მას შემდეგ რაც, ცოტნე გამსახურდიამ პატიმრების ცემა-წამების ფაქტები გააპროტესტა და ამ მოტივით შიმშილობა დაიწყო, იგი ცალკე საკანში გამოკეტეს და დღემდე იქ რჩება. მას ისევ არ აძლევენ კორესპოდენციების გაგზავნის და მიღების საშუალებას.
სააპელაციო სასამართლოში ადვოკატები ცოტნე გამსახურდიას გამართლებას ითხოვენ. ადვოკატებმა სასამართლო კოლეგიის შემადგენლობაში მოსამართლე გიორგი ჩემიას ყოფნა გააპროტესტეს. მის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანეს და ამ მოტივით საქმიდან მისი აცილება მოითხოვეს. მოსამართლე ჩემიამ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები გაასამართლა. ადვოკატმა ბექაურმა გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მოიშველია, სადაც ხაზგასმით საუბარია, სასამართლოში დაშვებულ დარღვევებზე. ადვოკატების მოთხოვნა თავმჯდომარე მზია ლომთათიძემ არ დააკმაყოფილა.
განსასჯელმა გამსახურდიამ პროცესზე განაცხადა, რომ სამართლის პოვნის რაიმე ილუზია ნამდვილად არ გააჩნია. “აქაურობა ჩემთვის მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი ინსტანციაა, რომელიც საქმის ევროსასამართლოში გაგზავნამდე უნდა გავიარო. საქართველოს სასამართლოებში იმდენი აშკარა და თავხედური სიყალბისა და უკანონის ობიექტი გავმხდარვარ, ბუნებრივია, მისდამი ნდობა არ გამაჩნია, ისევე როგორც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას”– თქვა მან და ბრალდების ირგვლივ ისაუბრა:
„ჩემი ბრალდება კონტროლიორ ბასიშვილისა და სოც.სამსახურის თანამშრომლის, ჭაბაშვილის ცრუ ჩვენებებს ეყრდნობა. ორ თვეზე მეტხანს ვიშიმშილე სად-ში გამეფებული ჯოჯოხეთისა და მათი უკანონო ქმედებების წინააღმდეგ და ნუთუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ სად–ის თანამშრომლები ობიექტურ ჩვენებას მისცემდნენ საკუთარი თავის და უწყების წინააღმდეგ? “რატომღაც” მთავარი პროკურორის მოადგილემ, ობგაიძემ ამ საქმის გამოძიება იმავე სად-ის დაავალა, რომლის თანამშრომელთა უკანონო ქმედებებსაც ვაპროტესტებდი ჩემს დაბლოკილ კორესპოდენციაში. მეტიც, ამ ქმედებების – პატიმრების ცემის, წამების, არაადამიანური მოპყრობის – შესახებ ჩემი და ბასოშვილის ფარულ ჩანაწერებშიც არის ლაპარაკი. როდესაც შიფრავდნენ ამ საუბრების შინაარსს, რატომ არ დაინტერესდა პროკურორი რიჟამაძე ამ ფაქტებით? მოსულიყვნენ და ფორმალურად მაინც აეღოთ ჩემგან ახსნა განმარტება!
ნაცვლად ამისა, მათ სხვა გზა აირჩიეს. უბრალოდ, უტიფრად უარყვეს პატიმრების ცემა-წამებისა და ჩემი ბლოკირების ფაქტი. უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, ჩემი საქმე დასასრულს უახლოვდება, პატიმარ საყვარელიძის ცემა და წამება კი ისევ გრძელდება სად-ის სხვადასხვა დაწესებულებში და კაცმა არ იცის, როდემდე გაგრძელდება. აღარაფერს ვამბობ პატიმარ ბესტაევზე, რომელსაც თითქმის ორ თვეზე მეტხანს აწამებდნენ, ან სხვა პატიმრებზე, რომელთა გვარები და სახელები ვერ დავადგინე. აღსანიშნავია, რომ პატიმრების წამების მონაწილე ყველა ოფიცერს წოდება მოუმატეს ან დააწინაურეს. მაგალითად, ჯალათი ბუთლიაშვილი, რომელმაც ჩემს თვალწინ საყვარელიძე და სხვები აწამა, დღეს გლდანის მერვე საპყრობილის სოციალური სამსახურის უფროსია”.
