დღეს, 15-საათის შემდეგ რუსთავის მერიაში სრული “მობილიზაცია” გამოცხადდა. შენობას ტოვებდა ყველა - დაცვის თანამშრომლების გარდა. მერიის დაცლის პროცესს კონკრეტულად არავინ ხელმძღვანელობდა, ერთადერთი მითითება დაცვის წევრებისგან მოდიოდა: “მერიის უკანა ეზოში უნდა გახვიდეთ!”
მერიაში ლატვიის დელეგაციის რუსთავში სტუმრობის გასაშუქებლად მისულებს თავდაპირველად გვეგონა, რომ შენობაში ხანძარი, ან რაღაც მსგავსი პრობლემა იყო.
„თქვენ ვერ ხართ კარგად, რა გული გადამიტრიალეთ?! პირდაპირ გეთქვათ, რაზე მიბარებდით” – საყვედურებით შეუერთდა მერიის, ამჯერად უკვე ფასადის მხარეს მდგარ ხალხს, რუსთავში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, მინდია აფციაური.
„კინოში მივდივართ, მანონი, არ შეიძლება?!” – მკითხა მერიის პრესსასმსახურის თანამშრომელმა, ნინო კორძაიამ. ამასობაში მერიის უკანა ეზოში, “კინოში მიმავალმა” ხალხმა ორი ყვითელი ავტობუსი გაავსო. ადგილები ყველას არ ეყო. „რა ხდება ეს?! ყველა სამსახურის უფროსმა თავისი ხალხი თვითონ უნდა წაიყვანოს” – უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ უადგილოდ დარჩენილები.
სრულ "მობილიზაციას” პრესაგე.ტვ-ს გარდა ჟურნალისტი, ირაკლი ფირაშვილიც აშუქებდა. “რას იღებთ სურათებს?! სასაცილოა პირდაპირ!” - ჩვენი მუშაობით გაღიზიანებას ვერ მალავდა საკრებულოს აპარატის უფროსი, მაია დოლიძე.
ის, რაც დოლიძiსთვის სასაცილო იყო, რეალურად, უმნიშვნელო მოვლენა არ გახლდათ. დაახლოებით ნახევარ საათში რუსთავის თვითმმართველობა დაიცალა. მუშაობა შეწყვიტეს მერიის სოციალურმა, ინფარსტრუქტურის, შესყიდვების და ქონების მართვის სამსახურებმა.
ერთადერთი, ვინც თანამშრომელთა სრულ მობილიზაციაზე ტყუილის თქმას სიმართლე არჩია, რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე, კახა გურგენიძე იყო.
„პრეზიდენტი მობრძანდება ვაზიანში და ჩვენი თანამშრომლებიც იქ წავიდნენ. მალე დაბრუნდებიან, ამიტომ სამსახურების მუშაობა არ შეფერხდება. თან ყველა არაა წასული...“ – გვითხრა გურგენიძემ.
პრეზიდენტი გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანს ახალი სკოლის გასახსნელად ესტუმრა. სკოლაში შესვლამდე, როგორც მოგვიანებით „რუსთავის-2“-ის გადაღებულ კადრებში ვიხილეთ, სკოლის ეზოში სააკაშვილს „მოსახლეობა” დახვდა. ისინი სააკაშვილთან მიახლოებას და ხელის ჩამორთმევას ცდილობდნენ. პრეზიდენტის დაცვა „აღფრთოვანებულ“ მოსახლეობას ძლივს აკავებდა. „აღფრთოვანებული მოსახლეობის ფართო მასებში“ კი რუსთავის მერიის თანამშრომლებიც ვიხილეთ.
„ვაზიანი წლების მანძილზე ღვთისგან დავიწყებული ადგილი იყო. ერთადერთი, რის გამოც ყურადღების ცენტრში ხვდებოდა ხოლმე, ჯართის ძებნისას ნაღმზე აფეთქებული ბავშვების ამბები გახლდათ. ახლა ვაზიანელებს თანამედროვე ლაბორატორიით და სპორტდარბაზით უზრუნველყოფილი სკოლა აქვთ. თუმცა ამ ბავშვების ოჯახებში კვლავ სიღარიბეა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
შემდეგ, სკოლის ლაბორატორიაში მოსწავლეს გაესაუბრა. „მე მშურს თქვენი. ჩემ დროს სკოლებში ასეთი შესაძლებლობები და ლაბორატორიები არ იყო. აი, ამით გამოირჩევა რევოლუციის შემდგომი ბავშვი რევოლუციამდელისგან” – უთხრა ვაზიანელ მოსწავლეს სააკაშვილმა.
პრეზიდენტს ვაზიანში სტუმრობისას, მოსახლეობის როლში მყოფი რუსთავის მერიის თანამშრომლების გარდა, მხარის გუბერნატორი დავით კირკიტაძეც მასპინძლობდა.
მოგვიანებით, პირად საუბრებში რუსთავის მერიის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მათ ვაზიანში წასვლის ბრძანება სამსახურების უფროსებისგან მიიღეს: „ორი საათის განმავლობაში ველოდით პრეზიდენტის ჩამოსვლას. ვაზიანშიც ადგილობრივი მოსახლეობა დაგვხვდა, მაგრამ ცოტანი იყვნენ. ხომ გესმით, ეს არ იყო ჩვენი სურვილით მოწყობილი ექსკურსია...“