„ოცნება“ პოლიტიკურად დამარცხდა - მოხდა ის, რის დამტკიცებასაც ნაციონალები ცდილობენ ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ“

„ოცნება“ პოლიტიკურად დამარცხდა - მოხდა ის, რის დამტკიცებასაც ნაციონალები ცდილობენ ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ“

კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიებას შსს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აწარმოებს, თუმცა ინციდენტში მონაწილე არც ერთი პირი ამ დრომდე დაკავებული არ არის. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ძალოვან უწყებაში არ აკონკრეტებენ, დაიკითხნენ თუ არა დაპირისპირებაში მონაწილე სპორტსმენები.

როგორც ცნობილია, კორცხელის N53-ე უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში თბილისიდან ჩასული სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული, ასევე გამოყენებული იყო ხელკეტები. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქტივისტები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ სამეგრელოში მიზანმიმართილად მოხდა სპორტსმენების მობილიზაცია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობდა. ოპონენტების ბრალდებას სასაცილოს უწოდებს კახი კალაძე და აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია რაც სამეგრელოში მოხდა. კითხვაზე - ვინ იყვნენ სპორტსმენები? - კალაძემ აღნიშნა, რომ ისინი არიან მხარდამჭერები.

„როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერებს - გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და სხვებს ახლდნენ თავიანთი მხარდამჭერები, ასევე „ქართულ ოცნებასაც“ ყავდა თავისი მხარდამჭერები, რაც მისი თქმით, საარჩევნო პროცესში ნორმალურია. ხდება მხარდამჭერების მობილიზება, გამხნევება, ეს სიახლე არ არის, თუმცა ფაქტი, რომელიც მოხდა, პირადად ჩემთვის მიუღებელია. ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს და ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა განმეორდეს“, - აცხადებს კახი კალაძე.

„ის, რაც მოხდა არჩევნებზე სამეგრელოში მიუღებელია და ასეთი პრეცედენტები აღარ უნდა განმეორდეს“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი, რომლის განცხადებით, მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება საჭირო სამართალდამცავების მხრიდან, რათა ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდეს.

„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როდესაც არჩევნები ტარდებოდა ძალადობით. მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს მოსახლეობამ ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს სამართავად. ეს არის დასაგმობი ინციდენტი. მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება სამართალდამცავების მხრიდან საჭირო, რათა ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს. ეს ინციდენტი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ.

სახელმწიფოს ღირსების საკითხი იქნება, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და ჩვენს თანამოქალაქეებს მივცეთ საშუალება მშვიდობიან გარემოში, ყოველგვარი ძალადობის გარეშე მისცენ ხმა მათ რჩეულს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მმართველმა ძალამ იმ ადამიანების სია გაასაჯაროვა, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. როგორც პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, ზონდერები  გიგა ბოკერიას დავალებით და ზაზა კედელაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ.

მისივე თქმით, ბოკერიას მითითებით, არეულობის მოწყობას გეგმავდნენ - სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია, „თავისუფალი ზონის“ წევრი ვლადიმერ სხულუხია, რომელიც 2012 წლამდე ზუგდიდის საკრებულოში მუშაობდა, ასევე - ზონდერები: თენგიზ ჭანია, ანრი ბიჭინოვი, ილია მარტყოფლიშვილი, ირაკლი ჭანტურია და თეიმურაზ ლუთიძე. რაც შეეხება სპორტსმენებს, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, მდინარაძის თქმით, ისინი „ქართული ოცნების“ პარტიის წევრები არიან და იქ სწორედ ამ სტატუსით იმყოფებოდნენ.

საზოგადოებრივი კომინიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდიას განცხადებით, ხელისუფლება, რომელსაც ოპონენტად „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყავს, მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ყოფილი ხელისუფლება პროვოკაციებს მოაწყობს. მისივე თქმით, აგონიაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება მსგავსი პროვოკაციები მოაწყოს არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ. შესაბამისად, გამზარდია თვლის, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა აღკვეთოს პროვოკაციები და უზრუნველჰყოს საზოგადოების სიმშვიდე, ასევე აღკვეთოს საზოგადოებრივი დესტრუქციები თუნდაც პროვოკატორების საპასუხოდ.

„მმართველმა ძალამ უარი თქვა ძალადობაზე, რასაც გასული ოთხი წელი ადასტურებს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს ყოფილი მმართველების სტრატეგიებიც და მზად დახვდეს პერმანენტულ პროვოკაციებს. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების დაცვა და საზოგადოებრივი სტაბილურობა.

