ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული პარტიის“ დაძახილზე ამერიკის საელჩოსთან მართლაც რომ შეკრებილიყო რამდენიმე ათასი ანტიამერიკულად და ანტიდასავლურად განწყობილი ადამიანი, ეს დასავლეთის თვალში სააკაშვილის პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებდა.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების შემდეგ, რომ აშშ-ის საელჩოდან მომწამვლელი ნიაღვარი მოედინება, „ქართულმა პარტიამ“ სააკაშვილისთვის სასიცოცხლო ონკანის „გადაკეტვა“ გადაწყვიტა და ამ დიპლომატიურ დაწესებულებას საპროტესტოდ მიადგა. ბევრი ოპოზიციონერი ამას მათ პოლიტიკურ სიბეცედ მიიჩნევს. როგორია თქვენი პოზიცია?
- ერთი მხრივ, მათი ასეთი ქმედება პოლიტიკური შეცდომაა. რადგან, როგორც ჩანს, მავანთ იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოში, შესაძლოა, პრორუსული და სტალინისტური განწყობილებების მობილიზება და პოლიტიკური ლეგალიზება მომხდარიყო და ეს გარკვეულ პოლიტიკურ ძალად გაფორმებულიყო.
მთელი 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აქ პრორუსული განწყობილებების მობილიზება მოეხდინა. ასევე, სტალინისტური განწყობილებების ქართულ პატრიოტიზმთან სინთეზირება მოეხდინა და ეს პოლიტიკურ ძალად გადაექცია. საბოლოო ჯამში, ამისგან არაფერი გამოვიდა. ეს სტრატეგია, რომელსაც რუსეთი ადგას საქართველოში, ასე გამოიხატება: ერთხელაც ქართველებს მობეზრდებათ ევროპული თამაშები და დაუბრუნდებიან თავიანთ რუსულ წიაღს. თუმცა რუსეთს ეს სტრატეგია არ გამოსდის. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიჯერონ, რომ ჩვენ უფრო მეტად პატივსაცემი ხალხი ვართ და ასეთი მარტივი ოპერატიული ფსიქოლოგია არ გვაქვს, რომელიც შეიძლება ათამაშო, შეუძლებელია, ისტორიულ სიმბოლოებზე ააგო ჩვენი ხალხის ცხოვრება. მეორეც, ხომ უნდა დაინახონ ბოლოსდაბოლოს, რომ ეს მეთოდი უბრალოდ არ ჭრის და, იმედი მაქვს, არც გაჭრის საქართველოში.
რამდენადაც ვიცი, აშშ-ის საელჩოსთან აქციის გამართვის ორგანიზატორებს უკვე შეუცვლიათ ლოზუნგები. მათ შეურბილებიათ მოთხოვნები და თურმე მადლობის გამოსახატად წასულან აშშ-ის საელჩოსთან და იმის სათხოვნელად, რომ საელჩოს მესვეურებმა კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ სააკაშვილზე. მაპატიეთ, ეს უკვე კომედია და არასერიოზულობაა. როგორც ჩანს, „ქართული პარტიის“ ლიდერებმა კარგად არ იციან, რას აკეთებენ.
მათი ანტიამერიკული განცხადებები ალბათ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
- რა თქმა უნდა, ჩემთვის სატკივარი სწორედ ეს არის, რომ ეს კიდევ უფრო ამყარებს სააკაშვილის პოზიციას. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ იქ მართლაც შეკრებილიყო რამდენიმე ათასი ანტიამერიკულად და ანტიდასავლურად განწყობილი ადამიანი, ეს დასავლეთის თვალში რამდენად გაამყარებდა სააკაშვილს? რა თქმა უნდა, ქაოსსა და სტალინისტური ყაიდის ხელისუფლების საქართველოს სათავეში მოსვლას, დასავლეთი ისეთ ავტორიტარს ამჯობინებდა, როგორიც სააკაშვილია.
ამ შემთხვევაში, „ქართული პარტია“ ხელისუფლების თამაშს ხომ არ თამაშობს და დროის გაწელვას ხომ არ ემსახურება?
