[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
სააგენტომ Millward Brown Optimor (МВО), რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული ვირფასეს ბრენდებს ასახელებს, ახალი რეიტინგი გამოქვეყნა. მასში პირველად ისტორიაში პირველი ადგილი დაიკავა ამერიკულმა მაღალტექნოლოგიურმა კომპანია Apple-მ, რომელმაც Google-ის ოთხწლიანი ჰეგემონია დაამხო. გარდა ამისა, უდიდესი წინსვლა აჩვენა Facebook-მა, რომელმაც 35-ე ადგილზე გადაინაცვლა.
MBO აფასებს ბრენდებს და არა კომპანიების კაპიტალიზაციას, ან მათ შემოსავალს. რეიტინგი იქმნება სავაჭრო მარკის ღირებულების მიხედვით, რომელიც დამოკიდებულია ბრენდის მიერ კომპანიის შემოსავლის ზრდაში შეტანილ წვლილზე, აგრეთვე, მის პერპექტივაზე და პოტენციალზე.
Apple-ის აღმასვლის მთავარი მიზეზი iPad-ის გამოშვება, მისი სამოდელო რიგის განახლება და დიდი პოპულარობის მოპოვება გახლდათ. სწორედ ახალმა პროდუქტმა მოუტანა Apple-ს ღირებულების 84 პროცენტიანი ზრდა და 153,3 მილიარდ დოლარად შეფასება. ამავდროულად, კომპანიის მთლიანი კაპიტალიზაცია 321,4 მილიარდი დოლარია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეიტინგის ადრინდელი ლიდერი, თანაც, 4 წლის განმავლობაში უცვლელად, ბრენდი Google იყო. მაგრამ წელს Google-მა არა მარტო ლიდერობა, არამედ თავისი ღირებულების ნაწილიც დაკარგა. კერძოდ, იგი 2 პროცენტით შემცირდა და 111,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ხოლო კომპანიის მთლიანი კაპიტალიზაცია 172,8 მილიარდი დოლარი გახლავთ.
ანალიტიკოსთა აზრით, Google-ის დაღმასვლის მიზეზი ის არის, რომ მთელი 2010 წლის განმავლობაში კომპანია ინვესტიციებს ძირითადად გრძელვადიან პროექტებში ანხორციელებდა. გარდა ამისა, ბრენდის განვითარებაზე ძალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა Google-ის ჩინური ბაზრიდან წასვლამ. სამაგიეროდ, ამით იხეირა მისმა ჩინურმა კონკურენტმა Baidu-მ, რომლის ღირებულება 141 პროცენტით, 22,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ეს ბრენდი სენსაციურად აღზევდა 29-ე ადგილზე, არადა, შარშან 75-ე იყო.
რეიტინგში მესამე მაღალტექნოლოგიური სექტორის კიდევ ერთი ამერიკული წარმომადგენელი IBM გახლავთ, რომელიც შარშან მეორე იყო. მართალია, მისმა ღირებულებამ 17 პროცენტით, 100,8 მილიარდ დოლარამდე მოიმატა, მაგრამ პოზიციის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა ათეულში შევიდნენ: McDonald's (81 მილიარდი, +23 პროცენტი), Microsoft (78,2 მილიარდი, +2 პროცენტი), Coca-Cola (73,8 მილიარდი, +8 პროცენტი), AT&T (69,9 მილიარდი, ცვლილების გარეშე), Marlboro (67,5 მილიარდი, +18 პროცენტი), China Mobile (57,3 მილიარდი, +9 პროცენტი), General Electric (50,3 მილიარდი, +12 პროცენტი). აღსანიშნავია, რომ ერთადერთი არაამერიკული კომპანია, რომელიც ტოპ-ათეულში მოხვდა, China Mobile გახლავთ.
რეიტინგი ნათელი ილუსტრაციაა იმისა, თუ რომელი ბრენდებია სწრაფად მზარდი. ამ მხრივ სარეკორდო Facebook-ის მაჩვენებელია, რომლის ღირებულება 246 პროცენტით, 19,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და 35-ე პოზიციამდე აღზევდა.
რეიტინგის შემქმნელები აღნიშნავენ რეიტინგის პირველ ასეულში განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენელთა ზრდას. თუ 2006 წელს ამგვარი მხოლოდ ერთი ჩინური ბრენდი იყო, წელს უკვე 18 გახლავთ. აქედან 12 ჩინური ბრენდია. მთლიანობაში 100 უძვირფასესი ბრენდის ღირებულება 17 პროცენტით, 2,4 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.
რეიტინგის წევრთგან კი ყველაზე დიდი დაღმასვლა BP-იმ განიცადა, რომლის ღირებულებამ 27 პროცენტით, 12,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა და 34-დან 64-ე ადგილამდე დაეშვა. ამის მიზეზი მექსიკის ყურეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფა გახლდათ.