ცოტნე გამსახურდია ამბობს, რომ დღემდე გრძელდება მისი ბლოკირება. “მე დღემდე მხოლოდ არალეგალურად ვაგზავნი კორესპოდენციას სად-ის დაწესებულებიდან, რადგან სხვანაირად ამის გაკეთება შეუძლებელია... მოკლედ, ამგვარი სიტუაცია გვაქვს: სახელმწიფო მოხელის სახელით მოქმედი ჯალათები, არაადამიანები, რასაკვირველია უარყოფენ საკუთარ ქმედებებს; პროკურატურა აყალბებს მტკიცებულებებს ან ახდენს მათ ფაბრიკაციას; მოსამართლე თვალს ხუჭავს მტკიცებულებებზე ან საერთოდ აქრობს მათ; უწყების თანამშრომლის დანაშაულებრივი ქმედების “გამოძიება” ამავე უწყებას ევალება; სახელმწიფო მოხელეთა დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება უსაფუძვლოდ და უკანონოდ ჭიანურდება და აშ. ჩემდა სამწუხაროდ, ეს საქმე იმ ნეგატიური ტენდენციებისა და მოვლენების კლასიკური მაგალითია, რომელიც აღწერილია სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროსაბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში. ფაქტია, საქართველოში არსებულმა რეჟიმმა ჩვენ ბრძოლის კანონიერი საშუალება არ დაგვიტოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ამ საშუალებებზე... ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და სწორედ ეს გახლავთ ჩემი აქ მოსვლის მიზეზი და არა ის, რომ რაიმეს მიღწევის იმედი მაქვს... დღეს, ჩვენი, უკანონო პატიმრების და საერთოდ, რეპრესირებული ადამიანების უპირატესობა მხოლოდ მორალურ ხასიათს ატარებს, მაგრამ სწორედ ის გახდება თავისუფალი და საღი აზრის საფუძველი, რაც დაასამარებს ლაჩარ, ცრუ და უტიფარ რეჟიმს...”
ცოტნე გამსახურდიას ბრალი ისე წაუყენეს, რომ წინასწარი გამოძიების ეტაპზე მისთვის ჩვენებაც არ ჩამოურთმევიათ. “ფორმალურად მაინც ხომ ევალებოდა პროკურორს რომ დავეკითხე, რატომ იცრუეთ საქალაქო სასამართლოში და თქვით, რომ თითქოს მე ვთქვი უარი ჩვენების მიცემაზე?”– ჰკითხა ცოტნემ პროკურორ რიჟამაძეს, რომელმაც ადვოკატ ბექაურსაც არ მისცა იმის საშუალება, რომ დასწრებოდა ბრალის წაყენების პროცესს.
“თითქოს მე ვთქვი ამაზე უარი, მაშინ ჩემი შიმშილობის 66-ე დღე იყო. მინდა იცოდეთ, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს საკუთარი კანონიერი უფლებების განხორციელებაზე, საქმე საკამათოდ, სადავოდ რომ არ გახდეს, დაწესებულების ადმინისტრაცია ვიდეოკამერით აფიქსირებს ამ უარს. მერწმუნეთ, ეს ასე რომ ყოფილიყო, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ და ამას ვიდეოზე დააფიქსირებდნენ... ბლოკირებისა და პატიმრების წამების გარდა, სად-ის პროკურატურა ურცხვად უარყობს ჩემი საპროტესტო შიმშილობის ფაქტსაც. რა თქმა უნდა, სასამართლო იზიარებს მათ პოზიციას, უფრო სწორედ დირექტივას და უცვლელად იმეორებს სად-ის თანამშრომლების იდენტურ ცრუ ჩვენებებს. სადაც ნათქვამია, რომ იმ პერიოდში “გამოვხატავდი აგრესიას ყველას და ყველაფრის მიმართ” და არავითარ შიმშილობას ადგილი არ ჰქონია.