- მართალი გითხრათ, შეთქმულების თეორიის უარყოფა კატეგორიულად არ შეიძლება, მაგრამ ამგვარი თამაშების არ მჯერა. როგორც წესი, შეთქმულების თეორიას უარყოფენ ისინი, ვინც თვითონ შეთქმულნი არიან. მაგრამ ამ შემთხვევაში, არ მჯერა. უბრალოდ, ვფიქრობ, ცუდი პოლიტიკური გათვლის პროდუქტია ეს ყველაფერი.
ოქრუაშვილის მიერ პარიზიდან მოცემულ ბოლოდროინდელ დირექტივებს როგორ შეაფასებთ, რომ თურმე მხოლოდ „ქართულ პარტიას“ ხელეწიფება სააკაშვილის რეჟიმის დამხობა?
- რომელიმე პარტია გეგულებათ, სხვა რამეს ამბობდეს? მე მგონი, ყველა პარტია ამას ამბობს, რომ მხოლოდ მას შეუძლია ამის გაკეთება. კატეგორიულად ვიტყოდი, რომ რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლა დღეს, მოცემულ მომენტში, არცერთ ქართულ პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია. არ არსებობს ამის საზოგადოებრივი არც რესურსები, არც განწყობა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ რვიანის ბევრი სუბიექტის მიმართ ეჭვი მაქვს და მათი ქმედების მიმართ ეს ეჭვი რამდენიმე წელია მომდევს, იმ სტრატეგიას და იმ კურსს, რასაც რვიანი დაადგა, უსიტყვოდ მხარს ვუჭერ. შესაძლოა, რვიანის ცალკეულ სუბიექტებს თავად არ ახსოვდეთ, მაგრამ მე კარგად მახსოვს მათი ზოგიერთი განცხადება.
მიაღწია რვიანმა რამეს?
- ჯერჯერობით ვერა, მაგრამ ნუ გვეჩქარება. ჩვენ, ქართველებს გვინდა ხოლმე, რომ ორ და სამ თვეში რადიკალურად შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება. ასეთი რამ არ ხდება.
2013 წელიც რომ გვიახლოვდება?
- კი ბატონო, აი, აქ უკვე საზოგადოების აქტიურობაა საჭირო.
ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურ რვიანში შემავალი „ქრისტიან-დემოკრატები“ მეტად საეჭვოდ გამოიყურებიან და ხელისუფლების მეხამრიდები არიან. ზოგადად, ეკლექტურმა სუბიექტებმა ხომ არ შეუშალეს ხელი რვიანის პროცესებს?
- შიდა სამზარეულოში რა ხდებოდა, ვერ გეტყვით, მაგრამ გარედან ასე არ ჩანს. გარედან ჩანს, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ იმ პარადიგმის ჩარჩოებში არიან, რომელ პარადიგმასაც ემსახურება რვიანი.
21 მაისის აქციის ორგანიზატორებს რისი იმედი აქვთ, რომლებიც ხალხს საპროტესტოდ ეპატიჟებიან?
- ვერაფერს გეტყვით, რისი იმედი აქვთ. როდესაც მე ამ მოძრაობის წარმომადგენლებს ვესაუბრე, ისინი აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებული მზადება აქვთ ამისთვის და, რომ რეგიონებში ძალზე აქტიურად მუშაობდნენ. ეჭვი მეპარება, 21 მაისისთვის მზაობა არსებობდეს.
ხალხის გამოყვანის მიუხედავად, კიდევ ერთხელ რომ დამარცხდნენ, მათი პოლიტიკური კარიერა საბოლოოდ ხომ დასამარდება?
- ასეთივე აზრი გამოვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ამას კიდევ უფრო უარესი აპათია, ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალის მარგინალიზაცია მოჰყვება. რაც მთავარია, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება გამყარდება. ამის საფრთხე სერიოზულია.
იმ ფონზე, როცა 26 მაისს ხელისუფლება მთავარ გამზირზე აღლუმის გამართვას აპირებს, ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორის დაპირისპირების ალბათობა რამდენად იზრდება?
