"ქართუ ჯგუფმა" "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის სახელზე ღია წერილი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ბატონო შალვა, ათიოდე დღის წინ მთაწმინდაზე, ბიძინა ივანიშვილის სახლის სიახლოვეს გამართულ აქციაზე ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის მთავარ დამფინანსებლად მოიხსენიეთ და მომავალში ამის გამო პასუხისმგებლობითა და ქართველი ხალხის სამსჯავროთი დაემუქრეთ.
ამის შემდეგ გაზეთ "კვირის ქრონიკაში" დაბეჭდილ ინტერვიუში კვლავ ბრალი დასდეთ ივანიშვილს სააკაშვილის ხელისუფლების დაფინანსებაში და გაიმეორეთ ბრალდებები, რომლებზეც უკვე სამ წელზე მეტია გამუდმებით ლაპარაკობთ.
ამ ინტერვიუს შემდეგ ჩვენ გამოვაქვეყნეთ "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის განცხადება, რომლითაც მკითხველს ავუხსენით და განვუმარტეთ თქვენ მიერ დადგმული სპექტაკლის რეალური მიზეზები და თქვენ სააკაშვილის ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაში გამხილეთ.
თქვენ და თქვენი მეგობარი ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე "ალია-ჰოლდინგიდან" საოცარი ოპერატიულობით გამოეხმაურეთ ჩვენს განცხადებას და ვრცელი ინტერვიუ მიუძღვენით მას. სწორედ ამ ინტერვიუმ გამოიწვია ჩვენი შეკითხვა და თქვენს მეგობარ ჟურნალისტს ვთხოვეთ, დაეზუსტებინა პირადად თქვენთან, გაქვთ თუ არა რაიმე დოკუმენტი იმის დასტურად, რომ ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას ყოველწლიურად 150 მილიონით აფინანსებს. ჩვენს თხოვნას ასევე ოპერატიულად მოჰყვა თქვენი პასუხი, რომელშიც გამოთქმული "ბრალდებები" პირობითად შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ.
პირველ ნაწილში თქვენ აცხადებთ: "150 მილიონი დოლარი არის მხოლოდ უძრავი ქონების წილი, ანუ ე.წ. "სტავკა, რომელიც მიდის უშუალოდ სააკაშვილის გამგებლობის ქვეშ".
თქვენი ეს პასუხი საკმაოდ ბუნდოვანი აღმოჩნდა ჩვენთვის და ალბათ მკითხველისთვისაც და დიტო ჩუბინიძეს ღია წერილით კიდევ ერთხელ ვთხოვეთ დაეზუსტებინა - "ხომ არ გულისხმობდით ამ უძრავ ქონებაში ბათუმის დელფინარიუმს, „სუფსის კარუსელებს", რომელიც ურეკის გასართობი ცენტრია, სამების ეკლესიას... მსგავსი ტიპის სხვა ობიექტებს, ყველაფერს, რაც აშენდა და შეკეთდა?" სამწუხაროდ, პასუხი ვერ მივიღეთ და ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება.
განგიმარტავთ, რომ ყველა ჩამოთვლილ ობიექტს საქველმოქმედო ფონდი აფინანსებს. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და არც ვმალავთ. თქვენს ინტერვიუში კი ბრძანებთ, რომ ვასაიდუმლოებთ ფონდის საქმიანობას.
არა, ბატონო შალვა, არათუ ვასაიდუმლოებთ, საქველმოქმედო ფონდის "კრიმინალური" საქმიანობა იმდენად გამჭვირვალეა, რომ მისი მუშაობის ყოველწლიურ აუდირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრიდან ერთ-ერთი, აუდიტორული ორგანიზაცია „დელოიტ ენდ ტუში“ ეწევა.
