კერძო საკუთრების ხელყოფამ საერთაშორისო ორგანიზაციები გააღიზიანა

კერძო საკუთრების ხელყოფამ საერთაშორისო ორგანიზაციები გააღიზიანა

საქართველოში კერძო საკუთრების ხელყოფისა და ხელისუფლების მიერ მისი ძალით წართმევისა თუ „ნებით გადაცემის“  მოძალებულმა ფაქტებმა უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც გააღიზაინა. ისინი ძველებურად თვალს აღარ ხუჭავენ მთავრობის უკანონი ქმედებებზე და პირდაპირ მიუთითებენ თუ როგორ უნდა მოექცეს ხელისუფლება მომავალში, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვარტალური დოკუმენტში - „სამუშაო ბარათში“ - ხაზგასმითაა გამახვილებული ყურადღება კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე. „სამუშაო ბარათს“ თან სდევს რეკომენდაციები იმ პრობლემების მოკლე მიმოხილვით, რომელთაც სამომავლოდ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კერძო საკუთრების უფლება საქართველოში ძლიერ არის დარღვეული და მთავრობის მიერ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით კერძო საკუთრების ხელყოფის შემთხვევები ხშირია. ამასთან, საკუთრების მოწმობების გაუქმება მიწის ნაკვეთების უსამართლო კონფისკაციის მიზეზი ხდება. მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის პროცედურა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით მიმდინარეობს.

ის, რომ საქართველოს ტურისტულ რეგიონებში მოსახლეობა საკუთარი მიწის პრივატიზებას ვერ ახერხებს, საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. ასევე ხშირად ხდება, როდესაც მოქალაქეებს საკუთარი ქონების გაყიდვაზე ეუბნებიან უარს. ბევრგან კი, საკუთრების უფლების აღიარების კომისია უკანონოდ არიგებს ან პირიქით ართმევს მიწის ნაკვეთებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დოკუმენტში ერთ-ერთ ასეთ მაგალითად შავი ზღვის სანაპიროზე, გონიოს შემთხვევევა მოჰყავთ, როცა 200 საკუთრების მოწმობა გაუქმდა.

ორგანიზაციის რეკომენდაციებში მითითებულია, რომ უნდა შემუშავდეს ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა გადასახლების საკითხთან დაკავშირებით და ამაღლდეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მოვალეობები.

„დაზარალებულმა მხარემ უნდა მიიღოს ფულადი კომპენსაცია იმ ზარალის გამო, რაც მათ კომისიის არაკანონიერი გადაწყვეტილების გამო მიადგათ. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უნდა შეიმუშავოს საკუთრების მოწმობის გაუქმების კონტროლის მექანიზმი. უნდა შემუშავდეს რელევანტური, სამართლიანი და ეფექტური კომპენსაციის სქემა დაზარალებული მხარისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი კახა კოჟორიძე ურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რასაც ტურისტულ ზონაში მცხოვრებნი აწყდებიან. მისი განმარტებით, საკუთრების უფლების დარღვევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა გონიოში, ანაკლია-განმუხურსა და მესტიაში.

„ვისაც ქონება საჯარო რეესტრში აქვს დარეგისტრირებული და დაკანონებული, გაყიდვას ვერავინ აუკრძალავს. ბევრს არ ურეგისტრირებენ ქონებას და ამის გამო ვერ ყიდის. სხვა მხრივ, მესაკუთრეს თავისი ქონების რეალიზაციაში ხელს ვერავინ შეუშლის.

შავიზღვისპირეთის ანალოგიური პრობლემებია სვანეთშიც. ეს ადამიანები წინააღმდეგობებს აწყდებიან იმიტომ, რომ ხარვეზებია კანონმდებლობაში და საჯარო რეესტრშიც უარს დაუსაბუთებლად ეუბნებიან. ანაკლიაში იყო შემთხვევა, მოქალაქეს საკუთრებას არ ურეგისტრირებდნენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაურეგისტრირებია ის ფართი და ამ უწყებამ გაყიდა.

იშვიათად ხდება, რომ დაზარალებულებმა სასამართლოს მიმართონ.  ამის მიზეზია უსახსრობა, დაბალი სასამართლო ცნობიერება და უიმედობა“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.