აზარტული და ექსტრავაგანტული მილიარდერი კერი პაკერი

აზარტული და ექსტრავაგანტული მილიარდერი კერი პაკერი

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

6 წლის წინ 68 წლის ასაკში ამ ქვეყნიდან წავიდა უმდიდრესი ავსტრალიელი, მედიამაგნატი კერი პაკერი, რომლის კაპიტალი ჟურნალ Forbes-ს 5 მილიარდ დოლარად ჰქონდა შეფასებული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პაკერმა სახელი იმდენად არა თავისი საქმიანობით და ქონებით გაითქვა, რამდენადაც საოცარი აზარტულობითა და მხიარული ხასიათით. სწორედ მას ეკუთვნის სარეკორდო წაგებები ამერიკულ ლას ვეგასსა და დიდ ბრიტანეთში. პაკერმა ერთგან 20 მილიონი დოლარი წააგო, მეორეგან კი 13 მილიონი ფუნტი სტერლინგი. მასვე ეკუთვნის ოფიციანტისათვის „ჩაის ფულის“ დატოვების რეკორდი - 250 ათასი ფუნტი სტერლინგი.

უტვინო შვილი

ლეგენდის მიხედვით, აზარტული თამაშებისადმი სიყვარული კერის ბაბუისაგან გადაედო, რომელმაც ერთხელ უკანასკნელი ათი შილინგით დოღზე გვარიანი თანხა მოიგო. ეს ფული მას ინგლისიდან ავსტრალიაში გადასაბარგებლად თავისუფლად ეყო, სადაც გამომცემლობაში მუშაობა დაიწყო. მის კვალს დაადგა შვილიც, კერის მამა სერ ფრენსის პაკერი, რომელმაც ჩაუყარა სწორედ საფუძველი მომავალ იმპერიას.

საგამომცემლო საქმის კარგად ათვისების შემდეგ ფრენსის პაკერმა 1933 წელს ქალთა ჟურნალის Women's Weekle გამოშვება დაიწყო. ამ ყოველკვირეულმა გამოცემამ გაამართლა და მისგან მიღებული შემოსავლით უფროსმა პარკერმა კიდევ რამდენიმე გაზეთი, მათ შორის Sydney's daily Telegraph დააარსა. იგი დღემდე შედის კომპანია Consolidated Press Holdings-ის შემადგენლობაში, რომლის მეშვეობითაც პაკერების ოჯახი ავსტრალიის ერთ-ერთ წამყვან მედია-კონცერნს Publishing & Broadcasting-ს აკონტროლებს. როგორც ამბობენ, სერ ფრენსისი საოცრად მშრომელი და მკაცრი კაცი იყო და კერი და მისი ძმა კლაიდი მამას მხოლოდ შაშინ ხედავდნენ, როცა რაიმეს დააშავებდნენ და ისიც გემრიელად მიასილაქებდა.

5 წლის კერი დახურულ სკოლა-ინტერნატში სასწავლებლად გაგზავნეს, მაგრამ 1 წლის შემდეგ პოლიომიელიტი აღმოუჩინეს და შემდეგი რამდენიმე წელი სხვადასხვა საავადმყოფოში გაატარა. ცხადია, სკოლაში დაბრუნებული კერი თანატოლებს გვარიანად ჩამორჩა. მან სკოლა 19 წლის ასაკში დაამთავრა და ამის შემდეგ სწავლა აღარც გაუგრძელებია.

