ონლაინ გამსესხებლებს აპრილიდან დაარეგულირებენ

ონლაინ გამსესხებლებს აპრილიდან დაარეგულირებენ

ონლაინ კრედიტების გამცემ ორგანიზაციებს შეზღუდავენ და სპეციალურ რეგულაციას დაუწესებენ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ეს გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგან მოსახლეობას რაც ბანკებმა და მევახშეებმა დააკლეს, სწორედ ონლაინ გამსესხებლებმა დაუმატეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თვლის, რომ ონლაინ სესხების მიმართულებით რეგულაცია უნდა არსებობდეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი მონაცემებით ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

„ალბათ, უახლოეს მომავალში ვნახავთ ამ რეგულაციებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სესხებზე, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ეროვნული ბანკის პრეროგატივა და ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს ეს. მათი ხედვა ემთხვევა ჩემს ხედვას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ონლაინ კრედიტების ბუმი საქართველში დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო და ახლა ამ საქმიანობით უამრავი წვრილი თუ საშუალო კომპანიაა დაკავებული. თუმცა 90%-ის უკან კომერციული ბანკები დგანან. ბანკები თავიანთ შედარებით იაფ ფულად რესურსს ამ ტიპის ორგანიზაციებს აძლევენ და ისინიც მომხმარებელს სწრაფ, მაგრამ უძვირეს სესხს სთავაზობენ.

ბოლო პერიოდში ონლაინ სესხების მკაცრი რეგულაციის ჩარჩოებში მოქცევის მოთხოვნით გამოირჩევა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, რომელმაც ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების კონტროლის მოწოდებით, კამპანიაც დაიწყო. ასოციაციის პოზიციით, ონლაინ ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსი, ფორმები და მასშტაბები, შესაძლოა, სოციალური აფეთქების წინაპირობა გახდეს.

აფბა-ში მიიჩნევენ, რომ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის მასშტაბურობას განაპირობებს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, მომხმარებლის ცნობიერების დაბალი დონე და თავად ამ კომპანიების აგრესიული მარკეტინგული კამპანია.

„რეალურად, ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების საკრედიტო პროდუქტი უძვირესია და, ხშირ შემთხვევაში, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1000%–ს აღწევს. გარდა ამისა, არაადეკვატურად მაღალია საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში არსებული საურავები და სხვა სანქციები.

კიდევ ერთი პრობლემაა ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების ურთიერთობის ფორმაა პრობლემურ კლიენტებთან, ამ ტიპის კლიენტების მიმართ, უმრავლეს შემთხვევაში, ხორციელდება შანტაჟის ნიშნების შემცველი მუქარა, ასევე, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემის ფაქტები და, ზოგადად, მოქალაქეთა პატივის და ღირსების შემლახავი ფორმები“, – აცხადებენ აფბაში.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მომდევნო თვეში გაიმართება. მისი განმარტებით, აქცენტი მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების ორგანიზაციების რეგულირებისა და ანგარიშგების ფორმებზე გაკეთდება.

„ალბათ, ამ ცვლილების დაკანონება ადრეც შეიძლებოდა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა რომ დავიწყეთ, კონტაქტები მსოფლიო ბანკთანაც გვქონდა, რომ ისინი ამ საკითხის სწორად ჩამოყალიბებაში დაგვხმარებოდნენ. ასევე ეროვნული ბანკის მოსაზრებებსაც ვითვალისწინებთ. იცით, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულირების ქვეშ ისედაც არიან. ისინი შესაბამის ინფორმაციებს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგენენ, თუმცა რეგულაცია სრულყოფილი უნდა იყოს“, - აცხადებს ნოდარ ებანოიძე.