[ეკა ბაქრაძე]
ოპოზიციის რადიკალური გააქტიურებიდან სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციონერთა მკვეთრ ნაბიჯებს, სპეციალისტები ამაზე უკვე მსჯელობენ. ჯერჯერობით, კანტი-კუნტად ისმის ეკონომისტთა შეფასებები თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აქციებმა და გამოსვლებმა ქვეყნის ეკონომიკაზე.
სხვათა შორის ამ მიმართულებით დუმს ხელისუფლებც. არადა, 2 წლის წინათ „ქვეყნის ეკონომიკის დაქცევა“ მთავრობამ მთლიანად ოპოზიციის გააქტიურებას დააბრალა. თუმცა, მას შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკურმა სიმშვიდემ დაისადგურა, მაგრამ ეკონომიკა კიდევ უფრო დაბლა დაეშვა. ამით, გარკვეულწილად, დადასტურდა, რომ პოლიტიკურ რყევებს ეკონომიკაზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
ამჯერად სულ რამდენიმე დღეში ქართული ოპოზიცია საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება. ქართველი ექსპერტების ნაწილი ოპოზიციის გამოსვლებს ქვეყნის ეკონომიკისთვის გავლენის მომხდენ ფაქტად არ აღიქვამს. თუმცა, პროცესები დიდხანს თუ გაგრძელდა, უარყოფით შედეგს მაინც ვერ ავცდებით.
ეკონომიკური სფეროს სპეციალისტები მდგომარეობის გაუმჯობესებას ჯერჯერობით არ ვარაუდობენ. მათი თქმით, უამრავი მიზეზია საამისოდ, რაც დარგის განვითარებას აფერხებს. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. პროცესებზე დიდ გავლენას ახდენს შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობა, ინვესტიციების შემცირება, ინფლაცია, ბაზარზე არსებული მონოპოლია და სხვა.
„ეკონომიკურ განვითარებას მრავალი ფაქტორი აფერხებს. მათ შორის, ზოგადია ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს ინვესტიციების ნაკლებობა. განსაკუთრებით ბოლო წლებში შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. ამასთან, შიდა ინვესტიციების აშკარა არასაკმარისობა შეიმჩნევა.
სერიოზულ პრობლემებს ქმნის მონოპოლიზმის არსებობა ბაზარზე, რომელიც ხელს უწყობს ფასების არაბუნებრივ ზრდას. ასევე პრობლემაა კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის სიმცირე, ეროვნული ვალუტის კურსის ხშირი და საკმაოდ დიდი მერყეობა.
განსაკუთრებული წინსვლა არცერთ სეგმენტში არ შეიმჩნევა, ინფლაცია შეუქცევადი პროცესი გახდა და ეს ქვეყნის ეკონომიკაზე დიდხანს იქონიებს გავლენას. რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციებს, როგორიცაა ოპოზიციის გამოსვლები და სხვა, ეს საქართველოს ეკონომიკურ ვითარებას ვერ შეცვლის, იმ მასშტაბების არ არის, რომ პროცესებზე გავლენის მომხდენი იყოს“, - აცხადებს ავთო სილაგაძე.
ცოტათი განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ ნოდარ კაპანაძეს, რომელიც პოლიტიკური ფაქტორების ეკონომიკურ პროცესებზე გავლენას არ გამორიცხავს.
„საერთო ჯამში, ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე, საგარეო და საშინაო ფაქტორები ერთნაირად მოქმედებენ. პოლიტიკური არასტაბილურობა თავისთავად არასასურველი გავლენის მომხდენია, თუმცა დღესდღეობით არსებული ვითარება ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას დიდად ვერ მოახდენს. ოპოზიციური პროცესები რამდენად გააქტიურდება, წინასწარმეტყველება არ შემიძლია.
ფაქტია, რომ პატარა რყევებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დიდი გავლენა აქვს - დაწყებული კლიმატური პრობლემებით და საერთაშორისო პროცესებით დამთავრებული. მაგალითად, ნავთობის ფასი, რომელიც ქართულ ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახება. არა მგონია, წელს არსებითად უკეთესი ან უარესი ვითარება გვქონდეს“, - განმარტავს კაპანაძე. მისი თქმით, გარკვეული ძვრები მიდის, მაგრამ ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის არასაკმარისია.