მრავალტანჯულ ფოთის ინდუსტრიულ ზონის გახსნას არა და არ დაადგა საშველი. ამჯერად ყბადაღებული თიზ-ის გახსნა კიდევ ერთი თვით გადაიდო. უფრო სწორად გაურკვეველია, რამდენი ხანს არ ეღირსებათ ფოთელებს სანატრელი ზონა. ინფორმაციები კი ვრცელდება, თითქოსდა თიზ-ი ივლისში უნდა ამოქმედდეს, მაგრამ კონკრეტული თარიღი ჯერაც უცნობია. თანაც არავინ იცის, რომელი ივლისი იგულისხმება. ბოლოდროინდელი ტენპებიდან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ინდუსტრიული ზონა 2011 წლის ივლისამდე არც ამოქმედდეს.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოფიციალური გახსნა ივლისამდე გადაიდო. როგორც კომპანია “რაკ-ჯორჯიას” მარკეტინგის ხელმძღვანელმა გურამ მღებრიშვილმა განუცხადა, ინდუსტრიული ზონის გახსნის გადადება რიგი საორგანიზაციო საკითხების მოგვარების აუცილებლობამ განაპირობა.
“ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნას ივნისში ვგეგმავდით, მაგრამ გარკვეული საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების მოუგვარებლობის გამო ის ივლისამდე გადაიდო. კონკრეტული თარიღის დასახელება ჯერ არ შემიძლია”, - განაცხადა მღებრიშვილმა და არც კონკრეტული მიზეზები დაუსახელებია.
ამ საკითხისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი ქართველი ექსპერტები. როგორც ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაიამ აცხადებს, ფოთის თიზ-ის ოფიციალური გახსნა ინვესტორების არარსებობის გამო გადაიდო.
“ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინვესტიციების ჩადების საკითხში თავად ინვესტორები მერყეობენ. სწორედ ეს გახლავთ თიზ-ის გახსნის გადადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ინდუსტრიულ ზონაში შემოსვლას ცნობილი კომპანია სამხერთ კორეული “ელ-ჯი” გეგმავდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც მერყეობს”, - განაცხადა სააგენტო “პირველთან” საუბრაში ემზარ ჯგერენაიამ.
“ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის” ექსპერტის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნის თარიღი ჯერ კიდევ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე განისაზღვრა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო გეგმები შეიცვალა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თიზ-ის გახსნის გადადების ერთ-ერთი მიზეზი ინვესტორების სიმცირეა.
არადა, ათიოდე დღის წინათ მთავრობა დიდი ზარ–ზეიმით აცხადებდა, რომ ფოთის თიზ-ით უმსხვილესი მეფოლადეები დაინტერესდნენ. მათი ცნობით, თიზ-ში უმსხვილესი მწარმოებელი, უკრაინული “დონბასის კორპორაცია” შედის.
ასეთი ინფორმაცია უკრაინაში საქართველოს ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ გაავრცელა. ელჩის ცნობით, უკრაინული კორპორაცია ფოთში ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. სხვა თაშორის, დონბასის ტრანსნაციონალური კორპორაცია ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ფოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. იგი მსოფლიოში ფოლადის მწარმოებელ 30 წამყვან კომპანიას შორისაა.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე წესით და რიგით 400 ობიექტი უნდა ამუშავდეს. ზონის ოპერატორი “რაკ ჯორჯია ჰოლდინგი” ამ საწარმოების ხარჯზე 25 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. თუმცა, ამ დრომდე ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ერთადერთი საწარმო “თბილცემენტი” მუშაობს.
ფოთის თიზ-ი სათავეს 2008 წლიდან იღებს, როცა კომპანია “რაკ ალ ჰაიმათ ინვესტმენტსა” და სახელმწიფოს შორის კონცეფციური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ფოთის ნავსადგურსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 300 ჰა მიწის ფართობი 99-წლიანი სარგებლობით კომპანია “რაკ-ჯორჯიას” გადაეცა. ამ უკანასკნელმა აქ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა უნდა შექმნას, მაგრამ ვერაფრით ახერხებს.