თქვენი პასუხის მეორე ნაწილში აცხადებთ, რომ ივანიშვილის მხრიდან სააკაშვილისთვის გაწეული დახმარება არის: "პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ქეში, ნაღდი ფული, პრეზიდენტის მშობლებთან გასაგზავნი ფული, პრეზიდენტის გარემოცვასთან გასაგზავნი ფული, ალასანიებთან გასაგზავნი ფული, პრეზიდენტის ინტერესჯგუფებისთვის ბიზნესში დახმარება..." ასევე აცხადებთ: „სოროსმა რომ დაუნიშნა პრეზიდენტსა და მინისტრებს ხელფასები... სოროსს იმ ფონდში მხოლოდ 10 პროცენტი შეჰქონდა... დანარჩენი არ გაინტერესებთ ვის შეჰქონდა? ბიძინა ივანიშვილს!" და ისიც აღნიშნეთ, ესენი (ანუ ჩვენ, "ქართუ ჯგუფი" და მისი პრესსამსახური) იმდენს იზამენ, ყველაფერს მათქმევინებენო.
სწორედ თქვენმა მუქარამ გაგვიჩინა ეჭვი იმისა, რომ თქვენ კიდევ დაგრჩათ რაღაც უთქმელი და ამიტომაც მოგმართეთ დიტო ჩუბინიძის მეშვეობით, რომ ბოლომდე გეთქვათ სათქმელი, დაგეზუსტებინათ და დაგესრულებინათ ჩამონათვალი... მაგრამ რადგან ამ შემთხვევაშიც ვერ მივიღეთ თქვენგან პასუხი, არ გვინდა, მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ეს მინიშნება უპასუხოდ დავტოვეთ.
ჩვენ ვერ უარვყოფთ და დასაშვებადაც კი მიგვაჩნია (რაც თქვენ ჩამოთვალეთ და რაც მინიშნებაში იგულისხმეთ და არ დაასრულეთ), ივანიშვილს საქველმოქმედო ფონდის გვერდის ავლით დაეფინანსებინა სხვადასხვა პროექტი, რომლებიც არ მოხვდა ფონდის აუდირებულ ანგარიშში. თუმცა ამის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო იმ დროისთვის არსებული სიტუაცია ან ის ფაქტორი, რომ გარკვეული საქმიანობა არ შეესაბამებოდა ფონდის წესდებას.
ერთი რამ ნათელია: ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის ხელწერა ყოველთვის ერთი და იგივეა. თუ მომავალში მისი საქმიანობის დღემდე უცნობი დეტალები გახდება ცნობილი, ან თქვენი ინიციატივით, ან შესაძლებელია თვითონ ბატონმა ბიძინამ გაახმოვანოს რაიმე კონფიდენციალური ინფორმაცია, გარწმუნებთ, რომ მოგვიანებით გამომჟღავნებული ფაქტები ისეთივე "კრიმინალური" იქნება, როგორიც თქვენი ბრალდებების პირველი ნაწილი 150 მილიონი დოლარის "სტავკის" შესახებ.
ასევე შეგვიძლია დაბეჯითებით განვაცხადოთ - როგორც პირველ ნაწილთან, ასევე თუ რაიმე ახალი ფაქტები გამომჟღავნდება მეორე ნაწილთან დაკავშირებითაც, ბიძინა ივანიშვილი მზად იქნება, პასუხი აგოს ქართველი ხალხის წინაშე. გარწმუნებთ, რომ მის ადვოკატობაზე არც ერთი ქართველი არ იტყვის უარს.
ბატონო შალვა, როგორც თქვენ ითხოვთ ივანიშვილისგან პასუხისგებას, ასევე ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს მოუწევს პასუხი აგოს თავის საქციელზე, ისევე როგორც - სააკაშვილს, მერაბიშვილს, და მათ შორის, თქვენც ოდესმე მოგიწევთ პასუხი აგოთ ხალხის წინაშე. ოდესმე გიფიქრიათ - თუ თქვენ შესახებ არსებული ჭორებიდან რომელიმე დადასტურდება, რა მძიმე ხვედრი გელით?!.
