავისუფლებას აძლევს. მცირე შეზღუდვა სოფლის მეურნეობისათვის, განსაკუთრებით კი მევენახეობისათვის განკუთვნილ მიწებს ეხება. მოგეხსენებათ, პორტუგალიური ღვინოები განთქმულია მთელს მსოფლიოში და ამ ქვეყანაში მევენახეობას დიდ ყურადღებას აქცევენ.
შემოსავლიანი საქმე
პორტუგალაში კაპიტალდაბანდებისას, თავდაპირველად შესაბამის სააგენტოს უნდა მიმართოთ, რომელიც სასურველ ქონებას მისი ღირებულების 1-15 პროცენტის სანაცვლოდ გიპოვნით. ამის შემდეგ, კარგი იქნება, თუ რომელიმე ბანკს მიმართავთ და აღნიშნული ქონების შეფასებას სთხოვთ, რომ ყოველგვარი გაუგებრობა და აგენტისაგან გაცურება, რაც საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თავიდან აიცილოთ. ეს მომსახურება 200-600 ევრო დაგიჯდებათ.
ამის შემდეგ საქმეში ჩაერთვებიან იურისტი და ნოტარიუსი. პირველის მომსახურება გარიგების ღირებულების 1-2 პროცენტი, მეორის კი 2-2,5 პროცენტი დაგიჯდებათ. ისინი კონტრაქტს მოამზადებენ, რომელსაც ხელს თქვენ და გამყიდელი მოაწერთ და შემდეგ, გარიგების სრულ რეგისტრაციამდე ბანკში სპეციალურ ანგარიშზე დეპოზიტის სახით გარიგების ღირებულების 10-30 პროცენტს მოათავსებთ. პორტუგალიური კანონების მიხედვით, თუ მყიდველი ვალდებულებებს არ შეასრულებს, დეპოზიტს კარგავს, ხოლო თუ ასე გამყიდველი მოიქცევა, დეპოზიტს ორმაგად აანაზღაურებს.
პორტუგალიური კანონების მიხედვით, უცხოელი ადგილობრივ მოქალაქეზე გაცილებით მკაცრად იბეგრება და სახელმწიფო ხაზინას შეძენილი ქონების ღირებულების 15 პროცენტს უხდის. რაც შეეხება ყოველწლიურ გადასახადს, იგი ყველასათვის ერთნაირი, საკმაოდ დაბალია, ქონების ღირებულებაზე გახლავთ დამოკიდებული და 0,4 პროცენტიდან 8 პროცენტამდე მერყეობს. უახლოესი მემკვიდრისათვის ქონების დატოვება, ან ჩუქება პორტუგალიაში არ იბეგრება, ხოლო თუ თქვენი საკუთრება ნაკლებად ახლო მემკვიდრეს უნდა გადაეცეს, მაშინ მისი ღირებულების 10 პროცენტის გადახდა მოგიწევთ.
თუ თქვენი ქონების იჯარით გაცემა გსურთ, მაშინ უკვე ფაქტობრივად მეწარმედ ჩაითვლებით და მიღებული შემოსავლის 40 პროცენტის გადახდა მოგიწევთ. ხოლო თუ მომავალში საკუთრების გაყიდვა გადაწყვიტეთ, მოგების 15-40 პროცენტი, მისი რაოდენობის მიხედვით, დაიბეგრება.
რაც შეეხება კრედიტს, პორტუგალიური ბანკები მოქალაქეობის, ან რეზიდენციის არმქონე პირებზე კრედიტის გაცემისაგან თავს იკავებენ. სამაგიეროდ, ასე არ იქცევიან ოფშორული ბანკების ფილიალები, რომლებიც პორტუგალიაში მრავლადაა და შესაძენი ქონების გარანტიით მისი ღირებულების 65 პროცენტს მაქსიმუმ 20 წლის ვადით მოგართმევენ. საპროცენტო განაკვეთი 6-11 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პორტუგალიაში უძრავი ქონება ართუ ისე ძვირია. მშვენიერ დედაქალაქ ლისაბონში, მეგაპოლის პორტუში და შედარებით პატარა საკურორტო ქალაქებში 1 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს 500-3000 ევროს ფარგლებში შეიძენთ. განსაკუთრებით სიძვირე ისტორიული მნიშვნელობის უბნებში და პრესტიჟულ საკურორტო ზონებშია, სადაც 1 კვადრატული მეტრი
საცხოვრებელი ფართის ფასი 1000-დან 7000 ევრომდე მერყეობს. თუ მაინცდამაინც დიდი მოთხოვნილება არ გაქვთ, ზღვის პირას მშვენიერ, მოკრძალებულ ვილას 70-150 ათასი ევროს ფარგლებში შეიძენთ, ხოლო თუ დიდძალ ფინანსებს ფლობთ, მაშინ გაცილებით ძვირი, მილიონი ევროსა და კიდევ მეტის ღირებულების
აპარტამენტების ყიდვა შეგიძლიათ.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, საკურორტო ზონაში მისი შეძენა 200-2000 ევროს ფარგლებში შეიძლება. მიწის ფასი ტურისტული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობისათვის ხელსაყრელობის მიხედვით მატულობს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ პორტუგალია საკმაოდ მიმზიდველი გახლავთ, მშენებლობა არცთუ ისე ძვირი დაგიჯდებათ, ქვეყანაში კი ტურისტული ბიზნესი ყვავის და თქვენი საქმე უდავოდ დიდ შემოსავალს მოგიტანთ.