ადამიანის თავისებურება სწორედ იმაში ვლინდება, რომ ის არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით და მის წინაშე წამოიჭრება უფრო მაღალი დონის მოთხოვნილებები და შესაბამისად ვითარდება ადამიანის ბუნებაც. ადამიანთა საზოგადოების განვითარების თავდაპირველ ეტაპზე წინ წამოწეული იყო უმთავრესად მატერიალური სახის მოთხოვნილებები. სხვანაირად შეუძლებელიც იყო,ვინაიდან მათი სულიერი და ფიზიკური ენერგიის უდიდესი ნაწილი ეწირებოდა არსებობის შენარჩუნებას.რაც უფრო ვითარდებოდა საზოგადოება, სახე იცვალა მოთხოვნილებათა ხასიათმა,წინა მხარეს გადმოინაცვლა სულიერმა მოთხოვნებმა და მისი აუცილებლობა გახდა საჭირო. შეიქმნა ახალი პროფესიები, რომელთა ზეგავლენის გამორიცხვა ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე დიდი შეცდომა იქნებოდა.
ადამიანთა მოქმედების მამოძრავებელი მოტივების მნიშვნელობა წარმოშობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია,ხოლო ადამიანის ნების გამოხატულება საქონელმწარმოების პროცესში წარმოადგენს იურიდიულად გაფორმებულ ეკონომიკურ ურთიერთობას.
ადამიანური ფაქტორის მნიშვნელობა მიმდინარე ეკონომიკურ საქმიანობაში მეტად დიდია და ლამის ისეთ სურათს ქმნის, თითქოს თვითნებურად განაგებდეს წარმოების საქმიანობას. ბუნებრივია, ეს ასე არაა,ვინაიდან ეკონომიკურ პროცესებს განსაზღვრავს ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ზემოქმედების ხასიათი, რაც გამორიცხავს რომელიმე მათგანის აბსოლუტიზაციას.
ჩვენ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ ადამიანთა მოთხოვნილებების ღირებულებაზე, აგრეთვე – თავად წარმოების პროცესიდან გამომდინარე ტენდენციებზე.მაინც, რა მოთხოვნილებაზეა საუბარი და როგორი ურთიერთკავშირია მათ შორის?
როდესაც ადამიანთა მამოძრავებელ მოტივებზე, მოთხოვნილებებზე გამოვთქვამთ აზრს,ბუნებრივია, რომ აქ ადგილი აქვს სუბიექტური ნიშნის გამოხატულებას და იგი სხვადასხვა სახის ასახვას პოულობს სხვადასხვა ინდივიდებში.აქ თავს იჩენს ადამიანის სოციალური ღირებულების პოზიცია, იგივე – დამოკიდებულება, რომლის დეტერმინირება (განსაზღვრა) შეუძლებელია.ადამიანის ბუნება მრავალფეროვანია, იგი არ არის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი არსება. მასში განხორციელებულია სოციალური და ბიოლოგიური ფაქტორების თანაარსებობა და ურთიერთქმედება. საზოგადოებრივი განვითარების შედეგად გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ადამიანის არსობრივმა ძალებმა.
როგორც მოცემული შეხედულებიდან ჩანს, ადამიანის ბუნება ორ სამყაროს ექვემდებარება: პირველი – ბუნებისაგან თანდაყოლილი თვისებები და მეორე – საზოგადოების განვითარების პროცესისაგან შეძენილი ფაქტორები. სწორედ ეს მომენტები განსაზღვრავენ ადამიანის ბუნების რთულ, წინააღმდეგობრივ ხასიათს. ამ ფაქტორებიდან განმსაზღვრელად ითვლება სოციალური, ამიტომაც ადამიანის განვითარებაზე რომ ვილაპარაკოთ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გარდაიქმნას მისი თავისუფალი განვითარების შემაფერხებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები.რაც შეეხება წარმოების განვითარების ტენდენციას, იგი არის ობიექტური ხასიათის, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც სუბიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც გამოიცნობს წარმოების მოთხოვნილებას რომლის შესაბამისადაც თავად უნდა იმოქმედოს. ამ დროს პიროვნება ფაქტობრივად საკუთარ მიზანს ასრულებს, მისი ნება–სურვილი ემთხვევა ეკონომიკური განვითარების ტენდენციას.