2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს გამოქვეყნდა ჩანაწერები, რომლებითაც თქვენ მხილებული იყავით რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში. მაშინ თქვენ აღნიშნეთ, რომ დაპატიმრების შიშის გამო იძულებული გახდით, თავი სარდაფებისთვის შეგეფარებინათ. როგორც ჭორის დონეზე ამბობენ, გისოსებს მიღმა იმიტომ არ აღმოჩნდით, რომ თქვენზე არსებული კომპრომატებიდან გამომდინარე, სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დათანხმდით, სწორედ მაშინ მიეყიდეთ მათ და დღემდე მათი ხელმძღვანელობით მოქმედებთ.
გარკვეული ხნის შემდეგ, თუ ეს ჭორები იმ ფაქტებთან ერთად დადასტურდება, რაც თქვენს ცხოვრებაში ყოფილა, აღარც საქართველოში დაგედგომებათ და ვფიქრობთ, არც საზღვარგარეთ მოგეცემათ მშვიდი ცხოვრების საშუალება - ახლანდელი რეჟიმისგან გაქცეული უამრავი ქართველი, რომლებმაც იძულებით უცხოეთს შეაფარეს თავი, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ღალატს ნამდვილად არ გაპატიებენ და თუ ეს ასე მოხდება, როგორ გგონიათ, ვინ დაგიდგებათ ადვოკატად?!.
ეგება ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი დამსახურებად იმას ჩაგითვლით,
რამდენჯერმე რომ ახარეთ მას - "სააკაშვილს ევროსასამართლოში ვუჩივლე და მალე დააპატიმრებენო". სავარაუდოდ, ეს სარჩელი არც დაგიწერიათ და მას მზის სინათლე არც არასოდეს უნახავს, ან კიდევ იმდენად სუსტი იყო, რომ ევროსასამართლოს არქივში მოთავსების ღირსადაც კი არ მიიჩნიეს. ოპოზიციურად განწყობილი ზოგიერთი ქართველი კი, რომლებსაც თქვენი ჯერ კიდევ რატომღაც სჯერათ (სამწუხაროდ, ასეთები კიდევ არიან, ერთეულები), თქვენს „საგმირო“ საქმეებს ელოდება. თუმცა თქვენი რა მიდის? ელოდონ!
ხანდახან ისევ ხელისუფლება გეხმარებათ და დრო და დრო სასამართლოს ავალებს (თორემ აქაური სასამართლოს დამოუკიდებლობის ილუზია ჩვენს უცხოელ მეგობრებსაც აღარ შემორჩათ), დააკმაყოფილოს თქვენი პარტიის სარჩელი იმ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც თვითონ ხელისუფლება ქმნის. რომ არა ეს დახმარება და თქვენი „გამარჯვებების“ გაპიარება მთავრობასთან ერთად დადგმულ სპექტაკლებში, თქვენი რეიტინგი დიდი ხნის წინ აბსოლუტურ ნულზე გაიყინებოდა და კარგად იცით - ნათელაშვილი-ნული არც ხელისუფლებას გამოადგება და ყოველი არჩევნების წინ თქვენც არავინ გადაგიხდით ფულს თქვენივე პარტიის საარჩევნო სიის გასაყიდად გამზადებულ ადგილებში. მსგავსი ფაქტები უჩვენოდაც ბევრჯერ დაგისახელეს და თქვენზე უკეთესად კი ვინ იცის ეს ამბავი?!
არ შეგვიძლია, გვერდი ავუაროთ კიდევ ორ თემას:
1. თქვენს ბოლო ინტერვიუში მიგვითითებთ, "ამოქექონ იმ "ქართუ ბანკის" დოკუმენტაცია, სადაც ღარიბოვი და ვიღაც ჰყავთ წევრებად, ამ დოკუმენტაციაში ჩანს ყველანაირი გადარიცხვა". ამით თქვენ აშკარა მინიშნებას აკეთებთ, რომ გყავთ თქვენი აგენტურული ქსელი და ფლობთ კონფიდენციალურ ინფორმაციას.