ამ გარეწრებს, რომ შეეძლოთ, საერთოდ ჩემს არსებობასაც უარყოფდნენ! არ ვაპირებ არაფრის მტკიცებას, მხოლოდ ვიტყვი: ჩემი ორგანიზმის იმჟამინდელი მდგომარეობა კარგად ჩანს ფარულ ჩანაწერებში, როცა საკანში, 35-40 გრადუს სიცხეში, ტრუსის ამარა ვარ გადაღებული და თითქმის 110 კილოგრამის წონის კაცი, დაახლოებით 70 კგ თუ ვიქნები დარჩენილი. იქნებ აგვიხსნას პროკურორმა, რატომ და როგორ მოხვდა ეს ეწ საიდუმლო ფარული ჩანაწერი „რუსთავი2-ის“ და “იმედის” ეთერში?...”
ცოტნე გამსახურდიას თქმით, ციხეში პატიმრების ცემა-წამება ისევ გრძელდება:
„პატიმრები სად-ის თანამშრომლების კეთილ ნებასა და განწყობაზე არიან დამოკიდებულნი და სიტუაციის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები, ფაქტობრივად, არ მუშაობს. 67 დღე ვიშიმშილე სად-ის ჯოჯოხეთის წინააღმდეგ. ჩემს თვალწინ და გასაგონად სცემდნენ, აწამებდნენ ადამიანებს, პირადად ჩემს წინააღმდეგ სამი დღე-ღამის განმავლობაში იყენებდნენ ფსიქოტრონულ იარაღს, გაუსაძლის პირობებში მამყოფებდნენ, მიმოწერის საშუალება წამართვეს და ევროსასამართლოს ჩარევამდე ჩემთან ადვოკატებსაც აღარ უშვებდნენ, მაგრამ...
დღეს ამ ქვეყანაში სამართლებრივად ვერაფერს ვამტკიცებ! რა ვქნა ახლა, სად-ის თანამშრომლების კეთილ ნებასა და მათ მიერ დანაშაულის აღიარებას ველოდო?! თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?.. დაკვირვებული ვარ, ციხეში ინციდენტები თითქმის ყოველთვის აგრესიული კონტროლიორების მორიგეობის დროს ხდება, თუნდაც საამისოდ პატიმრებისგან რაიმე მიზეზი არ არსებობდეს. ნორმალური თანამშრომლების დროს სიწყნარეა, მაგრამ ხომ იგივეა ციხეც და პატიმრებიც?.. შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი გახლავთ ეს “საქმეც”.
წამით დავუშვათ, თითქოს მართლა ჩავიდინე დანაშაული და გადავწყვიტე “კრისტალური” სახელმწიფო მოხელის მოქრთამვა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადამერჩინა დაბლოკილი კორესპოდენციის გატანით. რა უფრო დიდი დანაშაულია, პატიმრების ხოცვა, ცემა-წამება, ავადმყოფების მკურნალობის გარეშე მიტოვება, თუ ზემოთხსენებული საქციელი? ვინმემ აგო პასუხი იმისთვის, რაც ჩემს და სხვათა თვალწინ ხდებოდა?... ნეტავ განახათ და მოგასმენინათ, როგორ უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ კონტროლიორები ჩემი ფანჯრების პირდაპირ გლდანის ციხეში მყოფ პატიმრებს, თუ რადიომიმღების ან საუბრის ხმას მოკრეს ყური. აბა, გაბედოს პატიმარმა და რაიმე უპასუხოს, თუნდაც ჰკითხოს, რა გინდა, რატომ მაგინებო? მთელ საკანს საშინელი ცემა არ ასცდება, სცემენ მანამ, სანამ ხმის ამოღება შეუძლიათ...
