რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დარბაზში, ქვეყნის 2012 წლის ბიუჯეტის შესადგენად, წინასწარი საჯარო კონსულტაცია შედგა. მთავრობამ, რომელსაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლეიშვილი წარმოადგენდა ერთხმად განაცხადა, რომ ბიუჯეტი 2012 მაქიმალურად მოქალაქეებზე ორიენტირებული იქნება.
დადაქალაქიდან ჩამოსული სტუმრები აცხადებდნენ, რომ 2012 წელს საზოგადოება 100-ის ნაცვლად 140 ახალი საავადმყოფოს მიიღებს. „ჩვენთვის მნივნელოვანია, რომ ამ დაწესებულებებში მკურნალობა რიგით მოქალაქეებს შეეძლოთ” – თქვა ზურაბ მელიქიშვილმა. მან დაზღვევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
შეხვედრის მთავრი წარმმართველი, რეგიონის გუბერნატორი დავით კირკიტრაძე იყო. „რუსთავში დღეს ბევრად უკეთესი სიტუაციაა ვიდრე იყო, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრია. ქალაქში ცხრასართულიანი შენობებში 727 ლიფტი არ მუშაობს. ამ საქმისთვის ჩვენ ვითხოვთ ბიუჯეტიდან 3 000 500 ლარს. ასევე, წელს მოხერხდა რუსთავის ცენტრალური გზების შეკეთება, თუმცა შიდაკვარტალური გზები კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობისგან 4 მილიონი გვჭირდება. ბოლომდეა მისაყვანი, სანაგვე ბუნკერების შენობებიდან გატანის საკითხიც. ასევე, მწვავედ დგას ქალაქში სახურავების თემაც“ – აღნიშნა კირკიტაძემ.
მთვარობისგან მილიონების მოთხოვნის შემდეგ, სანამ რამაზ ნიკოლაიშვილი საუბრობდა, კირკიტაძე ესემესების წერით იყო დაკავებული.
2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მსმენელთა რიგებში რიგითი მოქალაქეები ნაკლებად ჩანდნენ. შეხვედრას ქალაქის თვითმმართველობის გარდა აიპ „რუსთავის კორპუსის“ მთელი შემადგენლობა და რუსთავის კორპუსების ამხანაგობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„გახლავართ რუსთავის ერთ-ერთი კორპუსის ამხანაგობის თავჯდომარე. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი კორპუსის პრობლემების მოსაგვარებლად. გვაიტერესებს, მოწესრიგდება თუ არა რუსთავში მანქანების პარკირების საკითხი. ბოლოსდაბოლოს ჩვენც ხომ ვართ უკვე ქალაქი?!” – კითხვით მიმართა მელიქიშვილს გამომსვლელმა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემააო, უპასუხა მელიქიშვილმა.
ამ „ძალზედ მწვავე“ თემაზე საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა. შეხვედრისას ასევე გაირკვა, რომ რუსთაველებს პარკირების გარდა სხვა „მწვავე“ პრობლემაც აქვთ. „ბატონო ზურაბ, თქვენ გეცოდინებათ რუსთავში მელიქიშვილის ქუჩის მდგომარერობა. იქ გავლა შეუძლებელია“ – დაიჩივლა „რუსთავის კორპუსის” წარმომადგენელმა.
„სანამ კირკიტაძის ქუჩას არ დაარქმევთ არაფერი გაკეთდება. ეს - ხუმრობით. მერე არ დაწერონ ვიღაცეებმა სერიოზულად, გუბერნატორი ქუჩისთვის თავისი სახელის დარქმევას ითხოვსო” – იხუმრა კირკიტაძემ.
კითხვები აზერბაიჯანელ ქალთა განათლების პრობლემაზეც დაისვა. ასევე გამომსვლელი ქალბატონები ხაზს უსვამდნენ იმ გრემოებას, რომ მათი ინორმაციით 2012 წლის ბიუჯეტში, სოციალურ საკითხებისთვის თანხები გაიზარდა. „2011 წელს ბიუჯეტის 20%-იყო ორიენტირებული სოციალურ საკითხებზე, ამ ბიუჯეტით კი 22% ეთმობა აღნიშნულ სფეროს” – ამბობდა ბიუჯეტში კარგად გარკვეული რუსთაველი ქალბატონი.
„რუსთავის კორპუსს”, რომელიც აქტიურად იყო წარმოდგენილი აღნიშნულ შეხვედრაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან საინტერესო ურთიერთობა აქვს. წელს მისი ბიუჯეტი გაიზარდა და 900 500 ლარს შეადგენს.
2010 წელს, „რუსთავის კორპუსმა“ მისთვის განკუთვნილი თანხები სრულად ვერ დახარჯა და მერიას უკან დაუბრუნა. მოგვიანენით კი ამ თანხით წინასაახალწლოდ რუსთავის თვითმმართველობაში პრემიები დარიგდა.
შეხვედრის დასასრულს ზურაბ მელიქიშვილმა დამსწრე საზოგადოებას თხოვნით მიმართა: „თქვენ ყველას გაქვთ კითხვარების ფორმის ფურცლები. გთხოვთ შეავსოთ და ჩაწეროთ თქვენი პრიორიტეტები. ჩვენ მათ მაქსიმალურად ავსახავთ ბიუჯეტში“.