თუმცა, მეორე მხრივ, რამდენადაც სააკაშვილი და მერაბიშვილი მთლიანად აკონტროლებენ ქართულ ბიზნესს და ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთებულა, ვინ დაგიჯერებთ, რომ მერაბიშვილმა დაგიტოვათ კონტროლი აგენტურული ქსელზე და შეელია მონოპოლიას ამ საკითხში?! ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ თქვენ თქვენი აგენტები კი არა გყავთ, არამედ ამ ინფორმაციას სწორედ მერაბიშვილისა და მისი აგენტებისგან იღებთ. ალბათ სწორედ მერაბიშვილისგან ინფორმაციის მიღების იმედით გვემუქრებით, რომ კიდევ ბევრი რამის თქმა შეგიძლიათ.
ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რაც ჩვენ პირველ წერილში გამოვთქვით - თქვენ კონკრეტულად სააკაშვილისა და მერაბიშვილის დაკვეთებს ასრულებთ.
2. საოცრად ემთხვევა ორი ფაქტი ერთმანეთს: 2008 წელს, სააკაშვილის ინაუგურაციის წინა დღეს, ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის შედგა ბოლო საუბარი, რის შემდეგაც მათ შორის ყველანაირი ურთიერთობა გაწყდა. ეს მოხდა ივანიშვილის ინიციატივით მას შემდეგ, რაც ბატონ ბიძინას გაუჩნდა ეჭვი, რომ სააკაშვილმა მეორედ გაპრეზიდენტება გაყალბებული არჩევნებით მოახერხა. თუმცა ამის შემდეგ სააკაშვილის მხრიდან იყო ივანიშვილთან სატელეფონო საუბრისა და შეხვედრის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ბატონი ბიძინასგან მკაცრი უარი მიიღო.
ამის შემდგომ, სულ რაღაც 2-3 თვეში, დაიწყო პირველი კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომლის ინიციატორი თქვენი მეგობარი ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე იყო, ხოლო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი „გმირი“ თქვენ ბრძანდებოდით. სწორედ დიტო ჩუბინიძემ და თქვენმა მეგობარმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს პირველად ის აბსურდი, თითქოს ივანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძინა მანქანები, 7 ნოემბრის მიტინგის დასარბევად უყიდა ელექტრო და შოკური იარაღი და მანვე დააფინანსა მიტინგის დამრბევ სპეცრაზმელთა პრემიებიც.
ამჯერად თქვენ გაახმოვანეთ ეს აბსურდული ჭორი. ეს კიდევ ერთი დასაბუთებაა იმისა, რომ თქვენც და მათაც ერთი და იგივე იდეოლოგიური ხელმძღვანელი გყავთ ვანო მერაბიშვილის სახით. ალბათ საფუძველმოკლებული არ არის ის მოსაზრება, რომელიც არაერთხელ თქმულა და მათ შორის სულ ცოტა ხნის წინ გახმოვანდა ვანო მერაბიშვილს, "ალია-ჰოლდინგსა" და მის ჟურნალისტებს შორის ახლო კავშირების შესახებ. სწორედ ამიტომ თქვენ და დიტო ჩუბინიძეს არა მარტო მეგობრები, არამედ კოლეგებიც შეიძლება გიწოდოთ, რადგან ერთი პატრონის მსახურები ხართ, სააკაშვილისა და მერაბიშვილის საკუთრებად მოიაზრებით. ასევე როგორც თქვენ ხართ ფსევდოოპოზიციონერი, ასეთივე ფსევდოოპოზიციურია "ალია-ჰოლდინგის" გამოცემები.
