სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლების კორიფციულ გარიგებებს სხვადასხვა მხრიდან შეუტია. საქმე ეხება მთელი ქვეყნის ქონების ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ ხელში ჩაგდებას და გაკონტროლებას.
“თეთრების” ლიდერ თემურ შაშიაშვილის მტკიცებით, ზესტაფონში უძრავ და მოძრავ ქონებას ოფიციალურად თბილისელი მაღალჩინოსნები, დეპუტატები, ხელისუფლებასა და პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენები ფლობენ. ამასთან დაკავშირებით, “თეთრების” ვებ-გვერდზე სქემა სახელწოდებით “ვის ხელშია ზესტაფონი” უკვე განთავსებულია.
“სქემა ზესტაფონში არსებული სიტუაციის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და დოკუმენტთა პაკეტის ანალიზს ეყრდნობა. მეცნიერთა, პოლიტიკოსთა და ზესტაფონელ მოქალაქეთა მოსაზრებით, ეს ქალაქი მოქალაქეთა მცირე ჯგუფის მიერ ყველა სიმდიდრისა და სიკეთის ხელში ჩაგდების შედეგად, გაჩანაგებულია.
ზესტაფონში მთელ ქონებას თბილისელი მაღალჩინოსნები, დეპუტატები, ხელისუფლებასა და პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენები ფლობენ, მათ შორის - მერაბ და ომარ სამადაშვილები, გიორგი კაპანაძე, ილია კოკაია, აკაკი გურჯიძე, შმაგი ქემერტელიძე, რომელთაც, ალბათ, არცთუ უანგაროდ ნიკა გილაური, ზურა ადეიშვილი, პავლე კუბლაშვილი, კახა გეწაძე მფარველობენ.
ზესტაფონელების თქმით, “საქკაბელისა” და ზესტაფონი-ჭიათურის კარიერებისადმი პრეზიდენტის ოჯახის არაერთი წევრი გაუნელებელ ინტერესს იჩენს. ზესტაფონში თავისი ქონება და ინტერესები ცხრა ზღვის იქეთ კოლომენსკის, ბოგოლუბოვს, მარტინოვს, ვინმე ზიბერმანს, კვიპროსზე რეგისტრირებულ ფირმასა და ვითომდა ჰოლანდიურ, გაურკვეველი წარმოშობის მიუგნებელ ფირმას გააჩნიათ”, - განაცხადა შაშიაშვილმა.
იგივე ბრალდებას უყენებს ხელისუფლებას რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი, ოღონდ ამ შემთხვევაში კონკრეტულ მაგალითად არა მთელი ქალაქი თუ რეგიონი, არამედ ერთი კომპანია სახელდება. თუმცა, ეს კომპანია იმხელაა, რომ თავის სფეროში დედაქალაქიც მის ხელშია, რუსთავიც და მცხეთა-მთიანეთის ნაწილიც. საქმე ეხება “ჯორჯიან უოთერ ენდა ფაუერს” და მის მფლობელებს.
ხიდაშელის თქმით, რესპუბლიკელების მიერ რამდემინე თვის წინ გამომზეურებული თბილისის წყლის პრივატიზაციის მასალები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ თბილისის მერმა და ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა დედაქალაქის წყალმომარაგება სრულიად გამოუცდელ კომპანიას ჩააბარა, მაშინ როდესაც ტენდერში წყლის მენეჯმენტის მსოფლიო გიგანტები მონაწილეობდნენ.
“ხელოვნურად, ქართული ტენდერისათვის შემქნილ კომპანიას არა მხოლოდ სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ გადაეცა თბილისის წყალი, არამედ მისთვის რამდენჯერმე შეიცვალა ტენდერის პირობები, შეიცვლა პრეზიდენტის განკარგულება და მათი ინტერესების შესაბამისად ცვლილებები შევიდა ხელშეკრულებაში. გუშინ წინ კი, სააკაშვილი გაბრაზებული სახით კითხულობდა მიზეზებს და ქალაქის მერთან ერთად ყალბი სიმკაცრით ითხოვდა პასუხს შექმნილ პრობლემაზე”, - განაცხადა ხიდაშელმა.
იგი თვლის, რომ პრობლემის მიზეზი სწორედ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა, რომელმაც თბილისის წყალი, ისევე როგორც ბევრი სხვა სახელმწიფო საწარმო და სახელმწიფო ქონება უკანონოდ, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ვიწრო ჯგუფის კორუფციული ინტერესების შესაბამისად გაასხვისა. შემდეგ კი მათი ინტერესების შესაბამისად, პირობები რამდენჯერმე შეცვალა და მძიმე შედეგებზე დღემდე პასუხი არავის უგია.
რესპუბლიკური პარტია ითხოვს მიხეილ სააკაშვილისაგან და ქალაქის მერისგან, საზოგადოებას წარუდგინონ ის დანაშაულებრივი გარიგება, რომლითაც თბილისის წყლის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. ამავე დროს, აუხსნან საზოგადოებას, რითი იყო გამოწვეული წყლის ხარისხისა და მიწოდების მდგომარეობის გაუმჯობესების პირობების შეცვლა და რამდენიმე წლით გადადება.
“თბილისის წყლის პრივატიზაციიდან 4 წლის შემდეგ თბილისში წყლის ხარისხი და მოწოდების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა გაიზარდა ტარიფი. კვლავაც შენარჩუნებულია გრაფიკი დედაქალაქის მთელ რიგ უბნებში, მათ შორის ცენტრალურ უბნებშიც. არ არის შექმნილი წყლის მიწოდების ალტერნატიული სისტემა. როგორც ბოლო დღეების ავარიამ დაადასტურა, ასეთი სისტემა არ არსებობს და დედაქალაქი შესაძლებელია რამდენიმე დღით საერთოდ წყლის გარეშე დარჩეს, მათ შორის, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები და ა.შ.” - აღნიშნა ხიდაშელმა.