ცნობილმა რუსმა უფლებადამცველმა, ერნესტ ჩორნიმ აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან გაახმოვანა. „პრესა.გე“-სთან საუბარში მან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა. „გასული წლის დეკემბრის ბოლოს, მე და ჩემი კოლეგა სერგეი კოვალიოვი საქართველოს პრეზიდენტს თბილისში, სწორედ ვახანიას საქმესთან დაკავშირებით შევხვდით.
მაშინ სააკაშვილმა თქვა, რომ აკადემიკოსის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავდა და ეს ფაქტი მისგან ფულის გამოძალვის მცდელობას დაუკავშირა. პრეზიდენტმა პირდაპირ გვითხრა, ეტყობა ვახანიამ ვიღაცას ფული არ მისცაო. სააკაშვილი დაგვპირდა, რომ ამ საქმეს ყურადღებით გამოიკვლევდა, მაგრამ როგორც ჩანს, მან ვერ გამოიჩინა სიმკაცრე იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ფაბრიკაციასთან არიან დაკავშირებული.“-განაცხადა ჩორნიმ.
22 ივნისს, სააპელაციო სასამართლოში ყოველგვარი კანონდარღვევით განახლებულ სხდომას კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი და ჟურნალისტი, ალექსეი სიმონოვი ესწრებოდა. მის გაოცებას ის ბრალდებები იწვევს, რომელიც ვახანიას დაპატიმრების მიზეზი გახდა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ „მადლიერებას“ იმის გამოც გამოთქვამს, რომ ვახანიას ნარკოტიკები არ ჩაუდეს.
ალექსეი სიმონოვი: „ჩემი ოცწლიანი ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში პირველად საქართველოში აღმოვაჩინე ის, რომ თურმე რესპოდენტს, საკუთარი ინტერვიუს გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღუძრან. ეს რაღაც „დიდი პატივისცემის“ გამოხატვაა ჟურნალისტიკის მიმართ...როცა ჩეჩნეთში, ინგუშეთში უდებენ იარაღს, რაღაც ლოგიკას ექვემდებარება, მაგრამ როცა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს ამას უკეთებ, ეს წარმოუდგენელია...“
ვლადიმერ ვახანიას ქართველმა ადვოკატებმა კი მისი დარბაზიდან გათავისუფლების საკითხი სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ დააყენეს, თუმცა უშედეგოდ.
ლილი გელაშვილი: „სააპელაციო სასამართლო კანონის წინაშე ვალდებულია, რომ სამი თვის ვადაში განიხილოს და დაასრულოს საქმე, მაგრამ მათ ამისათვის, მხოლოდ პროცესის განახლებისათვის 5 თვე დასჭირდათ, რაც მისი გათავისუფლების ერთ-ერთი რეალური საფუძველი იყო. მოსამართლეებმა ეს არ გააკეთეს.“
ძმის უპირობო გათავისუფლებას ითხოვს ნანული ვახანიაც, რომელმაც თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობა გამოაცხადა. 8 დღიანი შიმშილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად იგი ქუთაისში მაინც ჩავიდა. ხმაური სასამართლო სხდომის დაწყებამდე სწორედ და-ძმა ვახანიების დარბაზში შეხვედრას მოჰყვა, თუმცა ამჯერად ნანული ვახანია გაძევებას გადაურჩა და ძმის სასარგებლოდ სასამართლოს ჩვენებაც მისცა.
ნანული ვახანია: „ვიშიმშილებ მანამ, სანამ ყველა ჩემი კანონიერი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. პირველ რიგში მოვითხოვ ჩემს ძმას სამედიცინო მკურნალობა სასწრაფოდ ჩაუტარონ, ოღონდ არა იქ, გლდანის საავადმყოფოში, სადაც მას პირველად დახმარებასაც არ უჩენენ, არამედ ქალაქის ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.“
ადვოკატი ლალი აფციური დარწმუნებულია იმაში, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვლადიმერ ვახანიას გაურკვეველი წარმომავლობის პრეპარატებით წამლავენ, რაც მის ორგანიზმში ინტოქსიკაციას იწვევს.
ლალი აფციაური: „ვლადიმერ ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე და სიცოცხლისათვის სახიფათოა. სასჯელარსრულების დეპარტამენტმა პარიტეტულ საწყისებზე მოითხოვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რასაც ჩვენ მაშინვე დავთანხმდით. ჩვენს მიერ მიწოდებული ექიმებისა და ექსპერტების მიერ გაკეთებული მასალები უკვე დევს იქ, მაგრამ ახლა ისინი აღარ ჩქარობენ. ეს ყველაფერი კი გვაძლევს ეჭვის საფუძველს იმისათვის, რომ ამ ადამიანს აქვს ინტოქსიკაციის ნიშნები. მას წამლავენ.
ცნობილი ფაქტია, რომ პატიმრებს საკვებში უყრიან გარკვეული სახის პრეპარატებს. რა დოზით, ან რეგისტრირებულია თუ არა ისინი, ჩვენთვის უცნობია. დღეს ჩვენ სამწუხაროდ ვიბრძვით არა სამართლიანობის აღსადგენად, არამედ მსჯავრდებულის სიცოცხლის გადასარჩენად“.
მორიგი სხდომა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 25 ივნისს განახლდება.