რესპუბლიკელებს მთავრობაში მინისტრების პოსტების
შენარჩუნება სურთ, „ქართული ოცნება“ კი, თინა ხიდაშელის, გიგლა აგულაშვილისა და პაატა ზაქარეიშვილის თანამდებობიდან გაშვებას ვარშავის სამიტის შემდეგ აანონსებს.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის შემდეგ, „რესპუბლიკურ პარტიასა“ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის შენარჩუნების შემთხვევაში, რესპუბლიკელი მინისტრები დაკავებულ თანამდებობებს ვარშავის სამიტამდე შეინარჩუნებდნენ.
ვარშავის სამიტი მიმდინარე წლის 8-9 ივლისს იმართება და შესაძლოა, სამთავრობო გუნდის გადახალისებაზე მსჯელობა პოლონეთიდან თინა ხიდაშელის დაბრუნების შემდეგ დაიწყოს, თუმცა, „რესპუბლიკური პარტია“ პოსტების შენარჩუნების სურვილს „ბოლომდე“ გამოთქვამს.
თუ რა იგულისხმება „ბოლომდე“-ში ამას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა, სურვილს გამოთქვამს, რომ ეს თარიღი 8 ოქტომბრის არჩევნებამდე გადაიწიოს.
როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, იმ შემთხვევაში თუკი, რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობაში თანამდებობებს 8 ოქტომბრამდე შეინარჩუნებენ, ისინი „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიაში არ იქნებიან.
ბერძენიშვილი განმარტავს, რომ რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობას ან პარტიის გადაწყვეტილებით დატოვებენ, ან პრემიერ-მინისტრის.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ მინისტრები ბოლომდე გვყავდეს“, - დასძენს ბერძენიშვილი, რომლის პათოსს იზიარებს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი.
for.ge-სთან საუბარში დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ სიტყვა - „ბოლომდე“ მრავალკომპონენტიანია - „ბოლომდე“ არის ვარშავის სამიტის ნიშნული, თუ რომელიმე სხვა ნიშნული, ეს ძალიან მალე გამოჩნდება.
„მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“, - დასძენს ბერძენიშვილი.
„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური სურვილების მიზანი და არსი „ქართულ ოცნებაში“ ესმით, თუმცა, მმართველ პარტიაში რესპუბლიკელი მინისტრების მიერ პოსტების შენარჩუნებას გამორიცხავენ.
როგორც for.ge-ს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, „რესპუბლიკურ პარტიას“ მთავრობაში დარჩენა უნდა და მინისტრის პორტფელების დატოვება არ სურს.
მისი თქმით, მათი პოლიტიკური სურვილი ბუნებრივად აღქმადია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ეს სურვილი დაკმაყოფილებული იქნება.
„ეს იმ მარტივი მიზეზის გამო არ იქნება დაკმაყოფილებული, რომ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, ამ უწყებებში სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნისა და პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციისთვის გვირჩევნია, რომ პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღოთ და ამ სამინისტროების სათავეში ჩვენი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ“, - აცხადებს სესიაშვილი.
კანონმდებელი ვარშავის სამიტს ეხმაურება, ამ პროცესში თავდაცვის მინისტრის მიერ გაწულ შრომას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ თინა ხიდაშელი პრეზიდენტთან და პარლამენტთან ძალიან კონსტრუქციულად თანამშრომლობს და სამიტზე შეჯერებული პოზიციით გადის.
„მინისტრების პოსტებიდან გაშვების საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ვარშავის სამიტს ვითვალისწინებთ, სადაც თავდაცვის მინისტრმა ბევრი იმუშავა და სურვილი გვაქვს, რომ ამ პროცესში შეფერხება არ იყოს და საქართველო მინისტრმა წარადგინოს“, - აღნიშნავს დეპუტატი.
სესიაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური სურვილების შეფასებისას პირდაპირ ამბობს, რომ მინისტრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული სავარაუდოდ, ვარშავის სამიტის შემდეგ იქნება.
იმ შემთხვევაში თუკი, თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრის პოსტებს დატოვებენ, ისინი პარტიის ათეულში იქნებიან. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, აღნიშნული პირების გარდა, „რესპუბლიკური პარტიის“ ათეულში იქნებიან - ძმები ბერძენიშვილები, თამარ ხიდაშელი, თამარ კორძაია, დავით უსუფაშვილი და ხათუნა სამნიძე.
რესპუბლიკელი მინისტრების გარდა, მთავრობის შემადგელობის დატოვება მოუწევთ თუ არა სხვა პირებს, ამის თაობაზე საპარლამენტო კულუარებში ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ, თუმცა, თუკი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხიდაშელი, ზაქარეიშვილისა და აგულაშვილის გარდა, პოსტს კიდევ სამ მინისტრს დაატოვებინებს, მთავრობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება მოუწევს, რასაც ამ ეტაპზე, „ქართული ოცნება“ ერიდება, რადგან საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მათ შესაძლოა, მთავრობის ნდობის გამოცხადებისთვის საჭირო 76 ხმის შეგროვება გაუჭირდეთ.