ბატონო შალვა, დილით რომ იღვიძებთ, ალბათ, ფიქრობთ, რატომ ვპასუხობთ თქვენს აბსურდულ განცხადებებსა თუ მოსაზრებებს... რატომ არ განებებთ თავს... ალბათ, თვითონვე გიკვირთ, დღესდღეობით სერიოზულად კიდევ რომ აღგიქვამთ ვინმე. ამაზე მგონი უკვე გიპასუხეთ - ნამდვილად გაგვიჭირდებოდა თქვენი, როგორც პოლიტიკოსის სერიოზულად მიღება, რომ არა ის გარემოება, რომ თქვენთვის ჩვენი ნებისმიერი პასუხი თუ განმარტება თქვენივე პატრონების - სააკაშვილისა და მერაბიშვილის გასაგონად არის, სწორედ მათკენ არის მიმართული. როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ, გამგებმა უნდა გაიგოს...
2008 წელს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ერთი ციკლი ჩავამთავრეთ და პასუხი გავეცით იმ დროს წამოჭრილ შეკითხვებს. ჩვენი მხრიდან ამ მეორე ციკლსაც ვასრულებთ - ვფიქრობთ, თქვენს ახლანდელ გამოგონილ ბრალდებებს და იმასაც, რასაც მომავალში იტყვით, უკვე ვუპასუხეთ და აღარ ვაპირებთ, თქვენს აბსურდულ მოსაზრებებს მომავალში რამე ფორმით გამოვეხმაუროთ.
P.S. ბატონო შალვა, არ დაგიმალავთ - როცა ამ წერილს ვწერდით, თქვენ მიმართ რამდენჯერმე სიბრალულის გრძნობა გაგვიჩნდა და აი, რატომ:
თქვენი ბრალეულობა ხომ სინამდვილეში მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ თქვენი სუსტი ნებისყოფის გამო, სიწუწკეს ვერ სძლიეთ და, როგორც ამბობენ, ერთხელ აიღეთ ფული იქ, სადაც არ შეიძლებოდა (რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან, არჩევნებისთვის ადგილების გაყიდვით... და სხვ.). შესაძლებელია, ეს გაიმეორეთ კიდევ ერთხელ ან რამდენჯერმეც.
რა მოხდა მერე, კაცო, ისეთი?! ამის გულისთვის ხომ არ შეიძლება, მთელი დარჩენილი ცხოვრება ადამიანს სხვის მონობაში გაატარებინო და სხვისი სურვილების შესრულებაში ჩაიხარჯო?! თანაც, უმეტესწილად, სხვისი სურვილები შესაძლოა, დიამეტრულად ეწინააღმდეგებოდეს საკუთარს, თუნდაც ბატონი ბიძინას შემთხვევაში.
თქვენც ხომ მშვენივრად იცით, რომ მას თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი შვილებისა და თქვენი სამშობლოსთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. ასეთ დროს კი იძულებულს გხდიან, თანაც ვინ - თქვენი სამშობლოს რეალური მტრები, რომ სიკეთეს ებრძოლოთ.
საუბედუროდ ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენ ერთადერთი არ ბრძანდებით ასეთი და თქვენი მეგობარიც ამ დღეშია. თუმცა რატომ მარტო ერთი მეგობარი - მეგობრები, და არა მარტო ჟურნალისტები. თქვენი მსგავსი ფსევდოოპოზიციაც მინიმუმ კიდევ ორი მოიაზრება საქართველოში.
თქვენი და თქვენნაირების მდგომარეობა შეიძლება თავისუფლად შევადაროთ იმ ერთი საბჭოთა პოეტის მდგომარეობას, რომელმაც კამოს (სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი; პარტ.ფსევდონიმი) ასეთი ლექსი მიუძღვნა:
შენ შენი ნებით შენი ..... ცხოვრებაში ერთხელ შეჭამე,
ამით აგამაღლეს და კაცად გაქციეს...
მე ნახევარი საუკუნეა ძალისძალად სხვის .... მაჭმევენ
და დედას .... უმადობა თუ შემამჩნიეს", - ნათქვამია "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის განცხადებაში.