„მემარჯვენეები“ უფრო ძვირი დაუჯდებათ, მაგრამ „ევროპელი დემოკრატების“, ედპ-ს და სხვათა შემოერთება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტიკური კონსულტანტი, ვალერიან გორგილაძე, რომლის განცხადებით, არასაპარლამენტო ოპოზიციას საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი პრაქტიკულად არ აქვს.
რომელ პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი და გახდება თუ არა საგარეო ორიენტაცია საარჩევნო გზავნილი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.
რამდენად საფუძვლიანია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტური გაიმართება. თავისთავად საინტერესოა, დღეს რა საფუძველზეა დამყარებული ეს განცხადება და რამდენად დიდია მეორე ტურის ალბათობა?
ვალერიან გორგილაძე: ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვათ, რატომ ახლა და რატომ არა ერთი თვის წინ, მაგრამ თავისთავად დავით უსუფაშვილის განცხადება არ უნდა შეფასდეს ანგაჟირებულად იმ თვალსაზრისით, რომ რადგან „რესპუბლიკელები“ გავიდნენ, ახლა დაიწყეს საუბარი მეორე ტურის შესაძლებლობაზე. 50%-იანი ბარიერის ზღვარის დაწესება ამ ხელისუფლების მიღწევაა და სწორედ ამას ითხოვდნენ კოალიციაში შემავალი სუბიექტები „ნაციონალური მოძრაობისგან“.
მაშინ იყო 30%-იანი ბარიერი, რაც დემოკრატიული ნორმების იგნორირებას ახდენდა. ვინაიდან, საარჩევნო ოლქში 30%-იანი ზღვარის გადალახვის პირობებში, ბევრად უფრო უადვილებდა სახელისუფლებო კანდიდატს გამარჯვებას, ვიდრე დღეს. ბუნებრივია, რომ 50% -იანი ბარიერის დაწესება დემოკრატიული და წინგადადგული ნაბიჯია. აბსოლუტურად ვეთანხმები ვარაუდს, რომ ბევრ საარჩევნო ოლქში შეიძლება დაინიშნოს მეორე ტური, ვინაიდან 50%-მდე ზღვრულის აწევა სწორედ კონკურენციის გაზრდას ემსახურებოდა. თუკი მაჟორიტარი კანდიდატი პირველ ტურში დაიმსახურებს გამაჯვებას, მან უნდა გადალახოს 50%+1 ხმა, სხვა შემთხვევაში ჩატარდება მეორე ტური. დღეს მეორე ტურის ალბათობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში, რომელიც ყველანაირად ზღუდავდა ამ შესაძლებლობას.
არჩევნების თარიღი დღეს ერთგვარი კრიტიკის საფუძველია, თუ რატომ გახდა საჭირო 6 თვით ადრე საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადება. იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ ირღვევა საარჩევნო პროცესი, ცალკე არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ პრემიერისგან, ხელი არ მოაწეროს პრეზიდენტის განკარგულებას. არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებით, დაირღვა თუ არა კანონი? რატომ ხდება საკითხის ასე დაყენება?
- ხელუფლებას ჯერ არ მიუღია გადწყვეტილება. პრეზიდენტმა წინადადებით მიმართა პრემიერ-მინისტრს, რომელმაც არჩევნების თარიღი ან უნდა დაამტკიცოს, ან არა. შეიძლება სხვა თარიღი დაამტკიცოს. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე ამ ოპოზიციური პარტიების აღშფოთების მიზეზი. მეჩვენება, რომ ოპოზიციური პარტიები ხელოვნურად ახდენენ თემის აჟიტირებას, ვინაიდან პირველად საქართველოში 6 თვით ადრე ხდება ცნობილი არჩევნების სავარაუდო თარიღი და არა 2 თვით ადრე. რა მიაჩნიათ სწორად ამ ოპოზიციურ პარტიებს? ის, რომ ეს თარიღი 2 თვით ადრე გამოცხადებულიყო?
