მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარ საქმიანობას პოზიტიურად აფასებენ და საკუთარ თავს ცნობად ადამიანებად მიიჩნევენ, თუმცა საწინააღმდეგო სურათს აჩვენებს ჩატარებული კვლევის შედეგები.
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის, ხოლო გამოკითხულთა 21%-მა პარლამენტის საქმიანობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის.
უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც ამავდროულად, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატია, NDI-ს კვლევის შედეგებს არ ენდობა და for.ge-ს არწმუნებს, რომ ოზურგეთში დღემდე არსებულ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის ყველაზე ცნობადია.
„კითხვის ფორმულირებაა, იცნობთ თუ არა დეპუტატს პირადად. კითხვა რომ ყოფილიყო, იცით, თუ არა ვინ არის თქვენი მაჟორიტარიო, შედეგი სხვა იქნებოდა. კითხვის ფორმულირება რაც არ უნდა ყოფილიყო, ამ კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ვენდობი“, - დასძენს კვაჭანტირაძე, რომლის მსგავსად, for.ge-ს საკუთარ შესაძლებლობებში არწმუნებს ხობის მაჟორიტარი დეპუტატი.
for.ge-სთან საუბარში გოდერძი ბუკია აცხადებს, რომ თუკი ამომრჩეველი გულმავიწყია, „ეს მისი ამბავია“. დეპუტატი ფიქრობს, რომ კვლევის ეს შედეგები არარეალურია, რადგან პირდაპირი წესით არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატს ამომრჩეველი უნდა იცნობდეს.
„თქვენ როგორ გგონიათ, ოთხჯერ არჩეულ დეპუტატს არ უნდა იცნობდნენ? თუ არ იცნობენ, მხარი როგორ დაუჭირეს? - ამის ერთ-ერთი მაგალითიც მქონდა. ერთ-ერთმა ტელევიზიამ ჩემი თანასოფლელი ჩაწერა, რომელიც თითქმის ჩემთან ერთად გაიზარდა და მან თქვა, რომ გოდერძი ბუკიას არ ვიცნობო. ეს რას ნიშნავს? - ეს ადამიანი ძალიან კარგად მიცნობს, მაგრამ საწინააღმდეგო თქვა“, - დასძენს ბუკია.
თანაგუნდელების მსგავსად, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი ხაბელოვიც ფიქრობს, რომ მას მისი ამომრჩეველი იცნობს და კვლევის ეს შედეგები აბსურდულია.
„ვფიქრობ, რომ ჩემი ამომრჩეველი მიცნობს. შარშან ოლიმპიური ფესტივალი ჩავატარეთ და ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან ძალიან ბევრი მოხალისე გვყავდა. მაჟორიტარ დეპუტატობას რომ თავი დავანებო, როგორც სპორსტმენს ისე მცნობენ და დეპუტატს აღარ მიცნობენ? რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ეს ხალხმა შეაფასოს“, - განუცხადა for.ge-ს ხაბელოვმა.
საკითხზე საუბრისას დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ყურადღებას საკუთარ ავტორიტეტზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას საკუთარ მაჟორიტარულ ოლქში 100 პროცენტიანი ცნობადობა აქვს. დეპუტატი კვლევის შედეგებს კითხვის ფორმულირებას უკავშირებს.
„გააჩნია, კითხვას როგორ დასვამ. თუკი იკითხავ, იცნობ თუ არა პიროვნულად მაჟორიტარ დეპუტატსო, მაშინ გეტყვინ, რომ პირადად არ იცნობენ. მეორეა, იმის კითხვა - დეპუტატზე რა იციან. დმანისის ამომრჩეველმა საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის სახელ-გვარი იცის. კვლევა ჩავატარე, 85 პროცენტიანი რეიტინგი მაქვს და მაჟორიტარ დეპუტატობას ვაპირებ“, - აცხადებს ოქრიაშვილი.
კვლევის ამ შედეგებს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი „საკენკად“ მიიჩნევს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამომრჩეველი მისი საქმიანობით კმაყოფილია თუ არა, ეს მედიამ მას უნდა ჰკითხოს.
„150 ათასი ამომრჩეველი მყავს. თბილისში 26 კვირა ვარ, ხოლო ქუთაისში - 26. დღეში რამდენი კაცი უნდა მივიღო? - გიჟი და მანიაკი რომც ვიყო და დღეში 50 ადამიანი მივიღო, წელიწადში ეს რამდენი გამოვა? - 10-12 ათასი ადამიანი. იქეთ 40 ათასი მრჩება, რომელიც იტყვის, რომ არ შევხვდი“, - დასძენს ჯაჭვლიანი.