ბიჭმა მამის ერთ-ერთ გაზეთში მუშაობა დაიწყო, მაგრამ სერ ფრენსისი შვილს უტვინოდ თვლიდა და სიცოცხლის ბოლომდე მისთვის სერიოზული საქმე არ ჩაუბარებია. უფროს პაკერს ვერც კლაიდი ახარებდა, რომელიც ბიზნესმენის თვისებებით ნამდვილად ვერ გამოირჩეოდა. მოკლედ, სერ ფრენსისის ორივე მემკვიდრე ახლოსაც ვერ მივიდოდა კიდევ ერთ ახალგაზრდა ავსტრალიელ რუპერტ მერდოკთან, რომელიც ადგილობრივ მედიაბაზარს იპყრობდა. აღსანიშნავია, რომ მათი მეტოქეობა ბოლო დრომდე გრძელდებოდა და თუ პარკერი მერდოკს მსოფლიო მასშტაბით ჩამორჩებოდა, ავსტრალიაში გვარიან კონკურენციას უწევდა. თანაც, საბოლოოდ კერიმ მერდოკზე არანაკლები ფული იშოვნა.

თუმცა, დავუბრუნდეთ 70-იანებს. მამის ამგვარი, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკური დამოკიდებულება კერის ბიზნესის მემკვიდრებას ნამდვილად არ უქადდა. მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სერ ფრენსისი კლაიდს მაგრად ეჩხუბა და ცხელ გულზე დაწერა ანდერძი, რომლის მიხედვითაც კომპანიის მთავარი წილი უმცროს შვილს დაუტოვა. პაკერი უფროსი 1974 წელს გარდაიცვალა და 37 წლის კერი კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მალე კლაიდმა მას თავისი წილიც მიჰყიდა და ამერიკაში გადაბარგდა, სადაც თავისი საქმე წამოიწყო. კერიმ კი, ყველასათვის მოულოდნელად საშური ფხა გამოჩინა და კომპანია, რომელიც იმ დროს 100 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, 90-იანების დასაწყისისათვის 5 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციის მქონე იმპერიად აქცია.

კრიკეტის ომი

Consolidated Press ხელმძღვანელის რანგში კერი პაკერმა პირველი დიდი გამარჯვება მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიკეტის ტურნირის ორგანიზატორებთან დაპირისპირებაში იზეიმა. სპორტის ეს სახეობა ავსტრალიაში ძალიან პოპულარულია და მისი ტრანსლაციის უფლება ნებისმიერი არხისათვის უგემრიელესი ლუკმა გახლავთ. 1976 წელს პარკერმა ავსტრალიაში ჩასატარებელი რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის თავის ახლადგახსნილ არხზე Channel Nine-ზე ჩვენების 500 მილიონ დოლარად შეძენა მოინდომა, მაგრამ უარი უთხრეს. მაშინ განრისხებულმა მაგნატმა მსოფლიოს 50 საუკეთესო მოთამაშესთან კონტრაქტები საიდუმლოდ გააფორმა და საკუთარი ტურნირის - World Series Cricket ჩატარება გადაწყვიტა.

მაგრამ ყველაფერი გაირკვა და სკანდალი აგორდა, რასაც პაკერთან კავშირში მყოფი მოთამაშეების ავსტრალიის ნაკრებიდან მოკვეთა მოჰყვა. ჰოდა, მწვანე კონტინენტის გუნდიც ყველა შეჯიბს აგებდა. ამან გულშემატკივართა უზარმაზარი არმიის აღშფოთება გამოიწვია და Australian Cricket Board არჩვანის წინაშე დადგა: ან პაკერისათვის ტრანსლაციის უფლება უნდა მიეყიდა, ან კიდევ საუკეთესო მოთამაშეების გარეშე მარცხი მარცხზე ეწვნია.

ეს მძიმე ბრძოლა 1979 წელს პაკერის გამარჯვებით დასრულდა და მისი კომპანია ტრანსლირების უფლებას დღემდე ფლობს. კრიკეტის მოედანზე პაკერის გამოსვლას რევოლუციური ცვლილებები მოჰყვა: სპორტსმენებმა პროფესიონალური სტატუსი, რომელიც იქამდე არ გააჩნდათ, ბოლოს და ბოლოს მიიღეს, რამაც კრიკეტის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, პაკერმა პოპულარულად აქცია ერთდღიანი შეჯიბრებები, შემოიღო მატჩების საღამოს, ხელოვნურ განათებაზე ჩატარება, რაც კრიკეტის საუკეთესო საეთერო დროს პირდაპირი ტრანსლირების საშუალებას იძლეოდა.

