ტურისტების ჯიბეზე ჩამოკიდებული მთავრობა

ტურისტების ჯიბეზე ჩამოკიდებული მთავრობა

[ეკა ბაქრაძე]

უცხოური ინვესტიციების არარსებობის პირობებში მთავრობას ერთადერთი იმედი რჩება - ტურისტების რაოდენობის გაზრდა. ამიტომ ყოველდღიურად მიდის პროპაგანდა, რომ წელს საქართველო ტურისტულ რეკორდს დაამყარებს. არადა, რეალური ვითარება ასეთი პროგნოზის გაკეთების საფუძველს ნაკლებად იძლევა. გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მზარდი ფასები სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა.

ტურისტული სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეში რამდენჯერმე ვრცელდება. გუშინ აქცენტი კახეთზე გაკეთდა. რეგიონის რწმუნებულის მოადგილე პეტრე კიკნაძე ტურისტების 25%-იან ზრდას ელოდება.

მისი თქმით, დაწყებულია სამუშაოები ინფრასტრუქტურის და გზების მოსაწყობად, მიმდინარეობს კახეთში მდებარე ნაკრძალების რეაბილიტაცია, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიასთან კეთდება ახალი საცხოვრებელი კოტეჯები, მოქმედებს საფეხმავლო და საცხენოსნო ტურები.

გურჯაანში ინვესტორმა ახალი 50-ადგილიანი სანატორიუმის მოწყობა დაიწყო, რომელსაც დახურული და ღია აუზები ექნება. კიკნაძე ამბობს, რომ კახეთის სასტუმროების უმრავლესობა უკვე დატვირთულია და ჯავშნები ზაფხულის სეზონისთვისაც გაკეთებულია.

ეს ყველაფერი რწმუნებულის აპარატის ინფორმაცია და სურვილია, მაგრამ კახეთში ვითარება არცთუ სახარბიელოა. საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალ სტარი“ სულ სხვა ცნობებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად დასახელებულ კახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმართავია. აუდიტი კახეთის სასტუმროების 90%-ში ჩატარდა, თუმცა ვარსკვლავების მიღებას 4-5 სასტუმრო და „გესთ-ჰაუსი“ შეძლებს, ხოლო ვარსკვლავების რაოდენობა 2 ან 3-ით განისაზღვრება. 

„რჩეულის“ სასტუმროების ქსელის მმართველი აღიარებს, რომ კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის დეფიციტია. შალვა ალავერდაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში მოთხოვნა ტურისტების მხრიდან საკმაოდ გაიზარდა, რასაც კახეთი ვერ პასუხობს. მისი თქმით, „რჩეულის“ სასტუმროს საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალ სტარისთვის“ ჯერჯერობით, არც მიუმართავს, რადგან არსებობს ხარვეზები, რომელთა გამოსწორება მოხდება და მიმართვაც სწორედ ამის შემდეგ გაკეთდება.

თუმცა მარტო კახეთში კი არა ტურისტული წლეულს ტურიზმის მიმართულებებით მთელ საქართველოში იქნება პრობლემა და ამის მთავარი მიზეზი ფასია. ტურისტულ კომპანიებში ტურისტების რაოდენობის მატებაზე საუბარს არარეალურს უწოდებენ იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება წელს დამსვენებელთა მკვეთრ ზრდას ელის.

უკვე ცნობილია, რომ ზაფხულის სეზონისთვის ფასების გაზრდას შავიზღვისპირეთში მოქმედი თითქმის ყველა სასტუმრო აპირებს. ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, რომ ტურისტების მატება-კლების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფასია. ამ დროისთვის საქართველოსადმი ინტერესი უცხოელ დამსვენებლებში არც ისე დაბალია, მაგრამ თუ ფასებმა მატება დაიწყო, მაშინ ტურ-ოპერატორები არ გამორიცხავენ, რომ უცხოელებმა აქ ჩამოსვლაზე უარი განაცხადონ.

ტურისტულ კომპანია „ფრეშ-თრეველში“ ამბობენ, რომ მომსახურების გაძვირება ტურისტების რაოდენობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს.

„ჩვენი კომპანია, ძირითადად, ისრაელზე მუშაობს და ამჟამად სიტუაციას შეიძლება დადებითიც კი ეწოდოს. ინტერესი არსებობს და მომატებულია შეკვეთების რაოდენობაც. თუმცა, თუ სასტუმროებმა მომსახურება გააძვირეს და ეს პროცესი გაგრძელდა, მაშინ ჩვენი შემკვეთები, ალბათ, გააუქმებენ ჯავშანს და ევროპაში წავლენ.  ისედაც, საწვავის გამო, ტრანსპორტირება ძვირი ჯდება და ამას თუ მომსახურებაც დაემატა, ცხადია, აქ აღარ ჩამოვლენ“.