უმრავლესობაში შემავალი დეპუტატებისგან განსხვავებით, ოპოზიციონერები საკუთარ საქმიანობაში პრობლემას ხედავენ და საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებით არ საუბრობენ.
როგორც for.ge-ს სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ის საკუთარი თავის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობით კმაყოფილი არ არის.
„ოპოზიციაში მყოფი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ისეთი სისტემა უნდა იქნეს მომზადებული, რომელიც საზოგადოებას ნდობას გაუჩენს“, - დასძენს აბაშიძე, რომლის პათოსს იზიარებს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა შავგულიძე.
for.ge-სთან საუბარში შავგულიძე აქცენტს მაჟორიტარი დეპუტატის შეზღუდულ უფლებებზე ამახვილებს და იმედს გამოთქვამს, რომ მას მისი ამომრჩეველი იცნობს და მისი საქმიანობით უფრო მეტად კმაყოფილია - იმ რესურსით და შესაძლებლობით, რაც მაჟორიტარ დეპუტატს გააჩნია, ვაკის მოსახლეობის საჭიროებების გადასაწყვეტად ყველაფერს აკეთებს.
„საქმე იმაშია, რომ მაჟორიტარ დეპუტატს პრობლემების გადაჭრის კონკრეტული მექანიზმი და საშუალება არ გააჩნია. როცა საკითხი დგება გზის გაყვანის, კეთილმოწყობის თუ ჯანმრთელობის დაფინანსების, დეპუტატს უწყებებისთვის მხოლოდ მიმართვა შეუძლია. ასეთი მიმართვები ზოგ შემთხვევაში კმაყოფილდება, ან პირიქით. კანონმდებლობის დონეზე უფრო მკაფიო რეგულირებაა საჭირო. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, პარლამენტის წევრის კომპეტენციაში რა შედის და რა - არა. გადაჭარბებული მოლოდინია, რომ მაჟორიტარ დეპუტატს რაღაც საკითხების გადაწყვეტა შეუძლია. როცა მაჟორიტარი დეპუტატი ოპოზიციის წარმომადგენელია, ადგილობრივი ხელისუფლება მისი თხოვნების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს და მოსახლეობას განცდა უჩნდება, რომ მაჟორიტარმა მისი პრობლემის გადაჭრას მცდელობა დააკლო. რაღაც რეალური ბერკეტები უნდა მიეცეს“, - აღნიშნავს შავგულიძე.
„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია პრობლემებს მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქციებში ხედავს და for.ge-სთან ყურადღებას მაჟორიტარი სისტემის გაუქმებაზე ამახვილებს.
კორძაიას ცნობით, მოქალაქეებთან შეხვედრის მისი გამოცდილება ადასტურებს, რომ მოქალაქეებს მაჟორიტართან ისეთი ტიპის მიმართვები აქვთ, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის თემატიკას უკავშირდება, ან მათ პირადი პრობლემების მოგვარების სურვილი აქვთ, მაგ. როგორიცაა, დასაქმება.
დეპუტატის განმარტებით, ეს მოთხოვნები მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქციაში არც ერთი არ შედის.
„ჩემი შეხვედრების 95 პროცენტი ამ თემატიკას ეხებოდა. რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, ორი თუ სამი შემთხვევა მახსენდება, სადაც მოქალაქეები კანონპროექტის ავკარგიანობაზე მეკითხებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქცია შუამავლობაა, რადგან მათ პრობლემებზე მიმართვებს ვაგზავნი. რესპოდენტთა 58 პროცენტი რომ ამბობს, რომ ის მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობს, ეს იმის ბრალია, რომ იმ საკითხების მოსაგვარებლად, რაც მას აწუხებს, მაჟორიტარი დეპუტატი არ სჭირდება. ანუ, მას თვითმართველობა სჭირდება“, - ამბობს კორძაია.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ საქართველოში მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი არ მუშაობს.
„მაჟორიტარი საკანონმდებლო თუ პოლიტიკის თვალსაზრისით, რეგიონის პრობლემატიკის წამოწევას არ ახდენს. მაჟორიტარულ არჩევნებს რეგიონალურ-პროპორციული სისტემა სჯობს“, - დასძენს კორძაია.
ერთია, NDI-ს კვლევის შედეგები, მაგრამ მეორეა, პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობა. თითზე ჩამოსათვლელია ის მაჟორიტარები, რომლებიც საკუთარი რაიონისა თუ რეგიონის პრობლემის წარმოჩენას საპარლამენტო ტრიბუნიდან ცდილობენ. ამ მხრივ, ყველაზე მეტად ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე აქტიურობს, მაგრამ ამ თვალსაზრისით თავს უმრავლესობის წევრები არ იჩენენ.