[ნინო მიქიაშვილი]
”საერთო-სახალხო წინაღმდეგობის მოძრაობა”, ფილარმონიაში 11-12 მაისს გამართული წარმატებული თავყრილობის შემდეგ, სახელწოდებით ”შენს გისოსებში მზეა”, მიმდინარე თვეში დაანონსებულ საპროტესტო აქციებს უერთდება და პარალელურ რეჟიმში, გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, იმისთვის, რომ ”ხელისუფლების დემონტაჟის” დროს, ქვეყანა თავზე არ ჩამოგვექცეს.
იმაზე, თუ როგორ აპირებს სამი თვის წინ გააქტიურებული მოძრაობა ამის გაკეთებას, შევხვდით და ვესაუბრეთ ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, სოსო მანჯავიძეს.
როგორ აფასებთ ფილარმონიაში გამართულ ორდღიან თავყრილობას?
სოსო მანჯავიძე: საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცენდენტო მოვლენა - საზოგადოებაში სოლიდარობის დემონსტრირება მოხდა; ჩვენმა მოძრაობამ ამ თავყრილობაზე მანიფესტი და დეკლარაცია წარადგინა, რასაც ფილარმონიის ხალხით სავსე დარბაზმა მხარდაჭერა გამოუცხადა; საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რის შედეგადაც კონკრეტულმა ადამიანებმა დახმარება მიიღეს; კონცერტიც ჩატარდა, გარკვეული განცხადებებიც გაკეთდა, რითაც ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასება და საზოგადოებრივი განწყობილების გამოხატვა მოხდა.
ბუნებრივია, ეს არ იყო საზეიმო ბუშტების გაშვება, რადგან საქმე საზეიმოდ არ გვაქვს. იყო ცრემლი და ბევრი იმ პრობლემის აქტუალიზაცია, რომელთა გადაჭრის გარეშე ქვეყანა უბრალოდ, ვერ გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ აქცია შუა კვირაში, სამუშაო დღეებსა და საათებში გაიმართა, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ხალხით სავსე იყო.
რა იყო თქვენი მიზანი და რამდენად მიაღწიეთ მას, ამ ორდღიანი თავყრილობის მოწყობით?
-მიზანს რასაკვირველია, მივაღწიეთ - ეს იყო ”წინააღმდგეობის მოძრაობის” თავყრილობა, იქ ჩვენი მომხრეები იყვნენ, ყველამ დაინახა ერთმანეთი. ამასთან, ეს იყო სოლიდარობის აქცია და ესეც შედგა; მიმდინარე მოვლენების მიმართ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, სამოქმედო გეგმა წარმოვადგინეთ, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქვეყანა. ისინი, ვინც ეს ხედვა მოისმინა და სამოქმედო გეგმას გაეცნო, დამეთანხმებიან, რომ ესაა აბსოლუტურად ახალი ხედვა და კონკრეტული ღონისძიებების მთელი ნუსხა, რომელიც უნდა განხორციელდეს.
რას გულისხმობთ ახალ ხედვაში?
-გაუთავებლად იმაზე საუბარი, რომ არსებული რეჟიმი ქვეყანას ანგრევს და მიწასთან ასწორებს, საკმარისი არ არის - ჩვენ წარმოვადგინეთ ახალი ხედვა, რომელიც მდგომარეობს იმაში, თუ როგორ უნდა მოხდეს ავტორიტარული სისტემის დემონტაჟი და როგორ უნდა გადავიდეთ ნორმალურ განვითარებაზე.
ავანტურისტების, საერთაშორისო დამნაშავეთა ჯგუფმა, რომელმაც ხელისუფლება მიიტაცა, თავის დანაშაულებრივი პოლიტიკური ნების განხორციელების ინსტრუმენტები შექმნა, რომლებიც ქართველი ერის განადგურებასა და ამოწყვეტას ემსახურებიან.
ეს ინსტრუმენტებია: პროკურატურა, რომელიც უნდა გაუქმდეს (მის ნაცვლად სახელმწიფო ბრალმდებლის ინსტიტუტი შეიქმნას, გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის გარეშე) და დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა, რომელიც ზუსტად იმეორებს შინსახკომის სტრუქტურას; მისი ცენტრალური აპარატი თუ არ გაუქმდა და შსს სხვადასხვა უწყებებად არ დაიშალა, არაფერი გამოვა, არც ერთი რეფორმა არ განხორციელდება, სასამართლო ვერ გათავისუფლდება და არანაირი არჩევნები საქართველოში არ შედგება.