დიდი კომბინატორი

პარკერის მეგობრები და მოწინააღმდეგეები ერთნაირად აღნიშნავდნენ ბაზრის კონიუქტურის შეგრძნების მის საოცარ უნარს. იგი ყოველთვის უტყუარად ხვდებოდა, როდის უნდა გაეყიდა და როდის ეყიდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი 1987 წელს Channel Nine-ში შემავალი ორი არხის კიდევ ერთი ავსტრალიელი მედიამაგნატის ალან ბონდისათვის 1 მილიარდ დოლარად მიყიდვა გახლავთ. ერთი წლის შემდეგ ბონდი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და პაკერმა არხები 250 ათას მილიონ დოლარად უკან გამოისყიდა.

ძალიან საინტერესო გახლდათ 1989 წელს Consolidated Press-ის მიერ საინჟინრო კომპანია Australian National Industries (ANI) შეძენა, რომელიც ორი წლის შემდეგ პაკერმა ისევ გაყიდა და 180 მილიონიც იხეირა. თავად ANI-მ კი 400 მილიონი დოლარი იზარალა, რადგან «ერთობლივი ცხოვრებისას» პაკერმა მის ბალანსზე თავისი ერთ-ერთი წამგებიანი ფირმა გადაიყვანა.

გარდა ამისა, პაკერის კრიტიკოსები კიდევ ერთ ამბავს იხსენებენ: როცა 90-იანი წლების დასაწყისში ავსტრალიის მთავრობამ Sydney's Casino-ს მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, აზარტული თამაშების დიდმა მოტრფიალემ თავისი პროექტი წარმოადგინა. პოზიციების გასამყარებლად პაკერმა პარტნიორი, სათამაშო ინდუსტრიის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი კომპანია Circus Circus ლას ვეგასში იპოვნა. ეგზომ საპატიო და მძლავრი კავშირის დამყარების შემდეგ პაკერმა გამარჯვება ნაადრევად იზეიმა და გამოეპარა მეორე ლას ვეგასური კომპანია Snowboat-ის და ავსტრალიური სამშენებლო ფირმა Leighton Holding–ის ალიანსი, რომელმაც მოიგო კიდევ ტენდერი.

განრისხებულმა პაკერმა და მისმა შვილმა ჯეიმსმა ჯერ ჩინოვნიკებს დაურეკეს და გალანძღეს, შემდეგ კი Snowboat-ის სადისკრედიტაციო კამპანია წამოიწყეს. მაგნატმა იმდენი მოახერხა, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელობის მაფიასთან კავშირის დამადასტურებელი საბუთები მოიპოვა და იმ დროს ოპოზიციური, ლეიბორისტული პარტიის თავკაცთან ბობ კართან ერთად მოწინააღმდეგეს შეუტია. ამას ამერიკული სამართალდამცველთა დაინტერესება მოჰყვა, მაგრამ პაკერმა მათ არ აუწყა, თუ როგორ მოახერხა ამ საიდუმლო დოკუმენტების ხელში ჩაგდება. საბოლოოდ იგი კონკურენტებმა დოკუმენტების მოპარვაში დაადანაშაულეს და პაკერმაც მათ და Snowboat-ს სასამართლოში უჩივლა. მართალია, ორივე საქმე წააგო, მაგრამ თავისი მაინც გაიტანა: 1997 წელს სკანდალებით დაღლილმა ამერიკულმა კომპანიამ კაზინოს მშენებლობაზე უარი თქვა და საქმე პაკერს დარჩა. ამის შემდეგ მან თავის საყვარელ სათამაშო ბიზნესს ხელი სერიოზულად მოჰკიდა და ავსტრალიასა და აზიაში კაზინოების ქსელი გახსნა.

