[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
რა სჯობია კარიბის ზღვისა და ატლანტიკის ოკეანის გასაყარზე მდებარე ულამაზეს კუნძულზე საკუთრების ქონას, სადაც მთელი წლის განმავლობაში დიდებული ამინდებით, პლაჟით და ზღვით დატკბებით. მით უმეტეს, თუ თქვენი საკუთრება ერთობ პრესპექტიული იქნება და გვარიან მოგებასაც მოგიტანთ.
მზარდი ობშორი
ბარბადოსი პატარა, 430 კვადრატული კილომეტრის ფართობის კუნძულზე მდებარეობს, რომელიც სულ რაღაც 300 ათასამდე ადამიანითაა დასახლებული. კუნძულის სანაპირო ზოლი 97 კმ სიგრძის წარმტაცი სანაპირო გახლავთ. ქვეყანა ბრიტანეთის თანამეგობრობის დამოუკიდებელი წევრია, რაც, გარდა იმისა, რომ ფორმალური მმართველი გაერთიანებული სამეფოს დედოფალია, უმაღლეს დონეზე განვითარებული საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის არსებობას ნიშნავს.
ბარბადოსი ობშორული ზონა გახლავთ და საკურორტო ბიზნესთან ერთად სწორედ ეს არის ქვეყნის შემოსავლის წყარო. ბარბადოსზე შექმნილია სტაბილური, ბიზნესის წარმოებისათვის დიდებული პირობები გონივრულად დივერსიფიცირებული, სუპერპროფესიონალური ფინანსური სექტორით. უმაღლეს დონეზეა განვითარებული სატელეკომუნიკაციო სფერო, საგადასახადო და, ზოგადად, კანონმდებლობა ლიბერალური და მოქნილია, როგორც ეს ობშორს შეესაბამება, რაც ბიზნესის წარმოებისათვის შესანიშნავ პირობებს ქმნის.
თავისთავად ცხადია, ყვავის ტურისტული ბიზნესი. ბარბადოსზე დასვენება ხომ ზეპრესტიჟულად ითვლება. ამასთან, კუნძული ძალზე მიმზიდველია წყალქვეშ ცურვისა და თევზაობის მოყვარულთათვის.
ამიტომაც არის, რომ ქვეყნის ეკონომიკა სულ უფრო ვითარდება და, შესაბამისად, უძრავი ქონები ფასიც გამუდმებით მატულობს. მიუხედავად ამისა, ბარბადოსული ქონების შეძენის მსურველთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ბოლო დროს, ბარბადოსზე უძრავი ქონება წელიწადში საშუალოდ 7-9 პროცენტით ძვირდება და, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ აქაური კაპიტალი ერთობ პოპულარულია მსოფლიოს შოუ-ბიზნესის და სპორტის ცნობილ წარმომადგენელთა შორის.
ძვირი და სასიამოვნო
ბარბადოსზე საცხოვრებელი ფართი და მიწა შუეზღუდავად იყიდება. უცხოელისათვის საკმარისია ქვეყნის ცენტრალური ბანკის ნებართვის აღება, რაც ფორმალური პროცედურაა და მისი არსი ანგარიშსწორებისას სწორედ ამ ბანკის მომსახურების გამოყენებაში მდგომარეობს. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ ბარბადოსზე დიდი დროს გატარება გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ სამუშაო უნდა იშოვნოთ, ან საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ, რადგან უცხოელს ქვეყანაში ცხოვრების უფლება მაშინ ეძლევა, თუ მის განვითარებაში წვლილი შეაქვს.
კაპიტალდაბანდებისას ამავე, ცენტრალური ბანკის საშუალებით, სახელმწიფოს ხაზინისათვის შეძენილი ქონების ღირებულების 10 პროცენტის გადახდა მოგიწევთ. გარდა ამისა, საშუამავლო და იურიდიულ ფირმებს კიდევ 2-2 პროცენტი უნდა გადაუხადოთ. რაც შეეხება ყოველწლიურ ბეგარას, იგი საკუთრების 3-5 პროცენტს, დაზღვევა კი 0,4-0,9 პროცენტს შეადგენს. აქვე უნდა ითქვას, რომ საკუთრების საბაზრო ღირებულების შემდგომი გაზრდისა და მისი სარფიანად გაყიდვის, ასევე, მემკვიდრეობით გადაცემის, ან გაჩუქების შემთხვევაში არ დაიბეგრებით. ხოლო თქვენი საკუთრების იჯარით გაცემის შემთხვევაში, რასაც საკმაოდ სარფიანად მოახერხებთ, შემოსავლის 10-12 პროცენტს გადაიხდით.
რაც შეეხება ბარბადოსული უძრავი ქონების ფასს, იგი იაფი ნამდვილად არ არის. მარტივად რომ ვთქვათ, თბილისურზე საკმაოდ ძვირია. მაგრამ ერთია გქონდეს მშვენიერი ვილა კარიბის ზღვის პლაჟზე და მეორე, სახლი, ვთქვათ, საირმის გორაზე.
თავისთავად ცხადია, ბარბადოსზე მხოლოდ ზღვისპირას მდებარე ვილებით, ან მიწის ნაკვეთებით დაინტერესდებით, ძნელი წარმოსადგენია, კურძულის ცენტრში გსურდეთ საკუთრების შეძენა. განსაკუთრებით პოპულარული და ძვირი კუნძულის სამხრეთ და დასავლეთ სანაპირო გახლავთ. მასთან შედარებით აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი დაახლოებით 20-30 პროცენტით იაფია, მაგრამ ეს მხარე ამჟამად ვითარდება, ერთობ პერსპექტიულად ითვლება და მალე არანაკლებ პრესტიჟული გახდება.
ამ მშვენიერ კუნძულზე სრულიად კეთილმოწყობილი, მშვენიერი ვილას ფასი 500-700 ათასი დოლარიდან იწყება. თუმცა, თუ ბევრი ფული გაქვთ, მაშინ 10 მილიონად და კიდევ მეტად ღირებულ ზეპრესტიჟულ ვილას შემოგთავაზებენ. ისეთს, თქვენს მეზობლად რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი იჭყუმპალავებს. ქალაქის ტიპის დასახლებებში, მაგალითად, დედაქალაქ ბრიჯთაუნში შესაძლებელია
ზღვასთან ახლოს მდებარე შენობებში საცხოვრებელი ფართის 1 კვადრატული მეტრის 4-დან 6 ათას დოლარის ფარგლებში შეძენა.
რაც შეეხება მშენებლობისათვის ვარგის მიწის ნაკვეთს, 1 კვადრატულ მეტრს 3-5 ათასი დოლარის ფარგლებში შეიძენთ. ცხადია, ეს ძალიან ძვირია, მაგრამ თუ სამშენებლო ბიზნესს წამოიწყებთ, პერსპექტივის და სამშენებლო მასალებისა და მუშახელის არცთუ სიძვირის გათვალისწინებით, კარგ მოგებას ნახავთ. აქვე უნდა ითქვას, რომ ბარბადოსზე 50-მდე ობშორული ბანკი მოქმედებს, რომლებიც შეძენილი ქონების გარანტიით, მისი ღირებულების 70-80 პროცენტის ოდენობის კრედიტს 15-20 წლით, წლიური 12-16 პროცენტით სიამოვნებით მოგართმევენ.
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, ამ მშვენიერ კუნძულზე კაპიტალდაბანდება ისევე მომგებიანია, როგორიც სასიამოვნო.