მოშიმშილე ადვოკატებს პარლამენტის შენობის წინ აღლუმის რეპეტიციების ყურება ისევ მოუწევთ, რადგან ისინი საპროტესტო აქციის დასრულებას და სახლებში წასვლას ჯერჯერობით არ აპირებენ. ამის შესახებ ”ობიექტივთან” საუბრისას შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, დღის მეორე ნახევარში, პოლიციელებმა ადვოკატების აქცია დაარბიეს, წაიღეს ლეიბები, წყალი და ბალიშები.
ბატონო შალვა, აგრძელებთ შიმშილობას, თუ იშლებით? სააგენტოების გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიგეღოთ.
შალვა ხაჭაპურიძე: წუხელ, აღლუმის რეპეტიციის დროს, რაღაცეებს დაახრიგინებდნენ, კიღამ პროვოკაცია მოგვიწყვეს. ამის გამო ვფიქრობდით კიბეებიდან ჩამოვწეულიყავით, მაგრამ გადავიფიქრეთ - მთლად ასფალტზე დაჯდომას კიბეებზე ჯდომა სჯობს. ეს იყო და ეს. აქციას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ.
რამდენი ადვოკატი შიმშილობს ამ წუთისთვის?
- გუშინ შიმშილობა 20-მა ადამიანმა დაიწყო და დღეს 15 შემოგვემატა. ამ წუთას ქეთი ბექაური შემოგვიერთდა. ცივ ქვაზე ვსხედვართ. გუშინ, 17 მაისს, ღამის სამ საათზე მეორედ წაგვართვეს ”პლედები”. რამდენიმე წუთის წინ ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლის წინ ვიყავით, სადაც ლალი აფციაურთან და რამდენიმე ადვოკატთან ერთად ბრიფინგი ჩავატარეთ. გუშინ, რა პროვოკაციაც მოგვიწყვეს, იმის საპასუხოდ რეზიდენციასთან დავუგდეთ ერთი ცალი ლეიბი, ”პლედი”, ბალიში, წყალი და ვუთხარით - გადაეცით ბატონ სააკაშვილს-თქო.
წუხელ, აღლუმის რეპეტიციის დროს თქვენთან ვინმე მოვიდა და გითხრათ აქაურობა დატოვეთო, თუ ხმა არ გაუციათ?
- ბაჩო ახალაია გვიყურებდა. მერე რამდენიმე ოფიცერი და ჯარისკაცი შემოვიდა, აქეთ-იქეთ დაწრიალებდნენ. კონკრეტულად ორი პოლიციელი მოვიდა და გვითხრა რომ ადექით და წადითო, მაგრამ ჩვენ ვუთხარით არ ავდგებით-თქო. ამის შემდეგ პოლიციელები შეტრიალდნენ და წავიდნენ. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი სუხიშვილების ცეკვა ”ხორუმსაც” ვუყურეთ და რეპეტიცია თავის თვითმფრინავებიან-ტექნიკიანად გადაღებულიც გვაქვს.
სადამდე აპირებთ პარლამენტის წინ ყოფნას?
- მინიმუმ 21-მდე და შემდეგ ვნახოვთ....
რა მოთხოვნები გაქვთ ამ წუთისთვის?
- ვითხოვთ: სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ანუ დამოუკიდებელ სასამართლოს; სასამართლო პროცესებზე ვიდეოკამერების დაშვებას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ევროკონვენციასთან, რომელიც რატიფიცირებულია; უდანაშაულო ადვოკატების დევნა-დაპატიმრების შეწყვეტას; პატიმრების ცემა-წამების და მკვლელობის შეწყვეტას; სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე და 55-ე მუხლების აღდგენას, რაც ნიშნავს მოსამართლეთა მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მათ დამოუკიდებლობას; ე.წ. შეკრების და სინამდვილეში სასჯელთა შეჯამების პრინციპის გაუქმებას;
ფართომასშტაბიან ამნისტიას; საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელშიც გაერთოიანდებიან იურისტები, ადვოკატები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები და რომელიც განიხილავს ყველა იმ ადამიანის და ადვოკატის განცხადებას, რომელიც იტყვის რომ არის უკანონო პატიმარი (და თუ ეს კომისია საქმეში მნიშვნელოვან დარღვევებს დაადგენს, საერთო სასამართლოებმა საქმის ხელახალი განხილვა უნდა დაიწყონ); კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის ვენეციის კომისიის დასკვნასთან შესაბამისობაში მოყვანას. დაახლოებით ასეთი მოთხოვნები გვაქვს.
და თქვენ ამ მოთხოვნების 21-დე შესრულებას ითხოვთ?
- ჩვენ არ ვითხოვთ 21-მდე შესრულდეს-თქო. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არის ის გზა და საშუალება, რომლითაც ჩვენი კლიენტების დაცვა შეგვეძლება და შესაბამისად, თუ ჩვენ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, სახელმწიფოში სამართლიანობა დაისადგურებს.
ჩვენ ვამბობთ, რომ იმ ცვლილებებით, რომელიც 2003 წლიდან საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდა, ქვეყანა სამართლებრივი სივრციდან გავიდა და ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფო დაბრუნდეს სამართლებრივ სივრცეში.
21 მაისამდე ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ; არის საკითხები, რომელთა მოგვარება ძალიან მარტივადაა შესაძლებელია. თუ ხელისუფლება ამას არ დააკმაყოფილებს, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. არ გავჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ ნორმალურ, დემოკრატიულ კანონმდებლობას.
დღეს ფაქტიურად ადვოკატი მაკლერის ფუნქციას ასრულებს - ”გადაიხადე ამდენი”, - ავალებს პროკურატურა; კლიენტი ეუბნება, ”ამდენის გადახდა არ შემიძლია” და ასე შემდეგ. აი, ასეთი მდგომარეობაა.
რა შემთხვევაში აღარ გააგრძელებთ 21-ის შემდეგ აქციას?
- მოგეხსენებათ, 21 მაისს საპროტესტო აქციაა დანიშნული. თუ ეს აქცია გაიმართება, ბუნებრივია, ჩვენ აქ, ამ აქციას გავაგრძელებთ; ეს ერთი და მეორე - თუ ხელისუფლებამ საერთოდ არანაირი ნაბიჯი არ გადმოდგა, რა თქმა უნდა, ადვოკატები თავიანთი სურვილისა და შეხედულებისამებრ გადაწყვეტენ შეუერთდნენ აქციას, რომელიც იგეგმება 21-ში, თუ არ შეუერთდნენ. ყველა ადვოკატი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.