ერთადერთი შემთხვევა, როცა პაკერმა თავისი ვერ გაიტანა, ავსტრალიის ანტიმონოპოლიური უწყების მიერ მისთვის გამომცემლობა FairFax-ის შეძენაში ხელის შეშლა იყო. ეს გარიგება რომ განხორციელებულიყო, პაკერი, რომელიც თავის მედიაიმპერიას ახალი გამოცემებით და ტელეარხებით გამუდმებით მეთოდურად ზრდიდა, ადგილობრივი მედიაბაზრის 80 პროცენტს გააკონტროლებდა.

სიცოცხლით ტკბობა

თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში უმდიდრესმა ავსტრალიელმა (მერდოკი ამერიკის მოქალაქეა) ბიზნესი თანდათანობით შვილს გადასცა, თავად კი სიცოცხლით ტკბობას შეუდგა. თანაც ამას მთელი გატაცებით აკეთებდა. როგორც ამბობენ, წელიწადში 200-300 მილიონ დოლარს ხარჯავდა.

პაკერი ცხენებმა გაიტაცა და ჯიშიანი სადოღე ცხოველების შეძენას შეუდგა, რომლებიც მონაწილეობას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებში იღებდნენ. ცხადია, პატრონი მათ თან დაჰყვებოდა, გულმოდგინედ ქომაგობდა და დიდძალ თანხასაც აფსონებდა. გარდა ამისა, ერთობ სოლიდურ ასაკში პოლოს თავად მშვენივრად თამაშობდა.

კაზინოებსაც გამუდმებით სტუმრობდა. მის საარაკო წაგებებზე უკვე გესაუბრეთ, რაც შეეხება მაქსიმალურ მოგებას, 1995 წელს მან ლას ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში ბლექ ჯეკში 20 მილიონი დოლარი მოიგო. თვითმხილვევები ყვებიან, როგორ თამაშობდა იგი ერთდროულად 8 მაგიდაზე და 250 ათასიან ფსონებს აკეთებდა. ხოლო მოგებული ბავშვივით ხარობდა და თითოეულ კრუპიეს 5000-5000 დოლარი აჩუქა. ამგვარი ცხოვრებისათვის მას ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ პაკერი სამართლიანად აცხადებდა, რომ თავისი საქმის და ფულის თავად იცოდა. როცა მისი ვაჟი ფოტომოდელზე დაქორწინდა, პაკერმა დიდებული წვეულება გამართა და თვით ელტონ ჯონი მიიწვია, რომელსაც წუთში 10 ათასი დოლარი გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ თან სიკეთის თესვაც არ ავიწყდებოდა. ზემოთ ოფიციანტისათვის უზარმაზარი „ჩაის ფულის“ დატოვებაზე გესაუბრეთ. ბარში ყოფნისას მან შემთხვევით გაიგო, რომ იმ ოფიციანტს ბინის კრედიტის დასაფარავად 250 ათასი ფუნტი სტერლინგი სჭირდებოდა. როცა პაკერი ბარიდან გავიდა, ოფიციანტს მის მაგიდაზე დანახარჯი და სწორედ ამოდენა თანხაზე გამოწერილი ჩეკი დახვდა.

პაკერმა მშვენივრად იცოდა, რომ მალე წერილს წაიღებდა და ცდილობდა ამქვეყნიური სიამით რაც შეიძლება მეტად ტამტკბარიყო. მას ხომ გული ხშირად ღალატობდა, ორჯერ ინფარქტიც ჰქონდა, გადანერგილი თირკმელით ცხოვრობდა და კიბოც ღრღნიდა. ჰოდა, რომ მოკვდა, დიდი ბიზნესმენისა და უცნაური, ექსტრავაგანტული კაცის მოგონებები დატოვა.