- ნუ გვავიწყდება, რომ არის ასეთი ფარული, თუმცა კი, არც ისე ფარული „აქტორი“- რუსეთის სახით, რომელიც ყველანაირად შეეცდება, ამ აქციებზე დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს. არ გამოვრიცხავ აფეთქებებსაც. პოლიტიკური ტექნოლოგიები გულისხმობენ ამ მეთოდებს, როგორიცაა მკვლელობა, აფეთქებები, ვიღაცის გალახვა, სკანდალის, დაპირისპირების პროვოცირება და სხვა. რუსეთს ამდენი ინსტრუმენტი ჯერ კიდევ გააჩნია საქართველოში, რომ მსგავსი რამ მოაწყოს.
როგორ გგონიათ, ჩვენი ხელისუფლება ამგვარი პროვოკაციის მოწყობას არ ეცდება?
- გამორიცხული არაფერია. შესაძლოა, ხელისუფლებამაც მოაწყოს პროვოკაცია, რათა ოპოზიციური ძალების დისკრედიტაცია მოახდინოს. ხელისუფლებას დღეს ყველაზე მეტად აწყობს, რომ რადიკალურ-რევოლუციურ ძალებთან მთელი ოპოზიციის იდენტიფიცირება მოხდეს, რომელთა არსებობაც არა მხოლოდ დასავლეთს აფრთხობს, არამედ ჩვენს მეზობლებს-სომხებს, აზერბაიჯანლებს, თურქებს. მათთვისაც ეს არ იქნება მისაღები მეზობელი.
რადიკალ რევოლუციურ ძალებზე როცა ვსაუბრობთ, ლიბიაში განვითარებული მოვლენების დროსაც ხომ რადიკალმა ისლამისტებმა აიღეს მართვის ბერკეტები, თუმცა დასავლეთი მათ თანაუგრძნობდა?
- ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლიბიაში სულ სხვა სიტუაცია იყო. ლიბიასა და ეგვიპტეში პრობლემა გახლდათ მობეზრებული ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. ამიტომ იქ ამგვარი გამოსვლებისთვის ძალიან სეროზული საზოგადოებრივი მზაობა არსებობდა. იქ იყო კონკრეტული კონცეფცია, თუ რა უნდოდათ იმ ადამიანებს. მათ ზუსტად იცოდნენ, რა უნდოდათ და ახლა ცდილობენ, სწორედ ამ სურვილის ირგვლივ მოახდინონ პოლიტიკური ქმედებების კონცენტრირება. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ აჯანყებულ და საპროტესტოდ გამოსულ ძალებს, ყველა შემთხვევაში, პოზიტიური მიზნები ჰქონდათ. ის დაპირისპირება, რაც ქრისტიან კოპტებსა და მუსლიმ ეგვიპტელებს შორის მოხდა, მეტყველებს, რომ იმ რევოლუციაში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი მძიმე ძალა მონაწილეობდა. ამიტომაც იყო, რომ ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ეგვიპტური პროცესები, როცა ერთ-ერთი ტელევიზიით განვაცხადე- ჯერ ნუ ვიქნებით ასე ოპტიმისტურად განწყობილნი, რადგან კიდევ არ ვიცით, იქ ისლამურ ფაქტორს რა როლი აქვს-თქო.
აცხადებენ იმასაც, რომ, შეუძლებელია, აღმოსავლური რევოლუციები მთელ მსოფლიოზე არ აისახოს, მით უფრო - საქართველოზე, საითკენაც რევოლუციური ტალღა გადმოინაცვლებს.
- ამას აცხადებენ პოლიტიკური ფიგურები, მაგრამ, როგორც ხედავთ, რიგითი ადამიანები ამ ტალღაში არ მონაწილეობენ.
ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ აქციის დროს პროვოკაციების მოწყობა ძალიან ადვილი იქნება, რისი გამოყენებაც შეიძლება. თქვენი აზრით, ამ აქციას მსხვერპლის გარეშე ავიცილებთ?