როგორ, რა გზით წარმოგიდგენიათ პროკურატურის გაუქმება და შსს-ს დაშლა?
-შსს ამ ანტიქართული რეჟიმის მთავარი დასაყრდენია. პოლიტიზირებული ინსტრუმენტები, როგორიც არის სოდი, კუდი და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტი, გასაუქმებელია და გაუქმდება კიდევაც. ამ სტრუქტურის პოლიტიკური ხელმძღვანელობა აუცილებლად უნდა გასამართლდეს. ამასთან, ამ სტრუქტურაში დამნაშავეებთან ერთად მუშაობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამ სტრუქტურის, ამ მონსტრის მძევლები არიან და რა თქმა უნდა, კვალიფიციური ადამიანები სახელმწიფო აპარატში სამსახურს იპოვნიან. ამის უზრუნველსაყოფად ”წინააღმდეგობის მოძრაობამ” შეიმუშავა კანონი ”რანგირების შესახებ”, რაც გულისხმობს ადამიანების დასაქმებას სახელმწიფო აპარატში, მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
თქვენ გულისხმობთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განსახორციელებელ კანონს?
-დიახ, რასაკვირველია, ეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.
და მანამდე როგორი გეგმები გაქვთ?
-ჩვენი პოზიცია არის ასეთი - ბრძოლა ისეთი ხაზითა და ფორმით უნდა წარიმართოს, რომ გამოირიცხოს ხელისუფლების სათავეში ახალი ავტორიტარული, არაკომპეტენტური და ანტიქართული ძალის მოსვლა. ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, ქართველმა ხალხმა უნდა გაითავისოს - ის რაზეც ზემოთ ვისაუბრე, არის მისი უფლებების უზრუნველმყოფი აუცილებელი ღონისძიებები. თუ ძალაუფლება არ გადანაწილდა, ასეთ მონოპოლიზირებულ ხელისუფლებაში მოსული ნებისმიერი ძალა, ავტომატურად ავტორიტარად გარდაიქმნება, იგივე მოქმედებების განხორციელებას დაიწყებს და იგივე კლანური მართველობა ჩამოყალიბდება. ასე რომ არ მოხდეს, სწორედ ამიტომ გამოვიტანეთ სამსჯავროზე რა არის სინამდვილეში პრობლემის არსი და როგორ, რა გზით უნდა მოხდეს მისი გადაჭრა.
ყოველი მოთხოვნის დაყენება უკვე თავისთავში გულისხმობს პოლიტიკური იძულების მექანიზმს, რასაც უნდა მოჰყვეს კონკრეტულ მოთხოვნებზე მანიფესტაციები და დასავლეთიდან ზემოქმედება ამ ხელისუფლებაზე, რომელიც მოგეხსენებათ, რომ ძალიან მძლავრია.
ამ კუთხით დასავლეთის უპრეცედენტოდ გააქტიურებაში ”წინააღმდეგობის მოძრაობასა” და მედიაკავშირ ”ობიექტივს” ლომის წილი მიუძღვით - კეტრინ ეშტონისა და ბარუზოს მიერ გამოგზავნილმა წერილებმა, მანამდე ჰაიდი ჰაუტალასთან შეხვედრამ და მათთან უახლოეს მომავალში დაგეგმილმა შეხვედრებმა, საქართველოს ხელისუფლებაზე ძალიან ძლიერი ზემოქმედება მოახდინა. დასავლეთის მხრიდან ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება პატიმრების უფლებების დაცვასა და ფართო ამნისტიის მიღებაზე, ხელისუფლებისთვის სერიოზული თავის ტკივილია.
როგორ აპირებთ რეფერენდუმის გამართვას, ხელისუფლების ნდობის საკითხზე, რაზეც ფილარმონიაში გამართულ თავრყილობაზე ისაუბრეთ?
-რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოში პარადოქსული სიტუაციაა - კონსტიტუციის მეხუთე მუხლის მეორე თავში მითითებულია, რომ ”ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით”. აი, ამ მეხუთე მუხლში დეკლარირებული უფლება, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, 74-ე მუხლის მეორე თავში ბლოკირებულია - ”არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა, კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს”.
