მმართველი გუნდი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევის პროცესშია, მოქმედი დეპუტატები კი, „ქართულ ოცნებას“ საკუთარ კანდიდატურებს სთავაზობენ. საკუთარი თავის წარმოჩენის თვალსაზრისით, ე.წ. ბიზნესმენი დეპუტატები აქტიურობენ, რომელთაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩართვის სურვილი აქვთ.
„ქართული ოცნება“ ყოფილი ნაციონალების შეთავაზებას მიიღებს თუ არა, ამის თაობაზე ინფორმაციას ე.წ. ბიზნესმენი დეპუტატები არ ფლობენ, თუმცა, ისინი „ოცნების“ უარის შემთხვევაში, არჩევნებში ჩართვას დამოუკიდებელად აპირებენ.
„ოცნების“ რიგებიდან არჩევნებში ჩართვის სურვილს ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძეც გამოთქვამს, რომლის თაობაზეც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, რომ „ოცნებას“ ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის საარჩევნო ოლქში არჩევანის გაკეთება ენუქიძესა და ვიქტორ ჯაფარიძეს შორის მოუწევს.
წყაროს ცნობით, პარლამენტში მყოფი სვანეთის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მესტიას საკუთარი წარმომადგენელი - სვანი ჰყავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მესტიის მოსახლეობამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს.
for.ge-სთან საუბარში ენუქიძე ამბობს, რომ მას სვანური წარმომავლობა არ აქვს, თუმცა, სვანეთთან გარკვეული კონტაქტები აქვს, მის მიერ წარდგენილი პროგრამა კი, გამარჯვების მოპოვების შანსს იძლევა.
„სვანური წარმოშობა არ მაქვს, თუმცა, ძალიან ბევრი მეგობარი სვანი მყავს და სვანეთთან ახლო კავშირები მაქვს. ერთიანი პროგრამით წარვდგებით და გამარჯვების შანსი გვექნება. ძალიან მაღალი შანსები მაქვს. სვანეთში ისეთ პროგრამას წარვადგენ, რომელიც მათთვის მისაღები იქნება“, - აცხადებს ენუქიძე.
კანონმდებელი ფიქრობს, რომ რაჭა მისია და მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
„სურვილი მაქვს, არჩევნებში „ოცნების“ რიგებიდან ჩავერთო, მაგრამ ჩემთვის ოფიციალურად არავის არ მოუმართავს. თუკი „ოცნების“ მხრიდან მოთხოვნა იქნება, ამ პროცესში ჩავერთვები. ამითვის მზად ვარ, ფაქტიურად, სულ საარჩევნო რეჟიმში ვარ. რაჭა ჩემია და საარჩევნო კუთხითაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ვიხარჯები, დანარჩენი ხალხს უნდა ვკითხოთ“, - ამბობს დეპუტატი.
ენუქიძე ვერ აკონკრეტებს, მას მმართველ გუნდში ჰყავს თუ არა კონკურენტი, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი, ენუქიძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდება, ვიქტორ ჯაფარიძე „ოცნების“ საარჩევნო სიაში გადაინაცვლებს.
ვინაიდან, ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის საარჩევნო ოლქში დაახლოებით 300 სოფელია, ენუქიძეს საკუთარი თავის წარმოჩენა ოთხი რაონისთვის მოუწევს.
„ეს ოლქი მუშაობის კუთხით მეტი დროს, მეტ შრომასა და მეტ რესურსს მოითხოვს“, - დასძენს ენუქიძე.
რაც შეეხება ხობსა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, ენუქიძის მსგავსად, ოთხგზის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია არჩევნებში ჩართვის სურვილს „ოცნების“ რიგებიდან გამოთქვამს, თუმცა არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლასაც არ გამორიცხავს.
როგორც for.ge-ს ბუკიამ განუცხადა, ხობსა და ზუგდიდის ოლქში კენჭისყრას აპირებს.
დეპუტატის თქმით, თუ „ოცნება“ გადაწყვეტს და მას მხარს დაუჭერს, ის ხელისუფლების გვერდით დიდი სიამოვნებით დადგება, თუ არადა, კენჭს დამოუკიდებლად იყრის.
„უმრავლესობის წევრები კი ვართ, მაგრამ შეიძლება, არც დაგვაყენონ. ეს მათი გადასაწყვეტია. თუ არ დაგვაყებენებ, მაინც დავდგებით. ოთხგზის დეპუტატი ვარ და ოლქში გამოკითხვა არ მჭირდება, რადგან ყველაფერი ნათელია. დეპუტატობა არაფერში არ მჭირდება, ვინაიდან შესაძლებლობა მაქვს, დეპუტატობა იმისთვის მინდა, რომ ჩემს რაიონს დავეხმარო და იქ შემთხვევითი ადამიანი არ მოხვდეს, რომელიც მათ ტვინის ჭყლეტვას დაუწყებს და არა დახმარებას“, - ამბობს ბუკია.
კანონმდებელი ირწმუნება, რომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მის ამომრჩეველს საკითხი დღის წესრიგში დაესვას და მისგან უყურადღებოდ დარჩენილიყო.
„ყველაზე დიდი პრობლემა პროფესიონალიზმის პრობლემაა და ეს ძალიან სერიოზულად იკვეთება, რადგან ადამიანებს მოსამზადებლადაც კი ვერ ვპოულობთ. სიმინდის გადამამუშავებელი ქარხანა, კომბინირებული კვების ქარხანა შენდება და სპეციალისტებია საჭირო, მარტო ლაფატკის მუშა ხომ ვერ გამოდგება? - თქვენ მოწოდებით ჟურნალისტი ხართ და ვხედავ, რომ მუშაობთ, წინ და უკან დარბიხართ. თუმცა, ჩვენს სამყაროში ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც დარბის, ცდილობს და წვალობს. ყველას გამზადებულზე მისვლა და საწყობის გამგეობა უნდა, პროფესიონალიზმის ჩვენება კი არ სურთ“, - დასძენს ბუკია.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლით „ოცნებას“ უმრავლესობა ეშლებოდა, რის გამოც საკუთარ რიგებში 12 ყოფილი ნაციონალი გადაიყვანა, რომლებიც ბიზნესსაქმიანობით არიან დაკავებულნი. „ოცნება“ აღნიშნულ დეპუტატებს დაუფასებს თუ არა პოლიტიკურ „ღვაწლს“, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც „ოცნების“ სია გასაჯაროვდება.