ის, რაც დღეს მოხდა ერთ ადგილას, არის ნიშანი იმისა, რომ აგონიაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავს პროვოკაციებს შეეცდება როგორც დარჩენილი თვეების განმავლობაში, ისე, განსაკუთრებით არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა აღკვეთოს პროვოკაციები და უზრუნველყოს საზოგადოების სიმშვიდე, ასევე აღკვეთოს საზოგადოებრივი დესტრუქციები, თუნდაც პროვოკატორების საპასუხოდ“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცახდებით, სამეგრელოში განვითარებული პროცესი ადასტურებს, რომ მშვიდი და უტემპერამენტო არჩევნების შიში გაქრა. მისივე თქმით, ფაქტორები უჩვენებს, რომ საპარლამენტო არჩევნები იმაზე უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

„სიმართლე გითხრათ მესმის „ქართული ოცნების“ ლოგიკაც, რომ დაპირისპირება მოხდა სწორედ იმ უბანზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ. თუკი „ქართულ ოცნებას“ განზრახული ჰქონდა ძალისმიერი მეთოდით ბრძოლა, მაშინ სხვა უბნებზეც მოხდებოდა ანალოგიური დაპირისპირება, რაც მოხდა სამეგრელოში. მით უმეტეს, რომ შედეგების თავალსაზრისით არ იყო ისეთი ვითარება, რომ ასეთი ძალისმიერი მეთოდით ჩარეულიყო.

ამიტომ, ცოტა არადამაჯერებლად მეჩვენება ნაციონალების ვერსია. თუმცა, პასუხისმგებელი პროცესების ნორმალურ მსვლელობაზე არის ხელისუფლება და მით უმეტეს, როდესაც თავად ლაპარაკობს მოსალოდნელ პროვოკაციაზე. პროვიკაცია არ არის გამართლება, ვინაიდან დამნაშავეა ის, ვინც პროვოკაციას აწყობს და ის, ვინც წამოეგება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

„თუ „ქართული ოცნება“ ამ სტილში აპირებს საპარლემენტო არჩევენების ჩატარებას, უნდა იცოდეს, რომ საფრთხეს უქმნის არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ საფრთხე ექმნება ქვეყნის სტაბილურობას“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, არგუმენტი, რომ პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული იყო, ხელისუფლების ქმედებას არ ამართლებს. მისივე თქმით, ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა იმდენი ტვინი, რომ არ აყოლოდა პროვოკაციას.

„სრულიად თეთრი ძაფით ნაკერია ის არგუმენტი, რომ მოჭიდავეები ტურისტული მიზნით იყვნენ ჩასული. ის, რაც სამეგრელოში მოხდა, არ არის ის მეთოდი, რომლითაც შეიძლება ადამიანებმა იბრძოლონ ხელისუფლებაში დასარჩენად. ეს არის დადასატურება იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება მძიმე და დაძაბული. „ქართულ ოცნებას“ დღემდე ასეთი შეცდომა არ დაუშვია, ერთი საკითხია ვის დაიჭერენ, მაგრამ პოლიტიკურად დამარცხებულია, რადგან მოხდა ის, რის დამტკიცებასაც ნაციონალები ცდილობენ ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. როგორმე უნდა ჩამოყალიდებს მმართველი ძალა. ხელისუფლების ხელშია ყველაფერი, მაგრამ თუ ლინჩის წესს ვუბრუნდებით, მაშინ გასაგებია“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ სრული ინტელექტუალური, ორგანიზაციული და პოლიტიკური კრიზისია და რამე თუ არ შეიცვალა, სახელმწიფოსთვის ამის შედეგები სავალალო იქნება. მისივე თქმით, ამომრჩეველს უჩნდება შეკითხვა - რატომ შევცვალეთ ხელისუფლება? რით ჯობია მოქმედი წინას, თუ ის ცდილობს იგივე სისტემა მოირგოს.

„ჩვენ მიხეილ სააკაშვილის სახელსა და გვართან არ გვქონდა პრობლემა, ჩვენ პრობლემა გვქონდა იმ სისტემასთან, რომელსაც ის ქვეყანაში ამკვიდრებდა. მსგავსი პრობლემის ნაციონალური მასშტაბით განმეორების შემთხვევაში, ხელისუფლება კრიზისში აღმოჩნდება და შედეგები იქნება ძალიან მძიმე. ძალიან მცირე, ასე ვთქვათ, მინი კრიზისის მენეჯმენტი ვერ მოახდინა ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ დღესაც არ იცის, რა ქნას. თუ მოახდენენ სამართლებრივ რეაგირებას, მაშინ შეიძლება შიდაპარტიული პრობლემები შეიქმნას, მეორე მხრივ, რეაგირების გარეშე დატოვებით, შეიძლება არჩევნების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ქვეშ. დილემის წინაშე დგას ხელისუფლება. ფაქტია, რომ შსს დუმს, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ინციდენტში მონაწილე ნებისმიერი პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.