აღნიშნულ ვითარებაში მწარმოებელი სუბიექტის მისწრაფება გამოიხატება განსხვავებული პიროვნებების განსხვავებულ ნებათა ჭიდილში, სადაც თითოეული მათგანი საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს. აქედან გამომდინარე, წარმოების მოთხოვნილება განსაზღვრავს მწარმოებელი სუბიექტის მოქმედებებს, მაგრამ ეს არ არის მისი თვითნებური დიქტატურა ამ უკანასკნელზე, პირიქით – მათ შორის რეალური კავშირია და მათი ურთიერთობა და ფუნქციონირება უერთმანეთოდ წარმოუდგენელია.
მართლაც, იმდენად დიდია ადამიანის მნიშვნელობა წარმოების პროცესში, რომ ცალკეულმა ინდივიდმა შეიძლება მართლაც წარმოიდგინოს, რომ თავადაა ერთადერთი მამოძრავებელი თავისი ნებით მთელი სინამდვილისა. აქ თავს იჩენს ტრადიციის ძალა, რომელიც აღზრდის პროცესში გადაეცემა მომავალ თაობებს და რამდენადაც ადამიანი საზოგადოებრივი არსებაა, იგი მემკვიდრეა უკვე დამყარებული საზოგადოებრივი ურთიერთობებისა, მასში აღმოცენებული მოთხოვნილებებისა, განაპირობებს მის მოქმედებას, იგი იმდენად ღრმად იჭრება მის შეგნებაში, რომ წარმოადგენს მას, როგორც საკუთარს და იბრძვის მისი განხორციელებისათვის. სწორედ ამ პროცესში იქმნება საზოგადოებრივი ღირებულებები ურომლისოდაც ადამიანთა საქმიანობა ჭეშმარიტად აზრს დაკარგავდა.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა, ცოდნის, განათლების, ადამიანური კაპიტალის წვლილის უფრო ზუსტი განსაზღვრისაკენ მისწრაფება, რაც ბუნებრივია, რადგან ამ ფაქტორის როლი სულ უფრო გადამწყვეტი ხდება. აღნიშნული ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით – საკუთრივ ცოდნის წვლილის ასახვით ეკონომიკურ ზრდასა და ცოდნის წვლილის ასახვით ეკონომიკურ ზრდაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის საერთო წვლილის დაზუსტების გზით, რომლის შემადგენელი ელემენტიც ცოდნაა. პირველ შემთხვევაში, ე.დენისონის აღიარებით, ძალზე რთულია ეკონომიკურ ზრდაზე ისეთი ფაქტორების ზუსტი განსაზღვრა, როგორიც არის: ტექნიკური, მმართველობითი და ორგანიზაციული ცოდნა, როგორც საერთო ცოდნის ელემენტები. აგრეთვე – სამამულო ცოდნის წვლილი და საზღვარგარეთიდან მიღებული ცოდნის წვლილი.
არანაკლებ რთულია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის საერთო წვლილის განსაზღვრა. ნეოკლასიკური მიმდინარეობის მიხედვით, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი განიხილება საწარმოო ფუნქციის ფარგლებში.
ჯ. კენდრიკი აფასებს ცოდნის ფონდს მეცნიერ-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე ბიზნესის წარსული ხარჯების შეჯამებული ხარჯების მიხედვით იმ ცოდნის “გამოსვლის” გამოკლებით, რომელიც მოძველდა და აღარ გამოიყენება წარმოებაში. შემდეგ იგი ანგარიშობს მოგების ჰიპოთეზურ ნორმას ამ “კაპიტალზე”, გამომდინარე საცდელ-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებში კერძო ინვესტიციებზე გადასახადების გადახდამდე მოგების საშუალო ნორმიდან და ამ ხარჯების სოციალური გამოსყიდვის ნორმიდან. ამის შემდეგ რომელიმე პერიოდში ცოდნის ფონდის აბსოლიტური გადიდება მრავლდება მოგების ჰიპოთეზურ ნორმაზე და მიღებული შედეგი იყოფა პროდუქციის აბსოლუტურ მატებაზე და ამგვარად, განისაზღვრება წვლილი ეკონომიკურ ზრდასა და მწარმოებლობაში. ყველა გაანგარიშება უცვლელი ფასებით სრულდება.