უკვე წელიწადზე მეტია, ერთი კითხვა მტანჯავს და მღრღნის – რატომ იქცევიან ასე, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები? ცხოვრების მანძილზე ბედის უკუღმართობით, რა ჯურის არამზადას აღარ შევხვედრილვარ – პროფესიონალ მკვლელებს, ტერორისტებს, ბანდიტებს, მაგრამ მათ აერთიანებდათ ის, რომ ყოველ მათგანს გონება რაღაც იდეოლოგიით, იდეაფიქსით, სპეციფიკური შეხეულებებით ჰქონდა მოწამლული. აქ კი სულ სხვაგავარი სიტუაციაა, სად-ის თანამშრომლები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული “ობივატელები” არიან. სწორედ ეს გახლავთ ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი. ყველას არ ვგულისხმობ, აქაც არიან წესიერი, ღირსეული ადამიანები, მაგრამ აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ... არასამთავრობო სექტორმა, საზოგადოებრივმა მოძრაობებმა თვალნათლივ უნდა დაანახონ დღევანდელ კვერცხის ნაჭუჭზე ორიენტირებულ, ყველაფრისმკადრებელ უმრავლესობას, რომ ამგვარ ყოფას პერსპექტივა არ გააჩნია...”
ცოტნე გამსახურდიას ვრცელი განცხადების შემდეგ ადვოკატმა ქეთი ბექაურმა პროკურორი შოთა რიჟამაძე დოკუმენტის გაყალბებაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, პროკურორმა საქმეში ჩადო ორდერის ქსეროასლი.
“ახლა მაინც მითხარით, როგორ აღმოჩნდა ჩემი ორდერის ასლი საქმეში? რატომ წარუდგინეთ ის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე მამია ფხაკაძეს, როცა არ წარმომიდგენია? ეს არის სამსახურებრივი სიყალბე!”– თქვა ბექაურმა და მცდელობის მიუხედავად, პროკურორისგან პასუხი ვერ მიიღო.
რამდენიმე საათის განმავლობაში განსასჯელი ფეხზე იდგა. ამის მიზეზი მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ითხოვა, მომდევნო სხდომაზე რეანიმობილით მოეყვანათ. მოსამართლემ განუმარტა, რომ ეს მის კომპეტენციას სცილდებოდა.
ადვოკატი ქეთი ბექაური: „ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. მისი ხანგრძლივი შიმშილობა ჯანმრთელობაზე აისახა. უკვე თვეებია, ცოტნე გამსახურდიას გადაადგილება უჭირს და ტკივილგამაყუჩებლებს იკეთებს. ვერც ჯდება და ვერც წვება. ძირითადად, ფეხზე დგას. ხერხემალზე აქვს პრობლემა – დისკოზი. ვფიქრობთ, საოპერაციოა. ჩვენ ვერ ვიღებთ ადექვატურ მკურნალობას ციხის სამკურნალო დაწესებულებაში.
ცოტნეს თოდუას კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა და ამ დღეებში მოგვცემენ საბოლოო დასკვნას. კონსილიუმი უნდა შედგეს, რათა ზუსტი დიაგნოზი დადგინდეს. ის არ ენდობა იმ მედპერსონალს, რომელიც მსჯავდებულთა დაწესებულებაშია. ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოტნეს რაიმე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდეს. ამ მდგომარეობას საკვებსაც უკავშირებს და თვლის, რომ შეიძლება ამანაც გარკვეულწილად გამოიწვია. ფაქტობრივად, სალაფავს აძლევენ. მხოლოდ მაშინ უმჯობესდება საკვები, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წითელი ჯვარი ან ევროსტრუქტურების მონიტორინგის ჯგუფები შედიან. მედიკამენტებს ოჯახი აწვდის, ძირითადად – ტკივილგამაყუჩებელს. ისევ იზოლირებულია, არის სამაარტოო საკანში, ისევ შეზღუდული აქვს მიმოწერა. სისტემატურად უტარდება ჩხრეკა. პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნაა, რომ ადვოკატისა და პატიმრის შეხვედრები კონფიდენციალური უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ მუდმივად გვითვალთვალებენ და გვისმენენ“.
სასამართლო სხდომა 25 მაისს განახლდება.