1-ელი ივნისიდან კომერციულ ბანკებს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების შეცვლა მოუწევთ. ბანკი ვალდებული იქნება, სამომხმარებლო კრედიტის თანამდევი ყველა ხარჯი საბოლოო პროცენტში შეიტანოს და კლიენტს ხელშეკრულებაში სესხის ზუსტი განაკვეთი ჩაუწეროს.
ბანკმა დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთიც ასევე ზუსტად უნდა მიუთითოს. გარდა ამისა, უკმაყოფილო მომხმარებლებისგან მიღებული საჩივრების შესახებ ანგარიში კომერციულმა ბანკმა პერიოდულად ეროვნულ ბანკს უნდა ჩააბაროს.
საბანკო პროდუქტების მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე საუბარი დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო. კანონპროექტის მომზადებას მაშინ ეროვნული ბანკი შეუდგა, მაგრამ მალევე შეაჩერა საბანკო ბაზრის ლიდერი ბანკების თხოვნით. საბანკო ბუმის დროს ხელშეკრულებებში ზუსტი, ე.წ. ეფექტური პროცენტის მითითება ბანკების ინტერესებში არ იყო, ამიტომ ამ თემაზე საუბარი შეწყდა.
სესხის თანამდევი გაზრდილი ხარჯების პრობლემამ თავი განსაკუთრებით ფინანსური კრიზისის პერიოდში იჩინა, როცა მსესხებლებს მომატებულ პროცენტებთან ერთად დამატებითი თანხების გადახდაც გაუჭირდათ.
საბანკო სფეროში გამჭირვალობის კამპანიის ინიციატორი "პროკრედიტბანკი" იყო. მანვე მოუწოდა ბანკებს, ამ საქმეში მხარი აებათ. კამპანია მალევე ეროვნულმა ბანკმა გადაიბარა და კანონპროექტზე, ბაზარზე მომუშავე კომერციულ ბანკებთან ერთად, უკვე მეექვსე თვეა მუშაობს. ახალი ინსტრუქცია 1-ელი ივნისიდან შევა ძალაში.
მანამდე ინსტრუქციის დეტალებზე საუბრისგან ეროვნული ბანკი თავს იკავებს. თუმცა "ეკოპალიტრამ" გაარკვია, რომ ბანკები ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ. ხელშეკრულებებში ერთი ცვლილება ეფექტური პროცენტის მითითებას უკავშირდება, ხოლო მეორე - მომხმარებლების მიერ ბანკებში შეტანილ საჩივრებს. საბანკო სფეროს მისი ზედამხედველი ეროვნული ბანკი დაავალდებულებს, რომ კლიენტების პრეტენზიებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, საჩივრები ყურადღებით განიხილონ და ამის შესახებ ანგარიშიც პერიოდულად ჩააბარონ.
ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანამდე კი საბანკო პროცენტებთან დაკავშირებით ასეთი ვითარებაა: კრედიტის აღების დროს ბანკი მსესხებელს ეუბნება, რომ წლიური განაკვეთი 16%-ია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თანხის დამტკიცებიდან მის სალაროდან გაცემამდე მსესხებელს არაერთი "სიურპრიზი" ხვდება. ნომინალურ პროცენტს ემატება:
- სესხის დამტკიცების საკომისიო;
- მომსახურების საკომისიო;
- სიცოცხლის დაზღვევა;
- საჯარო რეესტრში მომსახურების საკომისიო:
- სესხის თანხის განაღდების საკომისიო, საშუალოდ 1%.
- ნოტარიუსის ხარჯი და სხვ.
დამატებითი ხარჯების დარიცხვის შემდეგ სესხის განაკვეთი შესაძლოა 2-3%-ით მაღალი აღმოჩნდეს.
ახალი ინსტრუქციის ამოქმედებამდე საბანკო პროცენტთან დაკავშირებული ერთი ცვლილება ეროვნულმა ბანკმა უკვე 14 მაისიდან აამოქმედა. სესხის ვადაზე ადრე დაფარვისთვის ბანკი მოქალაქეს 2%-ზე მაღალ ჯარიმას ვეღარ დააკისრებს. როგორც სებ-ი აცხადებს, ეს შეზღუდვა კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად დაუწესა. ადრე ჯარიმა უფრო მაღალი იყო და ზოგიერთ შემთხვევაში თანხის 7%-საც აჭარბებდა. ამ მექანიზმით ბანკები სესხის ნაადრევად დაფარვისგან თავს იზღვევდნენ. ცვლილება როგორც ახალ, ასევე ძველ ხელშეკრულებებსაც შეეხება.
ნინო ფანჯიკიძე ("პროკრედიტბანკის" მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროექტის კოორდინატორი): "საბანკო ხელშეკრულებაში ნომინალური საპროცენტო განაკვეთია მითითებული. მაგრამ ეფექტური სარგებელი მეტი გამოდის, რადგან სესხს სხვა ხარჯები აძვირებს.
ახალი წესი ბანკს დაავალდებულებს, მომხმარებელს ინფორმაცია ხელშეკრულებაში გასაგებად მიაწოდოს. ეს მას საშუალებას მისცემს, სხვადასხვა ბანკების პროცენტები ერთმანეთს შეადაროს, გააანალიზოს და სწორი არჩევანი გააკეთოს. რაც შეეხება საჩივრებს, ასეთი ინსტრუქცია ახლაც მოქმედებს. ბანკებს სპეციალური განყოფილებები აქვთ, რომლებიც კლიენტებისგან შემოსულ საჩივრებს იხილავენ, ისინი ვალდებული არიან დააფიქსირონ, რომ საჩივარი მიიღეს, მისი განხილვის შემდეგ კი კლიენტს წერილობით უნდა აცნობონ განხილვის დასრულებისა და გადაწყვეტილების შესახებ.
შემდეგ ამ პროცედურების შესახებ ბანკმა სრული ინფორმაცია სებ-ს უნდა აცნობოს. საჩივრის სტანდარტული ფორმა ყველა ბანკისთვის ერთნაირი იქნება. ანუ ახალი წესი ამ პროცედურებს უფრო ცენტრალიზებულს ხდის".
მაგრამ ბანკს უფლება აქვს, მაგალითად, თუ სესხი არ დაუმტკიცა, კლიენტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვას. ასევე ბანკს უფლება აქვს, ერთი და იმავე შინაარსის პრეტენზია არ განიხილოს.
თუმცა მომხმარებლების უფლებების დაცვა სრულყოფილი მაინც არ იქნება. ბანკებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მაინც დაუტოვეს, რადგან მოთხოვნები მხოლოდ სამომხმარებლო სესხებს, ოვერდრაფტებსა და საკრედიტო ბარათებს შეეხება, როცა კრედიტის თანხა 300-დან 50 ათას ლარამდეა. შეზღუდვები იპოთეკურ და სხვა კატეგორიის სესხებზე არ გავრცელდება. ახალი ინსტრუქცია იმოქმედებს 50 ათას ლარამდე ანაბრებისთვისაც.