ე.დენისონი ამავე სქემას ეყრდნობა, მხოლოდ ცოდნის ფონდს იგი მნიშვნელოვნად ამცირებს: გამორიცხავს ყველა სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოს, რომელიც სრულდება კერძო სექტორში, მაგრამ ფინანსირდება სახელმწიფოს მიერ, სამხედრო სფეროსთან კავშირის გამო; გამორიცხავს კერძო ბიზნესის ხარჯებს სამეცნიერო-კვლევით და სცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოზე, რაც დაკავშირებულია ახალი პროდუქტების წარმოებასთან საბოლოო მომხმარებლისათვის – სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობისათვის. მათი წარმოება არ აისახება შრომის მწარმოებლურობაზე, რადგანაც მათი არსებობის პირობებშიც კი იმავე მოცულობის რესურსები გამოყენებული იქნებოდა უკვე არსებული პროდუქციის წარმოებისათვის და წარმოების საბოლოო შედეგი უცვლელი დარჩებოდა. მაშასადამე ე.დენისონი ითვალისწინებს კერძო ბიზნესის მხოლოდ იმ ხარჯებს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე რაც ემსახურება შრომის ახალი საშუალებების, ანუ შუალედური და საწარმოო მოხმარების საქონლის წარმოებას, ან ახალი ტექნოლოგიური პროცესების შემუშავებას. ამ წესით გაანგარიშებული სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ხარჯების წვლილი მწარმოებლურობის ამაღლებაში დაახლოებით ორჯერ უფრო მცირეა ვიდრე ჯ.კენდრიკთან.
ადამიანის ფაქტორის მნიშვნელობა, ღირებულება, ორგანულად უკავშირდება ადამიანის უნარით გათვალისწინებით, მისი ფუნქციების განაწილებას, რის შედეგადაც სულ უფრო ეფექტური ხდება წარმოების მართვა, რამდენადაც ადამიანის განვითარების თვალსაზრისით, უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მისი მოთხოვნილებების, სურვილების ინტერესების გაცემას და შესაბამისი მიმართულებით ინდივიდუალური თავისებურებების წარმართვას.
პიროვნების მოთხოვნილებებს, ინტერესებს, ღირებულებით ორიენტაციებს, ცხადია, დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. როცა ვამბობთ, რომ არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განსაზღვრავს პიროვნების ტიპს, ბუნებრივია, ეს ცალსახად გამოთქმული მოსაზრებაა, ადამიანის ფორმირებაში სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გარდა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება საზოგადოებრივი ცხოვრების სულიერ მხარეებს გამოხატულს ხელოვნებაში, ლიტერატურაში და ფილოსოფიაში.
ამრიგად, ადამიანური ფაქტორი არსებით როლს და ღირებულებას იძენს სოციალურ-ეკონიმიკური პროცესების მიმდინარეობაში და მართავს ამ პროცესებს მათი ობიექტური თვისებების გათვალსწინებით
თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყნების წარმოების სრულყოფა ადამიანის განვითარების აუცილებელი პირობაა, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პიროვნების ინდივიდუალურ თვისებებს.
შრომის პროცესის პირობებში მომხდარი თვისობრივიცვლილებები ორგანულად ითვისებს მეცნიერების, ტექნიკის პროგრესულ მონაპოვრებს, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება თანამედროვე ეპოქაში. მეცნიერებისა და ტექნიკის ამოცანას წარმოადგენს, აქ მოპოვებული მონაცემების ჩაყენება ადამიანის სამსახურში, რათა უფრო და უფრო მაღალ დონეზე იქნას დაკმაყოფილებული მისი მოთხოვნილებები და ინტერესები.
დასავლეთის ცივილიზირებულ ქვეყნებში განუწყვეტლივ იზრდება წარმოების ეფექტიანობის დონე და, შესაბამისად, გაიზარდა ინდივიდთ ცხოვრების ეკონომიკური პირობები. ცხადია, მოცემული საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურები ძალიან განსხვავდება XX საუკუნის პირველი ნახევრის მდგომარეობისაგან. თანამედროვე ევროპული და სხვა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა თვისობრივი პროგრესის სტადიაზეა, განიცდის შინაგან ევოლუციას. ცხადია, რომ არსებობს რიგი სირთულეები მაგრამ ფაქტია, რომ დიდ წარმატებებს აღწევენ ცხოვრების დონის ამაღლებაში.