74-ე მუხლში წარმოდგენილი ფორმულირება უნდა გაუქმდეს და საზოგადოებას რეფერენდუმის ჩატარების უფლება აღუდგეს. თუ ამას ეს ნეობოლშევიკური ხელისუფლება არ გააკეთებს, მაშინ, საზოგადოების კონსოლიდაციის გზით ამას ჩვენ გავაკეთებთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართველი კაცისთვის მისი სახელმწიფო იყოს მშობლიური და ქართველი ადამიანი ჩართული იყოს თავისი სამშობლოს, სახელმწიფო სტრუქტურების მოწყობაში.
ამ გეგმების განხორციელებას არსებული ხელისუფლების პირობებში აპირებთ, თუ თქვენი მიზანი ამ ხელისუფლების გასტუმრებაა?
-რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ამათი გასტუმრება, მაგრამ გასტუმრება იმ მეთოდით, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ხალხის მობილიზაცია, მათ უფლებებზე. სამი თვეა, რაც ”წინააღმდეგობის მოძრაობა” გააქტიურდა და ყველა ხედავს, ჩვენი მოქმედებით როგორ მაქსიმალურ ზიანს ვაყენებთ ავტორიტარულ რეჟიმს, როგორც ქვეყნის გარეთ, დასავლეთში კონკრეტული აქტიურობით, ისე ქვეყნის შიგნით გამართული საპროტესტო აქციებითა და ღონისძიებებით. არსებულ რეჟიმს ისეთი ზიანი უნდა მივაყენოთ, რომ ქვეყანას ვეღარ ავნოს!
ანუ რეჟიმის დემონტაჟი უნდა განვახორციელოთ, მაგრამ ისე კი არა, რომ ყველაფერი ჩამოვშალოთ და დავანგრიოთ?! შენობას საყრდენს, რომ აცლი, ადამიანი არ უნდა დაიღუპოს, მას თავზე ჭერი არ უნდა ჩამოექცეს. აი, ეს არის ჩვენი პრინციპი. ჩვენ ვართ კონსტრუქციულები და ხელისუფლება - დესტრუქციული. ჩვენ ვეუბნებით - შეწყვიტეთ ციხეებში პატიმრების წამება და მიიღეთ ფართო ამნისტია. იგივეზე მიუთითებს ევროპა, რის საპასუხოდაც მმართველი ძალა ასეთ რამეს ამბობს - ”არა, არ შევწვეტთ პატიმრების წამებას და არ მივიღებთ ამნისტიას...” ხელისუფლება ვირივით გაჯიუტებულია და კონსტრუქციულ წინადადებებზე უარს ამბობს.
მიიღებთ მონაწილეობას დაანონსებულ საპროტესტო აქციებში?
-მოგეხსენებათ, არაერთი საპროტესტო აქცია გავმართეთ, ბოლო სამი თვის განმავლობაში. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს შევუერთდებით, მაგრამ ამორალურ საქციელს არ ჩავიდენთ - ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ხალხია და ვეცდებით ეს აქციები ეფექტური გავხადოთ, რათა დამარცხება თავიდან ავიცილოთ.
ვეცდებით სამოქალაქო და ეროვნულ თანხმობას მივაღწიოთ - ყველა რეალური ოპოზიციური ძალა ამ ხელისუფლებას ერთიანად უნდა დაუპირისპირდეს. ჩვენ შევეცდებით ქვეყანაში ისეთი ატმოსფერო შეიქმნას, რომ შედგეს ეროვნული თანხმობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.
თუ ეს შეთანხმება შედგა, შემდეგ ამას სხვა შეთანხმებები მოჰყვება; სწორი პოლიტიკური მოთხოვნების დაყენების შემთხვევაში, სააკაშვილი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება და მას სათქმელი აღარაფერი დარჩება, გარდა იმისა, რომ ”მე მინდა ვიყო ხელისუფლებაში!”
რევოლუცია თუ მოხდა, მიიღებთ მონაწილოებას?
-რაზეც მე ვლაპარაკობ, ეს არის რევოლუცია. ჩვენი მთავარი ამოცანაა მოვლენათა იმგვარი განვითარება, რომ გამოირიცხოს სისხლისღვრა და სამოქალაქო დაპირისპირება, რისთვისაც ვიმეორებ, სწორი პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება აუცილებელია. სამოქალაქო და ეროვნული თანხმობისთვის კონკრეტული პოლიტიკური დოკუმენტი შემუშავებული გვაქვს, რაც ნაწილობრივ ჩვენს მანიფესტშიც არის ასახული. გარკვეულ შეხვედრებს ვმართავთ და უახლოეს დღეებში ამ კუთხით უფრო ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ.