გაზზე მომუშავე მანქანებს წელს აღარ შეამოწმებენ

გაზზე მომუშავე მანქანებს წელს აღარ შეამოწმებენ

გაზზე მომუშავე ავტომბილების შემოწმება ნაარჩევნებს დაიწყება. ყველა სახის სატრანსპორტო კონტროლი 2017 წლიდან დაწესდება. მანამდე მძღოლებს შესაძლებლობა ეძლევათ თადარიგი დაიჭირონ და საკუთარ მანქანებში უწესრიგობა აღმოფხვრან.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაზის მოწყობილობების განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შევიდა. აირბალონიანი ავტომობილების ინსპექტირება პირველ იანვრამდე გადაიდო.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეგლამენტში შევიდა დამატებითი ცვლილება, მათ შორის, მოთხოვნა გამკაცრდა შემდგომში ინსპექტირების განმახორციელებლი ორგანოების მიმართ.

„ჩვენ ისინი დავავალდებულეთ, რომ ჰქონდეთ გარკვეული მოწყობილობა-დანადგარები, ასევე გამკაცრდა მიდგომა სხვა შენობებიდან დაშორებასთან დაკავშირებით იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევბი. 300 ათას ავტომობილს ეხება ეს ყველაფერი.

ჩვენი ანალიზით, კერძო სექტორმა არ მოახდინა სერვის ცენტრების აღჭურვა იმისათვის, რომ სწორად გაეკეთებინათ მათ ინსპექტირება. რომ არ გამოგვეწვია, ერთი მხრივ, ჩვენი მოსახლეობის სამართლიანი უკმაყოფილება და მეორე მხრივ, არ არის მომზადებული ინსფრასტრუქტურა, მივიღეთ გადაწყვეტილება, 2017 წლის 1-ლი იანვრისთვის გადავადების შესახებ. ამ დრომდე აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სერტიფიცირებული ინსპექტორი ან შესაბამისი ინსტიტუტი გვქონდეს, რომ დავიწყოთ აირბალონიანი მანქანების ინსპექტირება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

სატრანსპორტო დარგის სპეციალისტებისთვის მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. რამდენადაც ავტომობილების ყველა რეგულაცია მომავალ წლამდე გადაიდო, გამონაკლისი არც გაზზე მომუშავე მანქანები უნდა ყოფილიყო.

„ველოდი კიდეც, რომ ამ პროცესს არჩევნებს არ დაამთხვევდნენ. ცხადია, მთავრობის მხრიდან ეს იქნებოდა არაპოპულარული ნაბიჯი, რომელიც დარტყმას მიაყენებს და ამიტომაც გადაავადეს.

როგორც კი კონტროლი დაიწყება, იმავე დღესვე უნდა აკრძალონ ყვითელი მიკროავტობუსების ქალაქში გადაადგილება, რადგან მათი აირბალონები კუსტარულადაა გაკეთებული და დიდ საფრთხეს შეიცავს. კონტროლის შემთხვევაში, მძღოლები მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ და უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა“, - განმარტავს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

აირბალონების და აირბალონიანი სისტემის ტექნიკური შემოწმება უნდა განხორციელდეს შემდეგი პერიოდულობით: ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 3 წელიწადში ერთხელ; ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 5 წელიწადში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, მისი შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ. სავალდებულო ხდება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმებაც, რაც ასევე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.

ზუსტი სტატისტიკა, აირბალონით აღჭურვილი რამდენი ავტომობილი მოძრაობს საქართველოში, უცნობია. არაოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანების რიცხვი 250-300 ათასია.