ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვნენ. ისინი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შერიგებისკენ და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. სომხური და აზერბაიჯანული მხარეები კონფლიქტის გაღვივებაში ერთიმეორეს ადანაშაულებენ და მოწინააღმდეგის უკან უფრო დიდ მოთამაშეს და პოლიტიკურ მიზნებს ხედავენ.
აზერბაიჯანული მხარე ფიქრობს, რომ როდესაც მსოფლიო ატომური უსაფრთხოების საკითხებით არის დაკავებული, სომხეთმა ამ სიტუაციით სარგებლობა გადაწყვიტა და პრობლემის ლოკალურ გამწვავებას შეეცადა. სომხური მხარე კი, აზერბაიჯანის უკან თურქეთის ფაქტორს ხედავს, რომელიც რეგიონში სიტუაციის გამწვავებას ცდილობს.
ვინ დგას ყარაბაღის კონფლიქტის ხელახალი გაღვივების უკან, რამდენად რეალურია მონაწილე მხარეთა ურთიერთბრალდებები და როგორ შეიძლება რეგიონში სიტუაციის გამწვავებამ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იმოქმედოს?
For.ge სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის თანათავმჯდომარეს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.
ირაკლი მენაღარიშვილი: სომხური და აზერბაიჯანული მხარის ბრალდებები შესაძლებელია, საფუძველს მოკლებული არც არის, მაგრამ, ყარაბაღის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობამ, მიუხედავად იმისა, რომ აქტიური სამუშაოები ტარდება, მაინც ვერ მოახერხა კონფლიქტის მოგვარების საქმე მკვდარი წერტილიდან დაეძრა. დღეს ორივე მხრეს ისეთი რაოდენობის საბრძოლო ტექნიკაა დაგროვილი, რომ ვითარების გაუარესებაც არ არის გამორიცხული. კიდევ შესაძლებელია კონფლიქტის დამატებით ფაქტორებზეც საუბარი. ძირითადი კი არის ის, რომ კონფლიქტი და ღია ფრონტის ხაზი მოუწესრიგებელია, სადაც ორივე მხარე, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, დაპირისპირებული და დამიზნებული იარაღის პირობებში ცხოვრობს.
სომხური მხარე ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ფაქტორზე საუბრობს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე, დამოუკიდებლად ასეთ ფართომასშტაბიან ოპერაციას არ განახორციელებდა, დასამტკიცებლად კი თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადებას იშველიებს. რამდენად რეალურია ამ კონფლიქტში თურქეთის ინტერესები და ჩართულობა?
- ბატონმა ერდოღანმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და თურქეთის ბევრმა ხელმძღვანელმა პირმა მსგავსი განცხადება გააკეთეს. ეს ნიშნავს, რომ თურქეთი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს აზერბაიჯანს და მის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, მაგრამ საომარი მოქმედებების დასაწყებად ეს რამდენად წამყვანი პირობა შეიძლება იყოს, ეს მხოლოდ სპეკულაციებია. შეთანხმებული იყო თუ არა ეს პროცესი თურქეთის მხარესთან, მათი მხარდაჭერის საფუძველზე მიმდინარეობს თუ არა საბრძოლო მოქმედებები, ეს მხოლოდ მითქმა-მოთქმა შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, მტკიცება მაშინ შეიძლება, თუ ვინმეს უფრო სერიოზული არგუმენტი გააჩნია ამის დასამტკიცებლად, მაგრამ არ მგონია, დღეს ვინმეს ასეთი სახის არგუმენტი გააჩნდეს.
რა პროცესების გამოწვევა შეუძლია რეგიონში კონფლიქტის განახლებას?
- ყოველგვარი საომარი პროცესების გამოვლენა, ყველა სხვა გართულებას თავი რომ დავანებოთ და კონფლიქტი საზღვრებშიც რომ დარჩეს, უკვე დაძაბულობის ატმოსფეროს ქმნის და ნეგატიურად მოქმედებს, როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ, პოლიტიკურ და სხვა განზომილებით გარემოზე. ამიტომ იყო, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ვისაც მშვიდობა აინტერესებს, მათ შორის საქართველომაც, მხარეებს სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი გამოსავლის მოძებნისკენ მოუწოდეს. ნებისმიერი კონფლიქტი, სადაც არ უნდა იყოს ის, რეგიონს აზიანებს.
რამდენად შესაძლებელია, რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით, იგივე სამხედრო პოლიტიკა განახორციელოს, რასაც 2008 წელს საქართველოში ჰქონდა ადგილი, მით უმეტეს, რომ რუსეთს სამხედრო დასაყრდენი სომხეთში, გიუმრის ბაზის სახით გააჩნია?
- რუსეთის უკანასკნელ ნაბიჯებს თუ გადავხედავთ, ძნელი სათქმელია, სადამდე შეიძლება სიტუაცია მივიდეს. ეს მის ინტერესებს უნდა ეწინააღმდეგებოდეს. სომხეთი მისი მოკავშირეა, აზერბაიჯანთან ის წლების განმავლობაში ცდილობს ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას. ამ წუთას რუსეთს გააჩნია სირიის და უკრაინის პრობლემები, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იზოლაცია უმძიმეს ტვირთად აწევს მის ეკონომიკას და, წესით, საომარ მოქმედებებში ჩართვა მას არაფერში უნდა სჭირდებოდეს. გავიმეორებ, რუსეთის რეაქცია ადეკვატური არ არის ხოლმე, მაგრამ თუ თურქეთის ფაქტორი დაინახა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. გუშინ და დღეს ყარაბაღის კონფლიქტში რუსულმა კომენტატორებმა ღიად დასდეს თურქეთს ბრალი, ასე რომ, რუსეთი უახლოეს პერიოდში თურქეთის კვალს ყველგან დაინახავს.