თანამედროვე მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოში, თანდათან, მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს სახელმწიფო სექტორი, რომლის მიერ ჩატარებული ნაციონალიზაციაც სხვადასხვა დარგებსა თუ საწარმოებში ობიექტურ ხასიათს ღებულობს. ეს კი ნიშნავს, რომ კაპიტალიზმი კლასიკური ფორმით აღარ არსებობს. საკუთრების მრავალნაირი ფორმები საშუალებას იძლევა, სოციალურად ორიენტირებული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ელემენტების ფართოდ შეჭრას მოწინავე ინდუსტრიულ ქვეყნებში. ამ გაგებით, ბევრი ევროპული ქვეყანა სოციალურად ორიენტირებული საზოგადოების მრავალ ნიშანს ატარებს და ევოლუციური განვითარების გზით მიდის მათი განვითარება.
წარმოების განვითარების რესურსული მართვის სისტემა მრეწველობის სფეროში, სხვა ძირითად ელემენტებთან ერთად, გულისხმობს წარმოების ეფექტიანობის ამაღლებას, ერთ-ერთ ფაქტორად თვლის სოციალურ მართვას, რომელიც მოიცავს დარგის, ფირმის, საწარმოების სოციალური განვითარების მართვის სისტემას და შრომით რესურსებსა და გამოყენების ეფექტურ მართვას.
სოციალური განვითარების ეფექტურობის მართვა მრეწველობაში, მის ფირმებსა და საწარმოებში საჭიროა განხორციელდეს რიგი ძირითადი მაჩვენებლებით უმაღლესი პროფესიონალიზმის უნარის მქონე პიროვნების ხვედრითი წილის ამაღლებით მართვის ყველა რგოლში, მუშათა მაღალკვალიფიციური შრომის ხვედრითი წილის ამაღლებით დაბალკვალიფიციური შრომითი წილის შემცირებით, მუშაკები განათლების დონით კატეგორიების შესაბამისად, აგრეთვე იმ პირების ხვედრითი წილით, რომლებიც ჩართულნი არიან მომზადება-გადამზადების სისტემაში.
შრომითი რესურსების გამოყენების ეფექტიანობა შეფასდება შემდეგი მაჩვენებლებით: შრომის მწარმოებლურობის ზრდის ტემპის ამაღლება, პროდუქციის ზრდის ხვედრითი წილის გადიდება შრომის მწარმოებლურობის ზრდის ხარჯზე, მუშაკთა რიცხოვნობის ხვედრითი წილის შეფარდებითი გადიდება, პროდუქციის შრომატევადობის შემცირება, სამუშაო დროის დანაკარგების შემცირება , კადრების დენადობის შემცირება, შრომის ეფექტიანობის ინტეგრალური მაჩვენებლების გადიდება.
როგორც ვხედავთ, წარმოების ეფექტიანობის ზრდის პროცესში უდიდესი ღირებულება ენიჭება ადამიანის ფაქტორს, ანუ სპეციალისტების მოსამზადებლად შესაბამისი განათლებაა აუცილებელი, რასაც ითხოვენ თანამედროვე ინფორმაციული და სხვა ტექნოლოგიები, რითაც ხდება უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობის ზრდა არა მხოლოდ მართვის (მენეჯმენტის) სფეროში, არამედ მუშებს შორისაც. აქედან დავასკვნით, რომ კონკურენტულ გარემოში რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნის ფირმებს შორის, ის გაიმარჯვებს, ვისი სპეციალისტების მომზადების დონეც უფრო მაღალი იქნება.
ავტომატიზაციამ და კომპიუტერიზაციამ, რომელიც ღვიძლი შვილია თანამედროვე ეპოქაში მიმდინარე ტექნიკური პროგრესისა, ახალი პრობლემები დააყენა კაცობრიობის წინაშე, რამდენადაც იგი დასაქმებულობის პრობლემას წარმოშობს. გამოჩენილი მეცნიერი კიბერნეტიკის დარგში ნორბერტ ვინერი აღნიშნავდა: “ავტომატური მანქანა, რაც არ უნდა ვიფიქროთ შეგრძნების შესახებ, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს ან არა აქვს, თავად წარმოადგენს მონური შრომის ზუსტ ექვივალენტს. ყოველგვარმა შრომამ, მონური შრომით კონკურენციისას უნდა მიიღოს მონური შრომის ეკონომიური პირობები. სავსებით ცხადია, რომ ავტომატური მანქანის დანერგვა გამოიწვევს უმუშევრობას, რომელთანაც შედარებით თანამედროვე წარმოების დაცემა და 30-იანი წლების კრიზისიც კი სასიამოვნო ხუმრობად მოგვეჩვენება”.