- ძალიან გონებასუსტი უნდა იყოს ხელისუფლება, რომ მან დღეს საქართველოში სისხლისღვრა მოინდომოს. ნებისმიერ ხელისუფლებას, მათ შორის, ყველაზე საყვარელ ხელისუფლებასაც კი, სისხლისღვრა არალეგიტიმურ მდგომარეობაში აყენებს, კანონის ფარგლებიდან აგდებს. ეს ხელისუფლება გონებასუსტის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს. გონიერი ავტორიტარი კი ყველაზე მძიმე შემთხვევაა. ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებთ მაშინ, როდესაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი მეტოქე გონებასუსტია. სწორედ ამ შეცდომამ დაამარცხა 2007-2010 წლების პროცესები. ხელისუფლება საკმაოდ ძლიერია და კარგად ფლობს პოლიტიკურ ტექნოლოგიებს, მან ძალიან კარგად იცის სისხლისღვრის ფასი. სხვა რამის მეშინია, რომ სისხლისღვრის პროვოცირებას აქ მოახდენს ვიღაც სხვა, კონკრეტულად ჩრდილოელი.
თუ ჰიპერბოლიზირებულად წარმოვიდგენთ, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. რადიკალურმა ოპოზიციამ მაინც გაიმარჯვა, ვინ უნდა მართოს ქვეყანა? ოქრუაშვილის ხელში გადავა პოლიტიკური სადავეები თუ ბურჯანაძე გახდება პირველი პირი? ოქრუაშვილ-ბურჯანაძეს შორის პირველობისთვის დაპირისპირება მოსალოდნელია?
- მათ ისეთი აქცენტი გააკეთეს სტალინური ყაიდის მენტალიტეტზე, რომ ალბათ აქცენტს ოქრუაშვილზე გადაიტანენ, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება ჩაჯდეს სტალინურ პორტრეტში.
როგორ გგონიათ, ასეთ შემთხვევაში, ბურჯანაძე დათმობს?
- ბურჯანაძე, რა თქმა უნდა, არ დათმობს. ქართული პოლიტიკის მთელი უბედურება ის არის, რომ პოლიტიკურ სამზარეულოში რაც ხდება, ძალიან იოლად გამოდის ფასადზე. მეტსაც გეტყვით, ფასადურ პოლიტიკურ ცხოვრებას აიგივებენ ხოლმე შიდა სამზარეულოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან.
ამ სცენარით განვითარებული დაპირისპირების შემთხვევაში, მხედრიონის საშიშრობა ხომ არ ჩნდება?
- ეს ძნელი საწინასწარმეტყველოა. ბევრი რამ ცუდი შეიძლება მოხდეს.
სიტყვიერ დონეზე ამერიკა და დასავლეთი ოპოზიციას თანაუგრძნობს. მათი განცხადებები რაიმეს ცვლის? მათი პოზიცია დღევანდელი ხელისუფლებისთვის რეალურად კრიტიკულია?
- რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმეა ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციის შეცვლა, რადგან მანამდე მუშაობდა ერთგვარი წმინდა მითოსი სააკაშვილის შესახებ. ეს ბევრ რამეს ცვლის. იგივე ევროკავშირის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ რომ შეცვლილია, ჩვენ ვხედავთ. ასეთივეა საფრანგეთის ელჩის განცხადება. პოლიტიკურ კულუარებში რაც ხდება, ესეც არა მგონია, უცხო იყოს ჩვენთვის. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის პოზიციის შეცვლა იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის სენტენციები ახლა ალბათ მაქსიმალურად გადავა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოში რეალურად არსებობს ერთი პოლიტიკური ცენტრი. ეს არის სახელისუფლო ცენტრი. ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრი კი არ არსებობს.
გამოდის, ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს ატყუებს?
- არ ატყუებს, უბრალოდ, ცენტრად გახდომა არ ძალუძთ, თორემ გულით უნდათ, რომ პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდნენ.
მაშინ ოპოზიცია თავს იტყუებს?
- რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ მსოფლმხედველობრივი, კონცეპტუალური, სოციალური რესურსები, რომლითაც ისინი ალტერნატიულ ცენტრად შეიძლება განვიხილოთ.