პირიქით, დაიშვა პრეცენდენტი, რომ ბევრად უფრო ადრე ცხადდება სავარაუდო თარიღი. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ არჩევნები არ გასცდებოდა სექტემბერ-ოქტომბერს. ერთ-ერთი „მშრომელის“ მტკიცებით, რომელმაც დიდი ხანია რაც ინდივიდუალურ საწარმოდ აქცია თავისი პოლიტიკური პარტია, ოქტომბრის თვე არ წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ თვეს... მართალი გითხრათ, არც ვიცი რა უნდა ვუპასუხო მსგავს აბსურდს.
პირიქით, 6 თვით ადრე არჩევნების თარიღის გამოცხადება ხელს აძლევს პარტიებს, ბევრად უფრო კარგად და სწორად დაგეგმონ საარჩევნო კამპანია...
- რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით არ ვიცი აღშფოთების საგანი რა არის. მეჩვენება, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, ავტომატურად ხდება კრიტიკის ობიექტი. ამ ხელისუფლებას ბევრი რამ აქვს საკრიტიკო, მაგრამ ეს პრეცენდენტი არანირად არ უნდა იმსახურებდეს პოლიტიკური პარტიებისგან კრიტიკას, თუკი ამ პოლიტიკურ პარტიებს რაიმე ელექტორალური პერსპექტივა გააჩნიათ.
პოლიტიკურ პარტიებს ეძლევათ შესაძლებლობა, ბევრად უკეთესად აწარმოონ საარჩევნო კამპანია ამომრჩევლის მობილიზაციის კუთხით...
- რა თქმა უნდა, და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის აბსურდული ლოგიკა. არ მიკვირს „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც ერთვება კამპანიაში „ეს შენ გეხება“ და სერიოზული სახით მსჯელობს ფარულ მიყურადებაზე, პარტია, რომელიც თავად წარმოადგენს ტოტალური მიყურადების ინსპირატორს. ამ პარტიისგან არაფერი მიკვირს.
მაგრამ თარიღი ასევე მიუღებელია „თავისუფალი დემოკრატებისთვისაც“...
- „თავისუფალ დემოკრატებს“ რა თარიღი აწყობთ? 9 თუ 11 ოქტომბერი? 11 ოქტომბერი რომ ყოფილიყო, იტყოდნენ რატომ 11 ოქტომბერიო. აი, პრინციპულად არ მესმის. „თავისუფალ დემოკრატებს“ შეცდომების მთელი წყება აქვთ, რის გამოც აღმოჩნდნენ იმ ვითარებაში, რომელშიც არიან. ნებისმიერ პროტესტს უნდა ჰქონდეს ლოგიკური არგუმენტაცია, ვერ ვხედავ ამ არგუმენტაციას და მიკვირს ეს „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან.
თავისთავად, საინტერესოა როგორ და რა პირობებში წარიმართება არჩევნები. მაგალითად, გია ხუხაშვილი ამბობს რომ ეს არჩევნები იქნება საინტერესო და განსხვავებული, რადგან ეს პირველი არჩევნებია, როდესაც სიძულვილსა და ნეგატივზე აწყობილი ორპოლუსიანი კონფიგურაცია არ გვაქვს. გამორიცხავათ, ისეთი ძალების გამოჩენას, რომელიც დაამსხვრევს წინასაარჩევნო ბრძოლის რუქას?
- სამწუხაროდ, შეიძლება გამოჩნდეს ისეთი კონფიგურაცია, რომელიც დაამსხვრევს ამ წინასაარჩევნო ბძოლის რუქას, რაზეც საუბრობს გია ხუხაშვილი. მართლაც პირველად გვაქვს ასეთი სურათი, თუ არ ჩავთვლით 90-იან წლებს, როდესაც პარლამენტში მოხვედრის შანსი ყოველთვის ქონდა 5-6 პოლიტიკურ პარტიას. დღეს ეს მართლაც რეალურია.
