[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
მძიმე საციალურ პირობებში გატარებული ოცწლიანი დევნილობის შემდეგ, აფხაზეთიდან გამოხიზნული ქართველები ახალი პრობლემის წინაშე დგანან – ხელისუფლების მიერ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, მათთვის რეაბილიტირებულ სახლებში ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. 16 მაისს, აბაშაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმა ყოფილი პროფტექნიკუმის შენობასთან საპროტესტო აქცია სწორედ ამ მიზეზით გამართეს.
32 ოჯახი მათთვის გამოყოფილი ფართების დათვალიერებას დილიდან ითხოვდა, თუმცა შენობასთან მობილიზებული დაცვის პოლიცია შესვლას კრძალავდა. შენობის დევნილებზე გადაცემის ნებართვას შუადღემდე დევნილთა რეგიონალური სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ელოდნენ. დღის მეორე ნახევარში ახალი ბინადრებისთვის სახლის კარები ფართოდ გაიღო, თუმცა დევნილებმა იგი მალევე გაიხურეს.
ელექტროენერგიისა და წყლის არ არსებობა, ჩამოცვენილი ბათქაში და ალაგ–ალაგ შელესილი კედლები იქ დარჩენის საშუალებას არ იძლეოდა. სამაგიეროდ, დევნილებმა დაპირებები ადგილზევე უხვად მიიღეს. რემონტის უხარისხობასა და „მცირე ხარვეზების“ გამოსწორებაზე პასუხისმგებლობა სამუშაოთა მწარმოებელ კომპანია „აქსისთან“ ერთად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომაც აიღო. ხელისუფლებამ „დიდი რეაბილიტაციის“ დასრულების თარიღად 6 ივნისი გამოაცხადა.