[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
ოპოზიციური პარტიების გააქტიურებასთან ერთად სამეგრელოში ძალოვანი სტრუქტურებიც აქტიურ რეჟიმში გადადიან. ამ ინფორმაციის უტყუარობას ბოლო დღეებში რეგიონში მომხდარი ფაქტებიც ადასტურებს, როცა მერაბიშვილისა და ახალაიას უწყებები პოლიტიკური ლიდერების მიმართ ფარულ თუ ღია პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ. მოსალოდნელი დაპატიმრებების შესახებ ინფორმაცია დღეს „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა მიქაიამ პარტიის თბილისის ოფისში გაახმაურა.
კახა მიქაია: „სამეგრელოს რეგიონის პოლიციის სამხარეო სამმართველოს მაღალჩინოსნები 17 მაისს, დილით ანაკლიაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ და „ქართულ პარტიასთან“ ბრძოლის მეთოდები დაგეგმეს. ამ შეხვედრაზე ზუგდიდში „ქართული პარტიის“ ოფისის დაშლა გადაწყდა. გუშინვე იგივე შემადგენლობა, მაგრამ მერაბიშვილის გარეშე, ზუგდიდში კიდევ ერთხელ შეიკრიბა. შეხვედრაზე ცნობილმა ზონდერმა თემურ თორიამ, მეტსახელად „ლოქომ“, „ქართული პარტიის“ წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარება თავის თავზე აიღო. ეს ადამიანები პარტიის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლების დაპატიმრებას არა პოლიტიკური, არამედ კრიმინალური სარჩულით აპირებენ.
შესაძლოა, ეს ნარკოტიკის, ან იარაღის ჩადება, ქუჩაში ჩხუბის პროვოცირება, ავტოკატასტროფა, ან სხვა რამ იყოს. თუ პარტიის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლებს - ალექსანდრე გეთიას, ალექსანდრე მოლაშხიას, დავით სორდიას, რამაზ შუბითიძეს, გიორგი ჯღარკავას, გურამ ჩიქვანავას, თენგიზ გერგედავას რაიმე ხიფათი შეემთხვევათ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ვანო მერაბიშვილს დაეკისრება“.
კახა მიქაიასგან განსხვავებით 14 მაისს, სამეგრელო –ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე უკვე დაიბარეს „სახალხო კრების“ წინააღმდეგობის კომიტეტის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ზამირა ღადუა. მისი განცხადებით, პროკურატურის გამომძიებლები თოდუა და საჯაია უსაფუძვლო ბრალდებებით მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ახალაიას უწყება ამჯერად, ზამირა ღადუას, როგორც ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის საქმიანობით, 6 წლის შემდეგ დაინტერესდა. პარტიის ლიდერი კამერის წინ დაკითხვის დეტალებზე, მისი ოჯახისა და ახლო ნათესავების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ტერორზე საუბრობს.