[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
„რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის 10 წევრი, მათ შორის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რაფავა „სახალხო კრებას“ შეუერთდა. წინააღმდეგობის მოძრაობის ზუგდიდის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე კი მხოლოდ 5 წევრი გამოჩნდა. ბესიკ ფიფიამ, ილია გაბელაიამ, ელგუჯა ქირიამ, გიორგი შეროზიამ და ნიკო რაფავამ „სახალხო კრებაში“ გადასვლის მთავარ მიზეზად პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელეს და შიდა პარტიული უთანხმოების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.
ყოფილი „რესპუბლიკელი“ ბესიკ ფიფია აცხადებს, რომ „ამ ეტაპზე ჩვენი და რესპუბლიკელების პოლიტიკური მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ახლა ჩვენთვის „სახალხო კრების“ სტრატეგია უფრო მისაღებია და ამიტომაც მივიღეთ ამგვარი გადაწყვეტილება. მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ 21 მაისს დაგეგმილ აქციაში, რათა ერთად ვიბრძოლოთ სააკაშვილის რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად.“
„წინააღმდეგობის კომიტეტის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზამირა ღადუა ამბობს, რომ ამ ფაქტით „სახალხო კრებასა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის აქამდე არსებული კეთილგანწყობა არ შეიცვლება. „ჩვენ კმაყოფილი ვართ ამ ახალგაზრდების მიერ გადადგმული ნაბიჯით, რადგან მიგვაჩნია, რომ მათ საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვთ პარტიულ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ მათი „სახალხო კრებაში“ ყოფნა იქნება ძალიან შედეგიანი“–აცხადებს ზამირა ღადუა.
თანაპარტიელების დემარში სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა „რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარისათვის. „პრესაგე.ტვ“–სთვის მიცემულ ინტერვიუში ნონა თოლორაია აცხადებს, რომ თანაგუნდელების გადაბარგების ერთადერთი მიზეზი ფული გახდა.
„სამწუხაროა და მწყინს, რომ ადამიანები ასე ადვილად იცვლებიან დუხჭირი ცხოვრების გამო და შეუძლიათ რაღაც კაპიკებზე გაგყიდონ. ეს არის ცუდი, თორემ ყველას აქვს უფლება იქით წავიდეს, საითკენაც გული გაუწევს. გულსატკენი ისიც არის, როცა წლების განმავლობაში ერთად მებრძოლი ადამიანები ზურგსუკან დანაც ჩაგცემენ და მალულად გებრძვიან.“ – განაცხადა ნონა თოლორაიამ.