ამ პროცესის დაწყებიდან გაიარა 30-მა წელმა, რიგ საწარმოებში მოხდა მუშაკთა შემცირება, სამაგიეროდ – სხვაგან გაიზარდა. თუ მოწინავე ინდუსტრიული ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებს გადავავლებთ თვალს, ერთი შეხედვით დავინახავთ პარადოქსულ ფაქტს – დასაქმებულ მუშაკთა რიცხვმა არა თუ იკლო, არამედ პირიქით – გაიზარდა.
რამ შექმნა აღნიშნული ვითარება? მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა დასავლეთევროპის ქვეყნებში გამოიწვია მოსახლეობის მოთხოვნილების ზრდა სხვადასხვა საქონელზე, რაც მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის ნაყოფიერების ტემპები, რამაც, შესაბამისად, გამოიწვია ფასების დაკლება მრავალი სახეობის საქონელზე და მომსახურების სფეროზე. გაიზარდა ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, წარმოიშვა ახალი მოთხოვნილებები და შეიქმნა საქონელწარმოების ახალი დიდ დარგები, ასევე – დაინერგა საყოფაცხოვრებო მომსახურების ახალი კერები. ცხადია, რომ წარმოიშვა ახალი სირთულეებიც. წარმოების ტექნოლოგიურ გადახალისებასთან ერთად იცვლება შრომის პროფესიონალური დანაწილებაც. ბევრი ტრადიციული პროფესია ქრება და მათ ადგილს იჭერს ახალი სპეციალობები, რომლებიც პირმშონი არიან მიმდინარე ტექნიკური პროგრესისა. ფაქტობრივად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ამ პროცესის საშუალებით შეძლეს თავიდან აეცილებინათ გასული საუკუნის 30-იანი წლების კრიზისი და განვითარების ახალ სტადიაზე გადავიდნენ.
მიმდინარე ტექნიკურმა პროგრესმა, ბუნებრივია, გარკვეული სპეციფიკური გავლენა იქონია წარმოების განვითარების პროცესზე, ადამიანთა საქმიანობაში თანდათან მეტ როლს იკავებს განვითარებული შრომა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს პიროვნება, როგორც სამუშაო ძალის მატარებელი, გამოძევებულია საწარმოო პროცესიდან. მაგრამ, პირიქითაა – განუწყვეტლივ იზრდება ადამიანის ცოდნის ღირებულება, რითაც იგი არის და იქნება საწარმოო ძალის გადამწყვეტი ფაქტორი.
თანამედროვე ეპოქაში შეიძლება გამოვყოთ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
1) ენერგეტიკული რევოლუცია თავისი თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისის სახით;
2) ინფორმაციული რევოლუცია თანამედროვე ელექტრონული მანქანების, რობოტების სახით. ამ მომენტში წარმოიშვა გაგების პრობლემა, რამდენადაც სწრაფად იცვლება მანქანების ტიპები, საჭიროება მოითხოვს, რომ ადამიანის უნარმა ადაპტაცია მოახდინოს მისი ათვისებისთვის და თავისი ცნობიერებით შეუხამოს მისი გამოყენება წარმოების პროცესში ეფექტიანი ჩართვისათვის. ის, რასაც წინათ ადამიანთა რამდენიმე თაობა უნდებოდა, დღეს ერთი თაობის ცხოვრების განმავლობაში ხდება, ხოლო ადამიანის ფსიქიკა უცვლელია და ცხადია, სწრაფი ცვლილებების რიტმში რაც ახასიათებს თანამედროვე მრეწველობას, უძნელდება ყველაფრის აღქმა და ასახვა.
3) ბიოტექნოლოგია, რომელიც გამოხატულია გენური ინჟინერიის სახით, რა დროსაც მიმდინარეობს ხელოვნური გზით ერთი სახეობის გენის გადანერგვა მეორეში, რაც კიდევ ახალ, დღემდე უცნობ ამოცანებს აყენებს ადამიანის წინაშე.
ამგვარად, თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი თვისებრივი ხასიათის ცვლილებებს ქმნის ადამიანის ყოფა–ცხოვრების პირობებში. იქმნება მატერიალური დოვლათის სიუხვე და შესატყვისად იზრდება თავისუფალი დრო, რაც ხელს უწყობს დასაქმებული პირების ფსიქოლოგიური უნარების შემდგომ განვითარებას და საზოგადოების სამსახურში ჩაყენებას, რაც კიდევ უფრო ზრდის სოციალური ფაქტორის მართვის როლს და ღირებულებას, წარმოების განვითარების ეფექტიანობის თვალსაზრისით, რასაც ბუნებრივად უკავშირდება ადამიანის მზარდი განვითარება.
