„საქართველო ალიანსისაგან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელის“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსის ერთობისა და ძალის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდება და NATO-ს სწრაფვას მშვიდობისა და სტაბილურობისკენ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი.
„საქართველო ამაყობს, რომ მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო სტრატეგიულ პარტნიორს, NATO-ს გვერდით დგომის შესაძლებლობა ეძლევა. ქვეყანა ახლო მომავალში ალიანსის სრულფასოვანი წევრობისკენ ისწრაფვის. საქართველო ალიანსისაგან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელის. ვიმედოვნებთ, რომ სამიტზე ჩვენს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება მოხდება.
რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც საქართველომ სტაბილურობის განმტკიცების კუთხით შეიძლება ითამაშოს, ჩვენ ველით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს“, - განაცხადა გიორგი კვრიკაშვილმა.
მისივე თქმით, ვარშავის სამიტი წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით, ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოების ზრდაზე იქნება კონცენტრირებული და ამ თვალსაზრისით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. პრემიერი იმედოვნებს, რომ ვარშავის სამიტზე ამის აღიარება და გათვალისწინება მოხდება.
„ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და ინკლუზიური მიდგომით დაიძლევა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას უდევს საფუძვლად - ჩვენ გვინდა მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო არა მხოლოდ სარგებლობს უსაფრთხოების გარანტიებით, არამედ ქმნის მათ.
NATO-ს სამომავლო კურსისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ალიანსის რეაქციის განსასაზღვრავად, ვარშავის მომავალი სამიტი უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვწამს, რომ NATO ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ თვალსაზრისით, საქართველო ალიანსთან თავისი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნის ერთგულია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თინა ხიდაშელი არ ელოდება, რომ ივლისში საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით შედგება 28 ქვეყნის კონსენსუსი, ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება MAP-იც და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
„შეიარაღებული ძალების სიახლოვე არ არის საკმარისი და ნატო-ში გაწევრიანებას სჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი. ამ ერთი წლის განმავლობაში ფუნდამენტური ნაბიჯები გადავდგით და ძალიან წინ წავედით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, საბოლოო გადაწყვეტილებას სჭირდება 28-ვე წევრს შორის კონსენსუსი. ეს მხოლოდ იმასთან არ არის დაკავშირებული, რამდენად მომზადებული, ძლიერი და თავსებადი იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალები ნატო-სთან“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჯეიმს აპატურაი. კონფერენციის დაწყებამდე ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებული საკითხები აპატურაიმ სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე განიხილა. როგორც აპატურაიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ამ ეტაპზე მნიშნვნელოვანი არ არის MAP, მნიშვნელოვანია - მეტი ნატო საქართველოში.
„ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო ვარშავის სამიტზე და ამ სამიტის სამზადისზე. ვმუშაობთ, რომ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილების იმპლემენტაცია მოხდეს და გაღრმავდეს თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, იქნება ახალი იდეები, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს შესაძლებლობები ნატო-სთან თანამშრომლობის კუთხით. და კიდევ - პოლიტიკური ურთიერთობა. საქართველო ამ სამიტზე იქნება უფრო მეტად წარმომადგენლობითი, ვიდრე სხვა რომელიმე პარტნიორი“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
როგორც აპატურაი აცხადებს, ვარშავის სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იქნება ავღანეთის მისიასთან დაკავშირებულ მთავრობის ხელმძღვანელების, თავდაცვის მინისტრების, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისა და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. მისივე თქმით, ვარშავის სამიტზე იქნება მეტი საქართველო ნატოში, ვიდრე სხვა ნებისმიერი პარტნიორი.
ნატო-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ გრუშკო თვლის, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე.
„ვფიქრობ, რომ ნატო-ში გონივრულად იმოქმედებენ, რადგან საქართველოს ნატო-ში მიღება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე. ეს არის კოლოსალური რისკი ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.
როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს, თუმცა ედგარ რინკევიჩმა „დელფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ღია კარების“ პოლიტიკა კვლავ მოქმედებს.
„ნატოში ყოველთვის კეთდებოდა განცხადებები „ღია კარების“ პრინციპზე, მაგრამ ახლა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ახლო მომავალში ნატო-ში საქართველოს ან უკრაინის გაწევრიანებაზე. რა თქმა უნდა, იყო სამიტი ბუქარესტში, სადაც აღინიშნა, რომ ოდესმე მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. თუმცა დღეს, ნატო-ში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ამასთანავე, მე ვთვლი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუგზავნოთ კიევსა და თბილისს არასწორი სიგნალი და გაწევრიანების შესაძლებლობა საერთოდ გამოვრიცხოთ.
ის ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატო-ს უერთდება, ნათელი დასტურია, რომ „ღია კარების“ პოლიტიკა კვლავ მოქმედებს. მაგრამ კანდიდატი ქვეყნები თავად უნდა მოემზადონ, გაატარონ რეფორმები. ეს ეხება არამხოლოდ თავდაცვით პოლიტიკას, არამედ ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, კორუფციის აღკვეთას, სასამართლო სისტემისა და სახელმწიფო მართვის რეფორმირებას. ყველა ეს საკითხი ნატო-ს აინტერესებს. ამ მიმართულებით ორივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა ედგარ რინკევიჩმა.