რომელ პარტიას აქვთ პარლამენტში მოხვედრის შანსი?
- „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნული ფორუმი“, „ნინო ბურჯანაძის მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“ და „პატრიოტთა ალიანსი“, სხვადასხვა ალბათობით, ყველა აქ ჩამოთვლილი პარტიის ხილვა შესაძლებელი იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის საკანონმდებლო ინსტიტუციაში.
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, იგივე „ახალი მემარჯვენეები“, „ევროპული დემოკრატები“, „ლეიბორისტები“ მათ არ აქვთ შანსი?
- აბსოლუტურად გამოვრიცხავ ლეიბორისტებს. ეს არის მარგინალური პარტია, რომელიც სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის ნება-სურვილს ასრულებს და ამას ხედავს ყველა. საუბარი არ მაქვს პარტიებზე, რომლებსაც საერთოდ არ ესინჯებათ პულსი. საგულისხმოა გია ბარამიძის განცხადება კოალიციის შექმნის შესაძლელობაზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კეთროვანის იმიჯი და შეეცდება ეს გარემოება სხვა პარტიების შემოერთებით შეცვალოს.
მართალია, ეს პოლიტიკური და ფინანსური ვაჭრობის საგანი გახდება, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაუჭირდება ფინანსური დონაციების გამოყოფა და თქვენს მიერ ნახსენები პარტიების შეერთება. „მემარჯვენეები“ უფრო ძვირი დაუჯდებათ, მაგრამ „ევროპელი დემოკრატების“, ედპ-ს და სხვათა შემოერთება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკელები“ და „ფორუმი“ გავიდნენ კოალიციიდან, მათ აქვთ შესაბამისი რესურსი, გადალახონ ბარიერი. „ეროვნულ ფორუმს“ უფრო მეტი რესურსი აქვს საამისოდ.
ვიდრე რესპუბლიკელებს?
- დიახ ვიდრე „რესპუბლიკელებს“ წმინდა იმიჯური და რეპუტაციული თვალსაზრისით. „ეროვნული ფორუმი“ შემჩნეული არ არის ხელისუფლებასთან ვაჭრობაში, არ დასდევდა თანამდებობებს, არასოდეს არ გამოხატავდა აღფრთოვანებას „ქართული ოცნების“ რაღაც პოლიტიკური ნაბიჯების მიმართ. ყოველთვის აფიქსირებდა თავის პოზიციას და ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც პარტიული ინფრასტრუქტურის აღმშენებლობაზე მიზნობრივად ხარჯავდა მისთვის განკუთვნილ თანხებს, რაც ძალიან მნშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ფორუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კახა შარტავას როლი და ავტორიტეტი.
„რესპუბლიკელებმა“ მიიღეს გარკვეული სარგო და ეს არის ბიუჯეტის დაფინანსება, რაიონული ორგანიზაციები და ა.შ. ასევე, ეს არის ლიდერის ვინაობა - დავით უსუფაშვილს შეუძლია დამატებითი რესურსები შესძინოს „რესპუბლიკურ პარტიას“. ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ „თავისუფალი დემოკრატებს“. ასევე, ბურჯანაძეს და „პატრიორტთა ალიანსს“. გვინდა თუ არა, საკმარისი მხარდაჭერა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. იმ კვლევებიდან გამომდინარე, რასაც მე ვიცნობ, შემიძლია გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველანაირი შანსი აქვს დაეუფლოს საკმაოდ დიდ წარმომადგენლობას.
რაც შეეხბა კოალიციაში დარჩენილ სუბიექტებს - გია ჟორჟოლიანი და კონსერვატიული პარტია. ეს სუბიექტები ჯერ-ჯერობით ჩუმად არიან. დამოუკიდებლად გასვლის შემთხვევაში მათი შანსი საკმაოდ დაბალია, შესაბამისად, გამორიცხავთ, რომ ეს სამი სუბიექტი შეუერთდეს პარტია „ქართულ ოცნებას“ როგორც წევრები?
- აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ამ პოლიტიკურ ორგანიზიებს მომავალი არ აქვთ. ან უნდა დაემშვიდობონ თავიანთ პარტიულ სუვერენიტეტს და შეერწყან „ოცნებას“, ან დარჩებიან პარლამენტს გარეთ. კონსერვატორებს აქვთ გარკვეული აქტივი, იგივე სოციალ-დემოკრატებს აქვთ ძალიან საინტერესო ადამიანური რესურსი, მაგალითად - ბექა ნაცვლიშვილი. და „ოცნება“ შეიძლება დაინტერესებული იყოს ამ რესურსის კოოპტაციით თავის რიგებში. ძალიან საინტერესო იქნება „ქართული ოცნების“ პირველი ათეულის ხილვა, ამ თვალსაზრისით.
ცობილია, რომ სიის პირველი ნომერი იქნება პრემიერ-მინისტრი...
- ბუნებრივია, რომ გიორგი კვირიკაშვილი უნდა იყოს პირველი და ბუნებრივია, რომ ალბათ მეორე უნდა იყოს დავით სერგეენკო, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ავაწყობდი სიას. არ ვიცი, ვინ იქნება მესამე, მაგრამ კარგია, რომ არ იქნება ბიძინა ივანიშვილი და ესეც აშკარად დადებითია. რაც შეეხება „მრეწველებს“, მათ ბედს ვხედავ კოალიციაში ნინო ბურჯანაძესთან, ან „პატრიოტთა ალიანსთან“.
ამ თვალსაზრისით შეიძლება დაემსხვრეთ ის კონსტრუქცია, რასაც ხუხაშვილი გვთავაზობს, რომ იდეოლოგიური ვექტორის მიხედვით მოხდეს პოლარიზაცია. ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო არჩევნები გველოდება. მთავარია, რომ ეს არ გადაიზარდოს დიდ სოციალურ დრამაში და დესტაბილიზაციის მცდელობაში, რადგან პოლარიზაცია სწორედ გარკვეულ დესტაბილიზაციას გულისხმობს.
როგორც წესი, პარტიების მთავარი გზავნილი არის საგარეო ორიენტაცია. ამ შემთხვევაში დაირღვევა ეს ტრადიცია და საერთოდ, რა უფრო მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის, იმ პრობლემების რეალურ მოგვარებაზე საუბარი, რომლებიც რეალურად აწუხებს, თუ აქცენტის გადატანა საგარეო ორიენტაციაზე?
- ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ამ შემთხვევაში მედიაც არის პასუხისმგებელი. არის რეალური პრობლემები, რაც აწუხებს მოსახლეობას და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ჯერ აწუხებთ შიდა პრობლემები და მერე საგარეო ორიენტაციები. თუ საგარეო ორიენტაციები კვლავ აღმოჩნდა დღის წესრიგში მთავარ კითხვად, მაშინ ეს გვიქმნის საფრთხეს.
იმიტომ, რომ ეს არის პოლარიზაცია, საზოგადოების დაყოფა და სამოქალაქო დაპირისპირების ინიცირება. რაც არ უნდა დავუშვათ. უნდა შეთანხმდნენ ერთიან დღის წესრიგზე და იმაზე, რაც აწუხებს ქვეყანას. ეს არის ეკონომიკა, სოციალური ყოფა, განათლება და ის საჭირბოროტო საკითხები, რაც აწუხებს ერს და ბერს. ღმერთმა ქნას, რომ საზოგადოების დაყოფა არ მოხდეს პროდასავლურ-პრორუსულ ძალებად და საგარეო ორიენტაცია არ იყოს ნაკარნახევი დღის წესრიგი.