თანამედროვე კაცობრიობის წინაშე დგას უდიდესი სირთულის ამოცანები. “პროგრესი ქმნის არა მხოლოდ შესაძლებლობებს მომავლისათვის, აგრეთვე ახალ შესაძლებლობებსაც” – შენიშნავდა კიბერნეტიკის მამამთავარი ვინერი და ბუნებრივია, რომ ჩვენი ეპოქაც შესაბამის დაღს ატარებს. ეს პრობლემა შესანიშნავად გააცნობიერეს და სათანადო დასკვნები გააკეთეს თანამედროვე დასავლეთის გამოჩენილმა მოაზროვნეებმა. ამ შემთხვევაში უნდა გამოიყოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დადგა. მათი ნააზრევიდან გამომდინარე, ამოცანებია ასეთი: ატომური იარაღის კოლოსალური მარაგი, ცნობიერების პროცესის გართულება, ანუ “გაგების კრიზისის” წარმოშობა, რაც გამოწვეულია ინფორმაციის რაოდენობის ზრდით, კაცობრიობის გენეტიკური თვისებების ტოტალური გაუარესება, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრულია ეკოლოგიური პირობების გართულებით, მოსახლეობის ზრდა, დაავადებების გავრცელება და ა.შ.
თანამედროვე ეპოქის კრიზისი XIX საუკუნის ბოლოს წინასწარმეტყველურად გამოხატა გერმანელმა ფილოსოფოსმა ნიცშემ თავის აზრში – “ღმერთი მოკვდა” – რა ტენდენციაც განვითარდა შემდგომ ევროპის ხელოვნებაში და ლიტერატურაში, სადაც ნაჩვენებია “ზედმეტი”, შემთხვევითი ადამიანის სახე, ჩამოყალიბდა ტიპი მწარმოებელი ადამიანისა, რაც გამოხატავს თანამედროვე ტექნიკურ ცივილიზაციას.
საზოგადოების განვითარებაში მეცნიერებისა და ტექნიკის როლის აბსოლუტიზაციას ქადაგებდა ევროპასა და ამერიკაში წარმოშობილი მიმართულება ე.წ. “ტექნოლოგიური დეტერმინიზმი”, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე სოციოლოგიის ერთ ძირითად მიმდინარეობას, რომელიც გადაქცეულია გარკვეული სახის სოციალურ ფილოსოფიად და აქვს პრეტენზია, ახსნას კაცობრიობის ისტორიის აწმყო და მომავალი. მათი თვალსაზრისის თანახმად, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია იწვევს თანამედროვე საზოგადოების ტრანსფორმაციას “ტექნოლოგიურ საზოგადოებად”, ხოლო ადამიანისა – “ტექნოლოგიურ ადამიანად”, ე.ი. აქ ფაქტობრივად მთელი სისტემა ექვემდებარება “ტექნოლოგიურ იმპერატივს”, ანუ საქმე გვაქვს ტექნიკის გაფეტიშებასთან, იგივე – კერპად ქცევასთან. ამიტომ გასაგებია, რომ ტექნოლოგიური ფეტიშიზმი ითვლება თანამედროვე ტექნოლოგიური იდეოლოგიის თეორიულ დაფუძნებად.
ნივთების ფეტიშიზმი, პიროვნების უტილიტარული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას იწვევს, იწვევს მის დაცემას, გადაგვარებას, რაც ინდივიდის ცხოველურ დონემდე დაცემის წინაპირობაა. ე.ი. განვითარებულ ქვეყნებში გაზრდილი მოთხოვნილების შედეგად შეიქმნა სიუხვის საზოგადოება, სადაც მიმდინარეობს ტექნოლოგიური ტენდენციის განვითარება, ანუ ადამიანს აქცევს მხოლოდ მომხმარებლად და მასში ხდება ავადმყოფური მოთხოვნილების წარმოშობა. ამნაირი ცხოვრების წესი ქმნის კონფორმიზმის ხელსაყრელ პირობებს. ადამიანის ყველა ძალა მიმართულია ფულის შოვნისაკენ, მომხმარებლური ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ.
სამართლიანად მიუთითებს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ზურაბ კაკაბაძე, როცა წერს: “ტექნიკური პროგრესი ჩვენს დროში ანგარიშს აღარ უწევს მის მასტიმულირებელ საარსებო მოთხოვნილებებსა და საჭიროებეს და ამგვარად, სამყაროს პროცესების მართვა თვითმიზნის სახეს იღებს”.
ეს მომენტი განსაკუთრებით თავს იჩენს ადამიანის დამოკიდებულებაში ბუნებასთან, რამაც ეკოლოგიური კატასტროფა მოააახლოვა.
ადამიანმა მართლაც “დაიმორჩილა”, “გარდაქმნა” ბუნება მაგრამ, დღეს ბუმერანგივით უბრუნდება ჩადენილი ცოდვები, გლობალური სახის ეკოლოგიურმა კრიზისმა დედამიწა ყოფნა-არყოფნის ალტერნატივის წინაშე დააყენა, რაც ლოგიკური შედეგია ადამიანის მომხმარებლური ურთიერთობისა ბუნების მიმართ. მომხმარებლურ პრინციპებზე აგებული საზოგადოება ბუნებრივია, იწვევს პიროვნების ნიველირებას, გარკვეულ პროგრამირებას უკეთებს ადამიანებს და ჩნდება ერთსახოვან მასად ჩამოყალიბების საფრთხე – როცა ადამიანები მხოლოდ ბიოლოგიური სხეულით ვიქნებით განსხვავებული რობოტებისგან.
ბუნებისგან ადამიანის მოწყვეტის საფრთხე გენიალური ინტუიციით 2 საუკუნის წინ განჭვრეტა გამოჩენილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟან-ჟაკ რუსომ მაშინ, როცა ბუნება ჯერ კიდევ არ იყო სახეშეცვლილი. მან მოუწოდა ადამიანებს დაბრუნებოდნენ ბუნებას, რადგან სწორად იგრძნო ცივილიზაციისათვის ტექნიკის განვითარების საშიშროება. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პრობლემა მინიშნებულია მაგრამ რუსოსეული რადიკალური განცხადება არ არის გამოსადეგი, რადგან ადამიანები უარს ვერ იტყვიან მათი შრომით მოპოვებულ საწარმოო ძალებზე და დღევანდელი კაცობრიობა უკვე აცნობიერებს გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას და ცვლის ცალმხრივ ტექნოლოგიურ მიდგომას ბუნების მიმართ.
ადამიანის ბუნებრივი განვითარების მოთხოვნილება გულისხმობს ბუნებასთან ჰარმონიულ თანამშრომლობას. მხოლოდ მაშინ შეძლებს იგი თავისი ინტერესების და ღირებულებითი ორიენტაციების სრულ რეალიზაციას. რაც შეეხება პიროვნებათა არსებობის ხელოვნური საშუალებების შექმნას, იგი დაექვემდებარება შეგნებულ მიზანს, რაც ხელს შეუყწობს მათ განვითარებას.
ადამიანთა მასიური ერთსახოვნება და ერთფეროვნება ქმნის უსახურ კოსმოპოლიტურ მასას, რაც საბოლოოდ მათ ერთმანეთში გათქვეფას გამოიწვევს. ამიტომაც, შემთხვევითი არაა, რომ თანამედროვე ეპოქაში გამოიღვიძა ეროვნულმა ცნობიერებამ, რაც პიროვნებათა შეგნებული პროტესტის გამოხატულებაა მათი ასიმილაციის წინააღმდეგ.
თანამედროვე დასავლეთისა და ამერიკის მოწინავე მოაზროვნეებმა კარგად გააცნობიერეს ტექნოკრატიული ტენდენციის ზრდის საფრთხე, რაც ადამიანებში აღვივებს პრაგმატულ დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ. მათ ბევრი საინტერესო, ყურადსაღები მოსაზრებები გამოთქვეს და პრობლემის გადაწყვეტის პრაქტიკული გზები დასახეს, რაც ხორციელდება კიდეც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში. წინ წამოიწია ადამიანის ინდივიდუალობის, თავისთავადობის, განუმეორებლობის საკითხებმა. ადამიანთა სამყაროს ურთიერთობა მდგომარეობს არა უსახურ ერთფეროვნებაში, არამედ უნიკალურ მრავალფეროვნებაში, პიროვნებათა და ერების სახით, რაც ადამიანის განვიტარების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია.
ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, თანამედროვე პერიოდში შექმნილმა ინსტიტუციურ-სოციოლოგიურმა მიმართულებამ უდიდესი როლი შეიტანა ტექნოკრატიული, იგივე – “ტექნოლოგიური დეტერმინიზმის” პოზიციის დაძლევაში და გადალახვაში. მან ახლებურად ჩამოაყალიბა წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის კვლევის ძირითადი მეთოდოლოგიური საკითხები.
ინსტიტუციურ-სოციოლოგიური მიმართულება ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ეკონომიკა არის საზოგადოებრივი განვითარების მხოლოდ ერთ-ერთი ქვესისტემა და ამიტომაც ეკონომიკის განვითარების შესწავლისას არასაკმარისია მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორების შესწავლა, აგრეთვე – აუცილებელი ეკონომიკური და არაეკონომიკური ფაქტორების ურთიერთმოქმედების, ეკონომიკური მექანიზმის სტრუქტურულ ორგანიზაციული და ფუნქციონალური ასპექტების განხილვა. მათი კვლევის მიმართულებას განსაზღვრავს სხვადასხვა ინსტიტუტების ურთიერთკავშირი, რაშიც იგულისხმება ქცევის ფორმალური და არაფორმალური ნორმები და წესები, რომლებიც ეხმარება პიროვნებას, შეამოწმოს თავისი მუშაობა. ე.ი. აქაა მოცემული ინდივიდების მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც აწესრიგებენ მათ ურთიერთობას.
ინსტიტუციურ-სოციოლოგიური მიმართულება, კეინსიანიზმისა და მონეტარიზმის მსგავსად, არ ჯდება საბაზრო ურთიერთობების საზღვრებში. იგი ამტკიცებს, რომ არასაბაზრო ურთიერთობები, გამოხატული ზნეობრივი, კულტურული ძალაუფლებითი და სხვა ქცევითი ნორმების სახით, არანაკლებ ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკურ განვითარებაზე, ვიდრე ყიდვა-გაყიდვის თეორიები.
ინსტიტუციური მიმართულება პროგრესული განვითარების საშუალებას აძლევს კაცობრიობას და ძლევს ტექნოკრატიულ ტენდენციას, სადაც ადამიანის ფუნქცია მომხმარებლის დონემდე დაეცა. სინამდვილეში, წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს პიროვნებათა ზნეობრივი ორიენტაციები, კულტურის დონე, მათი ნების გამოვლენა, რაც არანაკლები მნიშვნელობის ფაქტორია თუ მეტი მნიშვნელობის არა, სხვა ეკონომიკურ ფაქტორებთან შედარებით. და ამ პროცესშიც უნდა მოვძებნოთ ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობა, ვინაიდან თანამედროვე სხვადასხვა სახის წარმოების პროცესში ჩართული მუშაკების კლასიკური გაგებით, ისინი დაქირავებული მუშახელი კი არ არიან, არამედ თავად არიან დაინტერესებულნი საკუთარი სამსახურის ბედით, მისი განუყრელი თანამონაწილეები არიან და შეიძლება ითქვას – სამსახური მეორე ოჯხია.
ინსტიტუციონალიზმის თანახმად, წარმოებაში შემოსავლების ფორმირება განსაზღვრულია სოციალური ფუნქციების – შემოქმედების და მართვის შედეგის სახით. ამ თეორიამ კვლევის მიზნად დაისახა ეკონომიკური ეფექტიანობის სისტემური და დინამიური თეორიის შექმნის პრობლემა, აგრეთვე მეთოდოლოგიურ საფუძველზე დაყრდნობით იგი განსაზღვრავს ეკონომიკური ეფექტიანობის არა მარტო ეკონომკურ, არამედ პოლიტიკურ, სამართლებრივ, სოციალურ, ეკოლოგიურ, ტექნოლოგიურ, ეთიკურ სფეროებში და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი არჩევანის თეორიაზე, საკუთრების უფლების თეორიაზე და სხვა. ითვალისწინებს მაკროეკონომიიკურ და მიკროეკონომიკურ პირობებს.
როგორც ზემოთაღნიშნულიდან დავასკვენით, ადამიანის განვითარებისათვის ეფექტური ხელშემწყობი სიტუაცია იქმნება თანამედროვე, განვითარებულ, მოწინავე ქვეყნებში, სადაც ორიენტაცია იქნა აღებული მათი ფსიქიკური უნარების, ღირებულებითი ორიენტაციების, ზნეობრივი ნორმების მიმართულებაზე სრულყოფა-განვითარების თვალსაზრისით.